გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე 10 დღე დარჩა!
კახეთის მთავარი მოვლენა 15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, უკვე მეოთხედ გაიმართება
15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართება. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ისე ქართული საზოგადოებისთვის. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.
წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. მუსიკალურ განწყობას შექმნიან: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.
ამასთან, წელს ფესტივალი განსაკუთრებული იმითაც არის, რომ IWSC-ის ოფიციალური პარტნიორია და კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება სწორედ 15 ოქტომბერს, ფესტივალზე მოხდება.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება.გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო,
ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით,
სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება, ასე რომ, მოინიშნეთ 15 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება.
ფესტივალის გენერალური სპონსორია m². ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.
მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.
ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად
6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებითა და ვარდისფერი კამპანიის ფარგლებში თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართება. პაციენტებისა და მხარდამჭერების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევრსა და შესაბამის სტრუქტურებს მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი: #ნუგანგვასხვავებთ - თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში.
ცოცხალი ჯაჭვის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების - ძუძუს კიბოს შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა თუ რეგიონებში. გაავრცელდეს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა თავისუფალია - ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ჩაერთოს ცოცხალ ჯაჭვში და ამ ფორმით მხარი დაუჭიროს ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს: შემოგვიერთდით „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.
„ვარდისფერი კამპანიის“ მხარდამჭერია თბლისის საკრებულოს გენდერული საბჭო და ეროვნული სკრინინგ ცენტრი.
ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალაბატონებს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.
„ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება ,სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26 ,29 წლის პაციენტები , ამიტომ მნიშვნელოვანია ,ჩატარდეს ადვოკატირება,ცნობიერების ამაღლება ,ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება,რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. ცოცხალი ჯაჭვითა და ერთად დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ - განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.
ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმაინება. სხვადასხვა ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება , კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში , სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება ოქტომბრის აქტივობას და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს პაციენტების დასახმარებლად.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. წელს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს ერაყის შეიარაღებული ძალების დელეგაცია სტუმრობს
საქართველოში ვიზიტით ერაყის შეიარაღებული ძალების დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანს ერაყელი უმაღლესი რანგის ოფიცრებისა და უმცროსი სამეთაურო რგოლისთვის საქართველოს სერჟანტთა კორპუსის განვითარების საკითხებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე შეხვდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს მიმდინარე რეფორმებისა და დაგეგმვის პროცესის, სერჟანტთა კარიერული განვითარებისა და განათლების, საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის დოკუმენტების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გაცნობითი ვიზიტები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სერჟანტთა აკადემიასა და საერთო საჯარისო ცენტრში.
თომას ბახი რუსულ სპორტს პირობას უყენებს!
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წარმომადგენლების დაბრუნების წინადადებით გამოდის, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პირობა. ამის თაობაზე "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, თომას ბახის განცხადებით, რუსი სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს განუდგნენ, საერთაშორისო ტურნირებზე აუცილებლად უნდა დაიშვან ნეიტრალური სტატუსით.
"ომი რუსს სპორტსმენებს არ დაუწყიათ. ისინი, ვინც ხელისუფლებისგან დისტანცირდა, ნეიტრალური დროშით გამოსვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
ჩვენი მიზანია შეჯიბრებებზე დავაბრუნოთ სპორტსმენები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ომს, მაგრამ ეს არ არის იოლი, - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი, - სპორტი სულ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური შურისძიების იარაღი. ეს არის კონფლიქტებით სავსე სამყარო, სპორტში განხეთქილება იგრძნობა. ოლიმპიური მოძრაობა ხელს უწყობს მშვიდობას, ამასთან, რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური. ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, ეს ყოველივე როგორ გავაკეთოთ. თამაშების ორგანიზება ადამიანების გაერთიანებას ემსახურება, განსაკუთრებით - რთულ დროს."
თომას ბახის განცხადებას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა რუსულ სპორტულ საზოგადოებაში. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სტანისლავ პოზდნიაკოვის თქმით, თომას ბახის განცხადება არის რუსეთის და ოლიმპიური ქარტიის კანონების დარღვევისკენ ხელშეწყობა. მისი თქმით, რუსს სპორტსმენებს სთავაზობენ ეროვნული კუთვნილება და სამოქალაქო პოზიცია გაცვალონ დამამცირებელ ნეიტრალურ სტატუსზე.
თებერვლის ბოლოს, IOC-მა რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ დაუშვან რუსი ათლეტები.
გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლება.
მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს
გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები, რეცესიამდე მიიყვანოს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
2022 წლის ვაჭრობისა და განვითარების ანგარიშში, რომელიც გაავრცელა გაერთიანებული ერების ირგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ (UNCTAD), შეფასდა წლევანდელი გლობალური ზრდის მაჩვენებლები და გაზუარებული იქნა პროგნოზები.
ანგარიშში გლობალური ზრდა 2022 წლის ბოლოსათვის 2,5 პროცენტია პროგნოზირებული და ნავარაუდებია, რომ ეს მაჩვენებელი 2023 წელს 2,2 პროცენტამდე შემცირდება.
განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების უეცარმა ზრდამ და ფინანსური გამკაცრების პრაქტიკამ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის და 24 თებერვლიდან დაწყებული უკრაინა-რუსეთის ომის გავლენით, მსოფლიო ეკონომიკური შენელება რეგრესიად გადაიქცა და ეს ვითარება საფრთხეს წარმოადგენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.
მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლევანდელი განაკვეთების ზრდა აშშ-ში განვითარებად ქვეყნებში მთლიანად 360 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს.
გაერთიანებული ერების ირგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გენერალურმა მდივანმა რებეკა გრინსპანმა განაცხადა: „განვითარებული ქვეყნების მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური პრაქტიკა 2008 და 2020 წლის COVID-19-ის შოკზე უარესი ზიანის გამოწვევით, მსოფლიოს გლობალურ რეცესაში ჩათრევის რისკს შეიცავს“.
მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის დრო გლობალური რეცესიის თავიდან ასაცილებლად და მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებს, შესაბამისად გადააკეთონ თავიანთი ფინანსური პოლიტიკა.
საქართველოს თანაორგანიზებით ღონისძიება "ტექნოლოგიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამსახურში - არჩევნები ციფრულ სამყაროში" გაიმართა
საქართველოს, როგორც კოალიციის - "დემოკრატიათა თანამეგობრობა" სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყნისა და „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამდივნოს ორგანიზებით, 2022 წლის 27 სექტემბერს, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა პარალელური ღონისძიება თემაზე - „ტექნოლოგიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამსახურში - არჩევნები ციფრულ სამყაროში“.
ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული კვლევის - „ტექნოლოგიები არჩევნებში - ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკები 'დემოკრატიათა თანამეგობრობის' წევრ ქვეყნებში“ - შედეგები და მას დაესწრნენ ეუთო-ს წევრი ქვეყნებისა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები.
ზემოხსენებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო კოალიციის მმართველი საბჭოს 11-მა წევრმა ქვეყანამ (აშშ, ესტონეთი, ინდოეთი, კანადა, კოსტა რიკა, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, ლიეტუვა, ნორვეგია, რუმინეთი და საქართველო). კვლევა ხსენებული ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლასა და დოკუმენტირებას ისახავდა მიზნად. ანგარიშში საუკეთესო პრაქტიკებს შორის მოყვანილია საქართველოს გამოცდილება ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის, ხმების დათვლის, საჩივართა განხილვისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ წევრ ქვეყნებში და მის მიღმა ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებას.
27 სექტემბრის ღონისძიება გახსნეს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურმა მდივანმა, თომას გარეტმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ცისკარაშვილმა. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ლიდერობისთვის და ჯგუფის ფარგლებში კვლევის ინიცირებასა და ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის.
კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საპანელო განხილვა დარგის ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს, საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ეროვნული გამოცდილება გააცნო ასევე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბაძემ.
კვლევის - „ტექნოლოგიები არჩევნებში - ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკები 'დემოკრატიათა თანამეგობრობის' წევრ ქვეყნებში“ - ანგარიში განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://community-democracies.org/new-publication-report-technology-in-elections/ .
კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ საქართველოს თავმჯდომარეობით მოქმედი სამუშაო ჯგუფის -„დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიზანია დემოკრატიული პროცესებისა და შესაბამისი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშესაწყობად ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენება და ტექნოლოგიების დემოკრატიული პროცესების საზიანოდ მომდინარე საფრთხეების ნიველირების გზების ძიება.
საგარეოს ადმინისტრაცია