საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, 10-14 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის სხვა წევრებიც: ირაკლი კობახიძე, ლევან იოსელიანი, ხატია დეკანოიძე, გივი მიქანაძე და ფრიდონ ინჯია მიიღებენ.
სესიის მიმდინარეობისას საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის მეშვეობით, სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეების წინაშე სიტყვით ასევე წარსდგებიან ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნაციო კასისი, აგრეთვე ალბანეთის პრემიერ მინისტრი ედი რამა.
გარდა ამისა სესიის გნმავლობაში გაიმართება 2022 წლის ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა დარგში პრემიის გადაცემის სპეციალური ცერემონია. აღნიშნული პრიზის მფლობელის ვინაობა სამი კანდიდატიდან დასახელდება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის სამუშაო დღეებში დებატები გაიმართება აქტუალურ საკითხებზე: „ევროპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ“, „სასურსათო უსაფრთხოება ევროპაში: მარცვლეულის ექსპორტი უკრაინის პორტებით“ და „სამხედრო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“. ასევე შედგება სასწრაფო დებატები "რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი, აღმაშფოთებელ და არაადამიანურ ქმედებებთან დაკავშირებით".
საშემოდგომო სესიაძე ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრი თომას ბირნი წარადგენს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას ევროპის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის ფარგლებში. ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კი ჩვეულ „კითხვების დროს“ გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან.