საქართველო: ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება ბ-ნ გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.
ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.
ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ „უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად.
ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
„შპიგელი“ - ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
ჩინეთში კანცლერი ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. როგორც ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია.
„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა.
„ვუთხარი პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა განახორციელოს გავლენა რუსეთზე“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.
ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტს კარგი და სწორი გადაწყვეტილება უწოდა. „კარგია და სწორია, რომ დღეს მე ვარ აქ, პეკინში“, – აღნიშნა შოლცმა.
ამასთან, როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული კრიზისისას მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ ევროპაში ომი დააბრუნა. კრიზისის დროს, მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მანდ.
ჩინეთში ვიზიტისას, ოლაფ შოლცმა უმცირესობების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია.
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე ოსმან თურანი წევრებთან ერთად ეწვია
USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით საქართველოში
4 ნოემბერს, 2022, 10:15 საათზე, სასტუმრო პულმან თბილისში - USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და Visa-მ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ახალი პარტნიორობის დაწყების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათი საქმიანობის გაციფრულებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეებისთვის ციფრული შესაძლებლობების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობას.
თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და Visa შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ფინანსური წიგნიერების მიმართულებით ცობადობის გაზრდაზე განსაკუთრებული აქცენტით მიკრო და მცირე მეწარმეებზე ასევე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე.
„მოხარულნი ვართ, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის თანამშრომლობის დაწყებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას. Visa-ს აქვს გლობალური და მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის გაციფრულების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიმართულებით და ეს ყოველივე ასევე წარმოადგენს USAID - ის მთავარ ღირებულებებს. აღნიშნული პარტნიორობა, ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გონივრული ციფრული გადაწყვეტილებები განვითარების მიზნების მისაღწევად და ჰქონდეთ კავშირი საერთშორისო ბაზართან.“ - აღნიშნავს მარკ მაკკორდი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.
“მოხარული ვარ, რომ დღეს, Visa-სა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის თანამშრომლობა, ახალ საფეხურზე გადაგვყავს, იმისთვის რომ საქართველოს ციფრული მომავლისკენ სვლა უზრუნველვყოთ. როგორც Visa-ს, ასევე USAID-ის პროგრამის გამოცდილება საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულებას. Visa, წლების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა მთელ მსოფლიოში, უკონტაქტო შეღწევადობის კუთხით, ქვეყნის წინსვლას შეუწყოს ხელი. ისეთი ძლიერი მრავალკულტურული ორგანიზაციები, როგორებიცაა Visa და USAID, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების გაერთიანებისა და პროგრესის საქმეში. შესაბამისად, მე გულწრფელად მჯერა, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ჩვენი თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ღირებულებას შემატებს თქვენს ლამაზ ქვეყანას - საქართველოს,” განაცხადა, სალვადორ პერეზ-გალინდომ, უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და Visa-ს მთავრობის ჩართულობის ხელმძღვანელმა CEMEA-ში.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან საქართველოში და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. მემორანდუმი ოთხ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ მეწარმექალთაეკონომიკურიგაძლიერება, მცირედასაშუალობიზნესისგანვითარებადადიგიტალიზაციის, ფინტექებისადაელექტრონულკომერციის ხელშეწყობა და გვჯერა, რომ USAID-ის პროგრამასთან ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ.“ -აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ელექტორნული კომერციის გაფართოებას, ფინანსურ ინკლუზიას და ტრანზაქციებს, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონალურ ჰაბად, ასევე ინვესტიციებისთვის უსაფრთხო ადგილად.
აშშ-ს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/EconSecProgram
Visa-ს შესახებ:
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
„აშშ ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას“ – ჩინეთის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“
ჩინეთის ახალი ელჩი ჭოუ ციენი საქართველოში სულ რამდენიმე თვეა ჩამოვიდა. როგორც ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, დღეს მსოფლიო ისევ ისტორიის გზაჯვარედინზე დგას და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის ხალხთა არჩევანზეა დამოკიდებული. როგორია ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა; რა პრეტენზიებს უყენებს ჩინეთი აშშ-ს და როგორ შეიძლება დარეგულირდეს ვითარება; ვინ აწყობს პროვოკაციებს; როგორია ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომზე; „შუა დერეფანი“ და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა, ამ და სხვა საკითხებზე ელჩი “მედიაცენტრ მთავარს” ესაუბრა.
„მედიაცენტრი მთავარი“: ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა. რა საკითხები იქნა განხილული და რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან?
ჭოუ ციენი: 16-22 ოქტომბერს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) მე-20 ყრილობა ჩატარდა. ეს ყრილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი საკვანძო მომენტს ემთხვევა. ჩინეთის კომუნისტური პარტია მთელ ერს თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს შენებისა და „ასწლეულის მეორე მიზნის“ შესრულების ახალ გზაზე უნდა გაუძღვეს. ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა, მე-19 ცენტრალური კომიტეტის სახელით, ყრილობის დელეგატებს საანგარიშო მოხსენება წარუდგინა, რომელშიც სრულყოფილად იქნა შეჯამებული ბოლო ხუთი წლის საქმიანობა; სისტემატიზებულად იქნა განხილული პარტიისა და მისი ბირთვის – სი ძინფინგის ხელმძღვანელობით ახალ ეპოქაში პარტიის, მთელი ქვეყნისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის მიერ ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის განვითარებაში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და გამოცდილება;
სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული საგარეო და საშინაო მდგომარეობა; სრულად იქნა გააზრებული ახალი საჭიროებები და ხალხის მოლოდინები ახალ ეპოქაში პარტიისა და ეროვნული საქმის განვითარებისთვის; განისაზღვრა სამოქმედო გეგმა და ძირითადი პოლიტიკური კურსი; ზოგადი სტრატეგიული ვითარებიდან გამომდინარე მომზადდა პარტიასა და ეროვნულ საქმესთან დაკავშირებული გეგმები.
23 ოქტომბერს, ჩკპ-ის მე-20 ცენტრალური კომიტეტის 1-ელ პლენუმზე სი ძინფინგი არჩეულ იქნა ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. ამასთან, ახალი ვადით არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს, მუდმივმოქმედი პოლიტბიუროს და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წევრები. ამ მომენტიდან ჩკპ-ის მთავარი ამოცანაა, მთელ ერს თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ და ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ერის დიადი აღორძინება“.
დღეს მსოფლიო ისევ ისტორიის გზაჯვარედინზე დგას და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის ხალხთა არჩევანზეა დამოკიდებული. ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, ურთიერთსასარგებლო და ღია სტრატეგიის მხარდაჭერას, მსოფლიოში მშვიდობის დაცვას, საერთო განვითარების მიზნით საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობას, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას.
იგი მსოფლიოს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოს გაუზიარებს ჩინური სტილის მოდერნიზაციის გამოცდილებასა და განვითარების შესაძლებლობებს. ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს „სარტყლისა და გზის“ პროექტის განხორციელებას, სხვა ქვეყნებთან ერთად სისრულეში მოიყვანს ჩინური მხარის მიერ წამოყენებულ „გლობალური განვითარების ინიციატივას“ და „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას“, სხვებთან ერთად გაავრცელებს კაცობრიობის საერთო ღირებულებებს: მშვიდობას, განვითარებას, მიუკერძოებლობას, სამართლიანობას, დემოკრატიას, თავისუფლებას.
მე-20 ყრილობა არა მარტო ჩინეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩინეთი მზადაა, სხვა ქვეყნებთან და მათ შორის, საქართველოსთან ერთად ყველაფერი გააკეთოს მშვიდობიანი განვითარებისთვის, ერთობისა და პროგრესისთვის პასუხისმგებლობა იკისროს, გლობალური მმართველობისთვის სიბრძნე არ დაიშუროს, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას ხელი შეუწყოს, რათა კაცობრიობა უკეთეს მომავალს შეეგებოს.
„მედიაცენტრი მთავარი“: ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით თქვენ განცხადება გააკეთეთ და აღნიშნეთ, რომ ეს ვიზიტი დაძაბულობას კიდევ უფრო სახიფათოს გახდის, რომ ჩინეთი „ერთი პრინციპის“ დამახინჯებას არ შეეგუება, რომ ეს ვიზიტი უპასუხისმგებლო და საშიში ქმედებაა… მივუბრუნდეთ ამ თემას და რა ხდება დღეს?
ჭოუ ციენი: აგვისტოში ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ოფიციალურ რანგში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, რითაც აშკარად დაირღვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და აშშ-ის მიერ დადებული პირობა, რომ „ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“, სერიოზულად დაირღვა ჩინეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჩინურმა მხარემ მასშტაბური სამხედრო წვრთნებით, სანქციებითა და სხვა აუცილებელი ზომებით უპასუხა.
ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აშშ ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას, მხარს უჭერს ტაივანის სეპარატისტულ ძალებს თანდათანობით ტაივანის დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში, „სალიამის ტაქტიკით“ ცდილობს „ერთი ჩინეთის“ პრინციპის დამახინჯებასა და დაზიანებას. პელოსის ტაივანში ვიზიტიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ტაივანის სრუტეში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. რადგანაც შეერთებული შტატები არა თუ არ გაჩერებულა, პირიქით, განზრახ ცდილობს სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრებას.
მხოლოდ აგვისტოს თვეში, პელოსის ვიზიტის შემდეგ, აშშ-მა სენატორების თუ გუბერნატორების დონეზე კიდევ რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია მიავლინა ტაივანში. შეერთებული შტატების მხარემ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდებს გაგზავნის ტაივანის სრუტეში. სექტემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მიიღო „2022 წლის ტაივანის პოლიტიკის აქტი“, რომელიც სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის პრინციპს“. ვინ აწყობს პროვოკაციებს და ცდილობს სტატუს-კვოს შეცვლას, ისედაც სრულიად ნათელია.
ტაივანის საკითხი არსებითად ჩინეთის შიდა საქმეა. ეს არის პრინციპული საკითხი, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტსა და გაერთიანებას ეხება. გენერალურმა მდივანმა სი ძინფიგნმა პარტიის მე-20 ყრილობის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნა, რომ ტაივანის სეპარატისტული ძალების ქმედებების და ტაივანის საკითხში გარე ძალების მხრიდან ჩარევისა და სერიოზული პროვოკაციების ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვებრძვით სეპარატიზმსა და შინაურ საქმეებში ჩარევას, ჩვენ ვაჩვენეთ მტკიცე გადაწყვეტილება და დიდი უნარი, რომ დავიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ დავუშვებთ „ტაივანის დამოუკიდებლობას“.
ჩინეთის კომუნისტური პარტია ახალ ეპოქაში ტაივანის საკითხის გადაწყვეტის საერთო სტრატეგიის შესაბამისად სამშობლოს მშვიდობიანი გაერთიანების დიად საქმეში პროგრესს მიაღწევს. ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და მას მხოლოდ ჩინელი ხალხი გადაწყვეტს. ჩვენ გავაგრძელებთ სრუტეში ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას, აღვკვეთთ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრე სეპარატისტულ ქმედებებს და გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობებს, სრუტის ორ მხარეს შორის ურთიერთობებში ინიციატივას ხელში ავიღებთ.
„მედიაცენტრი მთავარი:“ უკრაინის თემაზე გადავიდეთ, უკრაინულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა პოზიცია და უკმაყოფილება, რომ ჩინეთის მხრიდან ვერ იგრძნობა მხარდაჭერა… როგორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში? უკრაინის კრიზისმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა. როგორია ჩინეთის ხედვა საერთაშორისო უსაფრთხოების რეალობაში მომხდარ ცვლილებებზე?
ჭოუ ციენი: უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა.
აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად ჩინური მხარე ამ „ოთხი აუცილებლობის“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის მხარს უჭერს შერიგებასა და მოლაპარაკებებს. იგი გულგრილი მოწმის როლში არასდროს არ დგას, მაგრამ არც ცეცხლზე ნავთს არ ასხამს და მით უმეტეს, შექმნილი სიტუაციით პირადი სარგებლის ნახვას არ ცდილობს.
დღეისათვის ჩინეთს უკრაინაში გაგზავნილი აქვს ჰუმანიტარული დახმარების სამი პარტია. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ქმედებას. 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ნიუ-იორკში შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ოცდაათწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პოზიტიური შედეგები და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა ყველა ქვეყნის საერთო მიზანია და აუცილებელია, რომ უკრაინის კრიზისის საკითხი, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მოლაპარაკების გზით მოგვარების ორბიტაზე.
დღეს ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას, ძალისმიერ პოლიტიკას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აპრილში გამართულ აზიის პოაოს ყოველწლიურ ფორუმზე „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ წამოაყენა, რითაც გარკვევით უპასუხა ისეთ ეპოქალურ საკითხებს, თუ „რა სახის უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს და როგორ მიაღწევენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოებას“. ამ ინიციატივით ჩინეთმა მსოფლიოში მშვიდობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარი სიბრძნე და ხედვა აჩვენა.
ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დღევანდელ პირობებში, „აბსოლუტური უსაფრთხოება“ და „ერთპიროვნული უსაფრთხოება“ ვერ განხორციელდება. ჩვენ უნდა ვაჯობოთ ცივი ომის მენტალიტეტს – რომ ერთის გასამარჯვებლად მეორე უნდა დამარცხდეს, უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ქვეყნის უსაფრთხოება, დაპირისპირება უნდა ჩავანაცვლოთ დიალოგით, მუქარა – მოლაპარაკებით, ალიანსი – პარტნიორობით, ნულოვანი ჯამი – საერთო სარგებლით. უნდა დავიცვათ ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი, დავუპირისპირდეთ ცალმხრივ სანქციებსა და „ექსტერიტორიულ იურისდიქციას“.
უნდა გავატაროთ უსაფრთხოების ხელშეუხებლობის პრინციპი და ხელი შევუწყოთ დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას. „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ შეესაბამება გაეროს წესდების მიზნებს. იგი ეფუძნება ახალი ჩინეთის დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკასა და პრაქტიკას. იგი სათავეს იღებს ჩინური სპეციფიკის დიპლომატიური ტრადიციებიდან და სიბრძნიდან.
ისტორიულად, იმპერიალიზმმა და ჰეგემონიზმმა გამოიწვია გლობალური ომები, რამაც კატასტროფული შედეგები მოუტანა კაცობრიობას და ამასთან, იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ გაეფართოებინათ და შეენარჩუნებინათ ჰეგემონია. იმედია, რომ 21-ე საუკუნეში კაცობრიობამ შეძლო ჭკუის სწავლა. ჩინეთის დიპლომატია ყოველთვის მხარში ედგა განვითარებად ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ქვეყნებთან და ხალხებთან ერთად ძალისხმევა არ დავიშუროთ მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების მტკიცედ დასაცავად.
„მედიაცენტრი მთავარი:“ საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს. ჩინური კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თქვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით?
ჭოუ ციენი: ჩინეთის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ქართულ მხარესთან „შუა დერეფნის“ განვითარებას. განსაკუთრებით კი, ტრადიციული სატრანსპორტო შესაძლებლობების ნაკლებობის ფონზე, „შუა დერეფნის“ განვითარებას შეუძლია რეგიონული გადაზიდვები ეფექტურად გააუმჯობესოს და აზია-ევროპის საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილიზაცია და ოპტიმიზაცია მოახდინოს.
ამის გამო, მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩინური კომპანიები საქართველოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია E60 ავტომაგისტრალის და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები. ბევრი სამშენებლო პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დროს, გაუმჯობესდება საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები, გაძლიერდება მისი, როგორც სატრანსპორტო „ჰაბის“ როლი, უფრო ძლიერი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა ექნება „შუა დერეფნის“ განვითარებას.
ამასთანავე, სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია შემოდის ქართულ ბაზარზე და აქტიურად ინტერესებდა „შუა დერეფნის“ მშენებლობით. ჩინეთს ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს მსოფლიოში. ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთში აშენდა 130 000 კმ ავტობანი, 30 000 კმ ჩქაროსნული რკინიგზა და ურთულესი კონსტრუქციის ხიდები ხეობებსა და ზღვაზე. ჩინეთი მზადაა გააძლიეროს კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოსთან, რათა ორი ქვეყნის ბაზრებს შორის გაძლიერდეს თანამშრომლობა, განვითარდეს „შუა დერეფანი“, გაუმჯობესდეს რეგიონული გადაზიდვების ეფექტურობა, მაღალ დონეზე განხორციელდეს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა, ძლიერი სტიმული მიეცეს ორ ქვეყანასა და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„მედიაცენტრი მთავარი:“ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანაა. ეს მეგობრობა და დიპლომატიური კავშირები 30 წელს ითვლის. როგორია თქვენი, როგორც ახალი ელჩის ხედვები და სამომავლო გეგმები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით?
ჭოუ ციენი: 1992 წლის 9 ივნისს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მას შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს კარგი მეგობრობა და სანდო პარტნიორობა აკავშირებს. ჩვენი ქვეყნები პატივს სცემენ ერთმანეთს, ერთმანეთს ეხმარებიან და თანამშრომლობენ. ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ორ ქვეყანას შორის „სარტყლისა და გზის“ და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა მუდმივად ღრმავდება. 30 წლის მანძილზე, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომენტში არსებული 3.68 მილიონი აშშ დოლარის ნიშნულიდან, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 400-ჯერ გაიზარდა. საქართველომ ევრაზიის რეგიონში პირველმა გააფორმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2018 წელს ძალაში შესვლის შემდეგ, აქედან მიღებული სარგებელი უწყვეტად იზრდება. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ, ხოლო სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს.
„ჩინეთ-ევროპის ექსპრესი“ რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს და მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, ახალ ენერგიას მატებს. ინვესტიციების, კომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. „სარტყლისა და გზის“ მშენებლობა და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო სიღრმისეულად გაგრძელდება და მუდმივად ახალ შედეგებს გამოიღებს.
ჩვენ მზად ვართ, ქართულ მხარესთან ერთად შევაჯამოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების წარმატებული გამოცდილება და შემდეგი 30 წლის თანამშრომლობის გეგმები დავსახოთ, რათა შევინარჩუნოთ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლის სულისკვეთება და „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ, სტაბილურ და მდგრად განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ჩამოვედი, დავინახე, რომ ქართველები დიდ პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე და ოჯახური ტრადიციების მიმდევარი ერია.
აქ მოხუცებს პატივს ცემენ, ბავშვები კი უყვართ. ამ ყველაფერში ქართველები და ჩინელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ასევე დავინახე, რომ ქართველი ხალხი მშვიდობისა და განვითარებისკენ ისწრაფვის. მე, როგორც ელჩი, ვაცნობიერებ ჩემი მისიის მნიშვნელობას. მზად ვარ, გავაგრძელო ქართული საზოგადოებასთან კონტაქტების დამყარება, რათა ხელი შევუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, უძველესი ისტორიის მქონე ამ ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებას და საერთო სარგებლის მიღწევას, რათა აქტიური წვლილი შევიტანო ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ დონეზე განვითარებაში.
ეკა გულუა
წყარო: http://mcm.ge/165073/?fbclid=IwAR3ViEgHBgDMRGbV59D78iqh8aP8563YKkMlVLvQIqvQ0gtXunWVoaKleME
პარლამენტში საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლა.
მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
„მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით შემიძლია მოგესალმოთ საქართველოს პარლამენტში. მიხარია, რომ თქვენი თვალები ასე ბრწყინავს იმ სიხარულით, რომელიც თქვენს ასაკში უნდა ჰქონდეს ადამიანს. ქართველმა ერმაც არაერთი განსაცდელი გამოიარა ბოლო ათწლეულებში. ჩვენც ბავშვობაში გვქონდა მომენტები, როდესაც არ იყო მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. მაშინ ჩვენი თვალებიც ასე ბრწყინავდა მომავლის იმედით და ეს იმედები ყოველთვის მართლდება, ვინაიდან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და თქვენი გმირი ქალების და კაცების დამსახურებით ეს სიკეთე გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელიც დღეს არის უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აგრესიას და აგრესორს შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„თქვენ ახლა გაქვთ შესაძლებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცოტა განიტვირთოთ, იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად ლამაზია ეს ცხოვრება და ეს სილამაზე რა მალე აღდგება უკრაინაში სწორედ იმ გმირი ხალხის დამსახურებით, რომელიც დღეს იბრძვის არამარტო საკუთარი, არამედ ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და იმისთვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ აგრესიას და აგრესორს გაეცეს პასუხი. გმირი უკრაინელი ქალები და კაცები, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე არიან იბრძვიან სწორედ ამ იდეისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ყველაზე ცხელ დღეებში ირპენს, ბუჩას, კიევს და სხვა რეგიონებს ეწვია. მოგესალმებით ამ გმირი ქალაქების წარმომადგენლებს. ეს დიდი განსაცდელი ქართველმა ხალხმა ბევრჯერ იწვნია. ქართველი ხალხის ისტორია არის ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ უკრაინელ ხალხთან. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ გმირებს, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან. მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დღეს აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს თავისუფალი სამყაროსათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
დეპუტატმა მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
„ვიდრე იქნება ეს მდგომარეობა, ომი, ყველა ადამიანი ვისაც ექნება საჭიროება, რომ საქართველოში ჰპოვოს საშველი და დახმარება, დიასპორის კომიტეტი და მე, მზად ვართ ყველას დავეხმაროთ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
„დღეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, ეს არის დიდი სიყვარული, ცხოვრების და სიცოცხლის სიყვარული. დღევანდელი დღე მინდა, რომ დაგამახსოვრდეთ. გავა დრო და მოიგონებთ, რომ პარლამენტში მოგიწყვეს შეხვედრა. სულ ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ბედნიერები იყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატებმა უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. ბავშვების ერთი ნაწილი მრავალშვილიან, ხოლო ნაწილი - უკრაინაში ომით დაზარალებულთა და მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ოჯახებს ეკუთვნიან. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.
10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევიან და ქართულ ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ეწვევიან მთაწმინდის პარკს. ასევე, მოინახულებენ მცხეთას, დაათვალიერებენ თბილისის კულტურისა და ხელოვნების კერებსა და ისტორიულ ძეგლებს.
„ყოველი 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარებასთან“
ამერიკის შეერთებულ შტატებში, 20-დან 49 წლამდე ასაკის ყოველი 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ყოველთვიურ ღია ხელმისაწვდომ სამედიცინო ჟურნალ, JAMA Network Open-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას.
კვლევაში ნათქვამია, რომ 20-49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან. დოქტორმა მარისა ესერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კვლევას, აღნიშნა, რომ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლები განსხვავდება შტატის მიხედვით.
ესერმა აღნიშნა, რომ კვლევა ეფუძნება 2015 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო და ეროვნული სიკვდილის მონაცემებს. მისივე თქმით, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიზარდა.