Items filtered by date: სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

პეკინი, 20 ოქტომბერი (სინჰუა) -- 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2 მილიარდზე მეტმა მაყურებელმა უყურა მთელს მსოფლიოში. ამის შესახებ დღეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა /IOC/ განაცხადა.

IOC-ის დაკვეთით ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, პეკინის თამაშები გახდა ყველაზე ყურებადი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში. ოლიმპიურ თამაშებს 2,01 მილიარდი მაყურებელი ყავდა, რომლებიც თამაშებს თვალყურს ადევნებდნენ ტრადიციული საკაბელო ტელევიზიისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით. ეს 5%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა პიონჩანგში, სამხრეთ კორეა.

გამოკითხული მაყურებლების თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ მათ სურთ ოლიმპიადის მეტად გაშუქება მომავალში, ხოლო 13-დან 19 წლამდე მოზარდების 57 პროცენტს სურს ნახოს მეტი ასეთი კონტენტი მომდევნო წლებში.

"პეკინის ოლიმპიური თამაშები გახდა ყველაზე ყურებადი ზამთრის ოლიმპიადა ისტორიაში. მთელს მსოფლიოში ჩვენს მედია პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ოლიმპიადის გაშუქება უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ციფრულ პლატფორმებზე მაუწყებლობის რეკორდული რაოდენობის ჩათვლით", - აღნიშნა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

"ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლის აუდიტორია 2 მილიარდზე მეტს აჭარბებს, კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ყურებად სპორტულ ღონისძიებად", - დასძინა მან.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

300-ზე მეტი მეღვინეობა და 20 ათასზე მეტი სტუმარი მეღვინეობის ქალაქში
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ღვინის მოყვარულებს დაუბრუნდა. ღონისძიება ტრადიციადქცეულ ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართა. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს მეღვინეობის ქალაქმა ახტალის პარკში უმასპინძლა. ფესტივალის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, უცხოელი და ქართული საზოგადოებისთვის ღვინის კულტურისა ქართული ტრადიციების გაცნობა წარმოადგენდა.
წელს ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა - 300-ზე მეტი მეღვინეობა და 20 ათასზე მეტი როგორც ქართული ისე უცხოეილ სტუმარი. ფესტივალი სხვადასხვა პროდუქციას - ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელის გამოფენა-გაყიდვას მოიცავდა, რომელსაც სპეციალურად შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა.
შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაეტარებინა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. ახტალის პარკში წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, ფესტივალზე მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მათთვის წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ და სხვადასხვა საბავშვო თამაში. 
„ღვინის დღეების ფარგლებში, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ჩატარდა. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ამ ქუდისა და ქოლგის ქვეშ გაიმართა საერთაშორისო ღვინის კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC), სადაც 150-ზე მეტი მეღვინე და 487 ქართული ღვინო მონაწილეობდა. ამ კონკურსის საქართველოში ჩატარება უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს კონკურსი ლონდონის გარეთ პირველად ჩატარდა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ ნდობისთვის. ეს არის ძალიან დიდი ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. აღნიშნული კონკურსი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება დღევანდელ ფესტივალს, 200-ზე მეტი მეღვინეა წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფესტივალის მასშტაბურობას. დღევანდელ დღე კიდევ ერთხელ, პოპულარიზაციას უკეთებს ღვინის დღეებს, ღვინოს, გურჯაანს, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტს და ჯამში ქართული ღვინის დღესასწაულს,“- განაცხადა ფესტივალის იდეის ავტორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.
ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 20 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს მასპინძლობდა.
„ფესტივალს სულ 350-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, თუმცა აქედან 200 მეღვინეობა იყო. მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია და ასევეა, ფესტივალზე მოსულ სტუმართა რაოდენობაც. წელს ფესტივალი International Wine & Spirit Competition (IWSC) კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომელიც ევროპაში პირველად, საქართველოში ჩატარდა და ამ საერთაშორისო კონკურსში ქართველებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის თვითონ ფესტივალიც საერთაშორისო გახდება და შესაბამისად, მონაწილეებიც არამხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც იქნებიან. დღეს კი გვსტუმრობენ ტურისტები, დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსი და ა.შ.“ - განაცხადა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ეკა ცისკარაშვილმა.
“ჩვენი ღვინის კომპანია „ კარდანახი 1888“ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე დაარსების დღიდან იღებს მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალზე International Wine & Spirit Competition კონკურსში წარდგენილი ღვინოებიდან ორივე ვერცხლის მფლობელმა ღვინომ („ კარდანახი“ და „წარაფი“) დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. ჩვენი კომპანია აწარმოებს 25 დასახელების ღვინოს სოფელ კარდანახში, რომელიც არის ერთადერთი სოფელი საქართველოში, სადაც 3 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა როგორიცაა, ახოები, წარაფი და კარდანახი,“ - აღნიშნავს ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია „კარდანახი 1888“ დამფუძნებელი მალხაზ მახოშვილი. 
„ჩვენი კომპანიიდან „რანინა კახურმა“ International Wine & Spirit Competition კონკურსში ოქროს ჯილდო მიიღო. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები საქართველოში შემოვიდა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ღვინის დღეების ინიციატივა კარგია, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, რომელიც კიდევ უფრო ფართო მასშტაბებსა და საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. დღევანდელი ფესტივალი ითვალისწინებს როგორც დეგუსტაციას, ასევე გაყიდვებს, თუმცა ჩვენ ორიენტირებულები ვართ ექსპორტზე. ეს ჯილდოც საექსპორტოდ გამოდგება, ჩვენს პარტნიორებთან საკომუნიკაციოდ,“- გვითხრა „გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ მონაწილემ „დუგლაძეების“ კომპანიის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესო თევდორაშვილმა.
პოპულარული ღვინოების ქინძმარაულის, ხვანჭკარას, წინანდლის გვერდზე განსხვავებული არომატისა და გემოს სასმელიც გამოჩნდა. ვაშლის წვენის დადუღებით მიღებული ხილისკენკროვანი ღვინო - ცოცხალი სიდრი, სიახლეა ქართულ ბაზრისთის.
„სიდრი ვაშლის ფერმენტაციის შედეგად მიღებული სასმელია, რომელიც ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა. ის ახალი სასმელია და დღეს ქართველი მომხმარებლისთვის ნაკლებად ცნობილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, რადგან უკეთ დაგვენახა რამდენად მოთხოვნადია დღეს სიდრი. მართალია, ქართველმა მომხმარებელმა არ იცოდა სიდრის შესახებ, თუმცა მას ეცნობოდა არომატი, გემო და ფესტივალზე სიდრი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა,“ - გვითხრა ფესტივალზე მონაწილე, „სიდრის კლუბი ბაზალეთის“ დამფუძნებელმა ზაალ ხელაძემ.
ფესტივალზე სტუმრების განწყობაზე დიდებული ღვინოებისა და გემოების გარდა, მუსიკოსებიც ზრუნავდნენ. მათ შორის, გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა. 
შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი იყვნენ: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

„ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ იცის რას ნიშნავს რუსული აგრესია და რამდენად მნიშნელოვანია სათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

„რაც შეხება ჩვენს დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, აქ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, როგორი იყო თავის დროზე შესაძლოა, არასათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა რუსული აგრესია და ძალიან კარგად ვიცით, როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას უნდა გულისხმობდეს თავის თავში სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის სესია გაიხსნა. სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პონტევედრაში (ესპანეთი), 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო სოლომონ მანაშვილი. ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 დაამარცხა იაპონელი კაი შუტო, 16-4 მოუგო ამერიკელ ენტონი კასიოპის, შემდეგ ასევე აშკარა უპირატესობით (10-0) გაიმარჯვა უკრაინელ იური იძინსკისთან, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში 2-13 დამარცხდა ირანელ ამირეზა ფარდინ მასუმი ვალადისთან.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დენის საჰალიუკი 5-3 დაამარცხა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ).

ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

გამოქვეყნებულია სპორტი

პეკინი (სინხუა) - ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა კვირას განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა არის უმაღლესი კონგრესი, რომელიც ამაყად აფრიალებს წითელ დროშას.

მისივე თქმით, კონგრესი ასევე წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას გაერთიანებისთვის და გაბედულად წინსვლისთვის.

აღნიშნული განცხადება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა პეკინში, ეროვნულ ხალხთა კონგრესის დიდ დარბაზში პრესასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა
„ჩვენ 50 წელზე მეტია მხარს ვუჭერთ მსოფლიო ღვინის გავრცელებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მნიშვნელოვანი გამოცდილება და მოსაზრება გავიზიარეთ თქვენგან და ასევე საინტერესო სიახლეებს გავეცანით ადგილობრივი ჟიურის წევრებისგან. შეუძლებელი იქნებოდა, ეს ტესტირება ლონდონში ჩაგვეტარებინა. განსაკუთრებული მადლობა ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და მის ხელმძღვანელობას, რომ ასეთ მოკლე დროში სასწაულის მოხდენა და განხორციელება შევძელით. IWSC-ის სახელით გეტყვით, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ! “ – ასე მიმართა IWSC Wine Judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მოსულ სტუმრებს IWSC-ის გენერალურმა დირექტორმა კრისტელ გიბერიმ. 
დღეს IWSC კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა. კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა. 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.

„იდეას კონკურსი რომ საქართველოში ჩატარებულიყო საფუძველი ივლისში ჩაეყარა და სწორედ ამ დროიდან, 3 თვის განმავლობაში მოვახერხეთ ამ დიდი საქმის სისრულეში მოყვანა. ასევე დიდ მადლობას ვუხდი, სარა ებოტის, რომელმაც დამაკავშირა სწორ და ნამდვილ ადამიანებთან. ძალიან სასიამოვნოა, რომ მუშაობა გვიწევს ქართულ გუნდთან და მადლობას ვუხდი ჟიურის ადგილობრივ ყველა წევრს, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება,“ - აღნიშნა კრისტელ გიბერიმ. 
კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა, რომელსაც სწორედ ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ. 
„აქტივობები ასევე დაგეგმილია ლონდონსა და სხვადასხცა ქალაქებში. ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე ხელს შევუწყობთ ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარუზაციას, როგორც მომხარებლებთან, ისე სავაჭრო პარტნიორებთან. ყველა მეღვინეს ვულოცავ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. კონკურსს არ ჰყავს წაგებული, ყველა კონკურსანტი ჟიურის წევრებისგან მიიღებს ინდივიდუალურ შეფასებებს, თუ როგორი შთაბეჭდილება დაგვიტოვა მის მიერ წარმოებულმა ღვინომ. კონკურსი აუმჯობესებს ღვინის საბოლოო შედეგს და სამომავლოდ, ყველაფერი უფრო დახვეწილი და გასაკუთრებული იქნება, “ - განაცხადა IWSC-ის გენერალურმა დირექტორმა. 
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს - იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელობას.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ღალატის პარტიამ“, არჩილ თალაკვაძის მეშვეობით, ახალი მესიჯი შემოგვიგდო საზოგადოებას. ვციტირებ: „არამხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში, როგორიც საქართველოა“. მაშინვე გამახსენდა ბატონი გია ხუხაშვილის სიტყვები: „ბიძინა, ვის აშანტაჟებ, „ჭე“ კლასში თამაშობ!“

            არ ეშვება ბატონი ივანიშვილი „ჭე“ კლასში თამაშს და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შანტაჟს - ან მე ვიქნები საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ან საქართველოს ტერიტორიას მივუერთებ რუსეთსო. ვერაფერს მიუერთებ - მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირი და დასავლეთი, მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მალე გაგაპანღურებს შენც და შენი „ღალატის პარტიასაც“! 

             „ჭე“ კლასის შანტაჟს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა - მათ პირდაპირ დააფიქსირეს, რომ „ოცნების“ პირობებში დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში შეუძლებელია და რომ „ოცნებამ“ „შექმნა უკუსვლა, საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა“.

              ასე რომ, ქართველებო, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მშვიდობიანად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე გავუშვათ ეს ხელისუფლება საქართველოს ისტორიის ბნელ წარსულში!", ნათქვამია განცხადებაში. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით“, რომლის მიხედვით საქართველოს გამოეყოფა 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი.
შეთანხმება გულისხმობს, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია, რომ "საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. 

საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, სადაც 400-მდე მოსწავლე იღებს განათლებას, განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

შტატების ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოც წლამდე თავდამსხმელი პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა.

თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.  

გამოქვეყნებულია მსოფლიო
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური