საკვები, სამოსი, მოგზაურობა - ცვლილების ათწლეული ჩინეთში!
სამოსის დიზაინერ ჩუ იანის სტუდია სავსეა ტრადიციული ჩინური ტანსაცმლით, რომელთაგან ერთ-ერთმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე შთაბეჭდილება მოახდინა.
ჩუმ სახელი იმით მოიხვეჭა, რომ ტრადიციულ ჩინურ სამოსს ხელახლა ქმნის და უძველეს ელემენტებს თანამედროვე ელფერს სძენს. ქალბატონი ჩუ პეკინის მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ასწავლის და საკუთარი სტუდიაც აქვს გახსნილი.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიაზე ბაო სან ჰუას - ძველისძველ კერამიკულ ნაწარმში გამოყენებული ფლორისტული ორნამენტი, რომელიც ყვავილისა და ფიფქის მოხატულობის შერწყმაა - ნახჭით შექმნილი სამოსი წარადგინა. ეს საერთაშორისო არენა მან თანამედროვე ჩინური ესთეტიკის მსოფლიოსთვის გასაცნობად გამოიყენა.
- როდესაც თორმეტი წლის ვიყავი და მოდის შესახებ ჟურნალებს ვკითხულობდი, დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაშინ ცხოვრების მიზნად დიზაინერობა დავისახე, - თქვა ჩუ იანმა.
სხვადასხვა ქვეყნის ფასონების შესწავლის შემდეგ ჩუს ჩინური ტრადიციული ტანსაცმლის მიმართ ცხოველი ინტერესი ჩამოუყალიბდა.
ჩუმ კარიერაში წარმატებას ბოლო ათწლეულში მიაღწია. პოპულარობა კი სამამულო ბრენდებს შორის ტრადიციული ჩინური სტილისა და კულტურის ელემენტების შეტანით მოიპოვა. ამ ტენდენციას „გოჩაო“ ანუ „ჩინური ლაზათი“ ეწოდება.
- დიზაინერების ახალი თაობა მაღალი მიზნისკენ უნდა ილტვოდეს, ოღონდ, არამხოლოდ ჩინური სილამაზის წარმოჩენით, არამედ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ლიდერის ადგილის დაკავებით, - განაცხადა მან.
ცვლილებები უკეთესობისკენ
ათწლეულმა ჩაიარა და ჩინელების ტანისამოსშიც ბევრი რამ შეიცვალა. მაღალი მოდის ნაწარმით მოვაჭრე მაღაზიებში გულუხვი მყიდველების ნაკლებობას არ უჩივიან. ამ სიას უნდა დაემატოს ციპაო (კაბები) და ტანის კოსტიუმები, შედეგად ჰანფუს - ტრადიციული შესამოსელის ტიპს მივიღებთ.
iiMedia-ის კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰანფუს გაყიდვებმა 190 მილიონი იუანიდან (26.76 მლნ ამერიკული დოლარი) 6.36 მლრდ იუანს მიაღწია 2015-დან 2020 წლამდე, რასაც ხელი სოციალური მედიის წარმომადგენლებმა შეუწყვეს. ისინი ჩაცმულობით ისტორიული დრამიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგავდნენ.
- რაც ახლა ჩანს, ეს ტრადიციული ჩინური კულტურის ნოყიერ ნიადაგზე დაწყებული თანამედროვე აღორძინებაა. ტანსაცმლის მრეწველობა კიდევ უამრავ ორიგინალურ და საინტერესო ნაწარმს შექმნის, - ამბობს ვან ვენშენი, პეკინის საფეიქრო და სამოსის ასოციაციის ვიცედირექტორი.
ჩინეთის მშპ შარშან გაორმაგდა და 114 ტრილიონ იუანს მიაღწია 2012 წელს არსებულ 50 ტრილიონ იუანთან შედარებით. ათი წლის წინ ჩინეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6300 აშშ დოლარი იყო, რამაც შარშან 12000 დოლარს მიაღწია. უფრო ღრმა ჯიბე უფრო მრავალფეროვანი არჩევანის საწინდარია.
ჩჟან იანმეი, რომელიც Xiabu Xiabu-ს ცხელი კერძების ქსელში მუშაობს, ბულიონებში ცვლილების შესახებ გვიყვება.
- ორიოდე წლის წინ ამდენი გემო არ გვქონია. ახლა ტაილანდური ტომ იუმ კუნის, ინდური კარისა და დურიოს გემოც კი გვაქვს, რაც თქვენს კარამდე შეუფერხებლად მოვა, - თქვა მან.
მისივე თქმით, საზკვების სფეროში ახალი ბრენდები და ქსელები ჩნდება და მათი ფილიალები უცხოეთშიც იხსნება.
განვლილ ათ წელიწადს თუ გადავხედავთ, მოგზაურობისა და დროის გატარების წესიც შეცვლილია. ჟაო ცირონი, ტაიუანის - ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე ქვანახშირით მდიდარი პროვინცია შანქსის - მცხოვრები ელექტრომობილების სწრაფი ზრდა-განვითარების მომსწრეა. ამა წლის ივნისში ჩინეთს 10 მლნ ახალი ენერგოეფექტური მანქანა ჰქონდა.
ელექტრომობილი ჟაომაც უყიდა ცოლს სამსახურში სასიარულოდ და ბავშვების სკოლაში სატარებლად. - ბევრი ხალხი ყიდულობს ელექტრო მანქანას, რადგან ის ძალიან მოსახერხებელია, - ამბობს ჟაო.
ტრანსპორტის კიდევ ერთი სფერო - ჩქაროსნული რკინიგზა უზარმაზარი ნახტომებით ვითარდება. - ჩინეთის ჩქაროსნული რკინიგზა ახალ საზღვრებს ლახავს, რათა საზოგადოებას სარგებელი მოუტანოს, - ამბობს გაო ლიანი, პეკინის სატრანსპორტო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის სკოლის ხელმძღვანელი.
2021 წლის მიწურულს ჩინეთის რკინიგზისა და გზატკეცილების საერთო სიგრძე 1.1 მლნ კილომეტრით გაიზარდა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით.
ზრდის კოდი
პეკინის უნივერსიტეტის პროფესორ გუ ჰაილიანის თქმით, ბოლო ათწლეული ინოვაციურმა, კოორდინირებულმა, ეკოლოგიურმა, ღია და ერთობლივმა განვითარებამ განაპირობა, რამაც ჩინეთის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა.
- კონცეფციის კომპლექსური და პატიოსანი რეალიზებით ჩინეთი მაღალხარისხოვან განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა მან.
პანდემიასთან შეჩეხების მიუხედავად, ჩინეთმა იანვრიდან ივნისამდე პერიოდში წლიური 2.5 პროცენტიანი ზრდა გვიჩვენა. ქვეყანა შემოსავლების გაუმჯობესების გზას ადგას.
2012 წლიდან ჩინეთში სოფლად მცხოვრებმა დაახლოებით 100 მილიონმა ადამიანმა სრულ სიღატაკეს დააღწია თავი. მასშტაბური პროექტების ფარგლებში 9.6 მლნ ადამიანი გადასახლდა საცხოვრებლად ნაკლებად ვარგისი ადგილებიდან უკეთ მოწყობილ გარემოში.
როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ჩინეთის მიერ სიღარიბესთან ბრძოლის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯმა კაცობრიობის ისტორიაში კვალი დატოვა, ასახა რა პარტიული ხელმძღვანელობის სიძლიერე, ადამიანზე ორიენტირებული ფილოსოფიის ეფექტიანობა და მისი ინსტიტუციური სიმძლავრე.
მე-14 ხუთწლიანი (2021-2025) გეგმის მონახაზში - „ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარება და გრძელვადიანი მიზნები 2035 წლამდე“ - ჩინეთმა დაადასტურა მომდევნო წლებში ხალხზე ორიენტირებული მიდგომის ვალდებულება, სადაც ხაზგასმულია, რომ განვითარება ხალხისთვის არის და ხალხზეა დამოკიდებული, მის მოსავალს კი ისევ და ისევ ხალხი იმკის.
მიიწევს რა წინ, ჩინეთს განვითარების ახალი გეგმები აქვს დასახული, რაც საყოველთაო კეთილდღეობის წინა პლანზე წამოწევასა და საზოგადო სიკეთეების თანაბარ განაწილებს მოიაზრებს.
- ჯეძიანის პროვინცია, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის სადემონსტრაციო ზონაა, მტკიცედ მიიწევს წინ, - განაცხადა იუ ძიანსინმა, ჯეძიანის გონშანის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა. - ჯეძიანის საქმიანობა გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას ნიშნავს საყოველთაო კეთილდღეობა, და მიზნის მისაღწევად ქმნის ნიადაგს, - თქვა მან.
მასალა მომზადებულია სააგენტო "სინხუას" მასალის მიხედვით
ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს!
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს მშვიდობიან მოსახლეობას რა, ამაზე მსოფლიომ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის 242-ე დღეს, Telegram-ის ანგარიშიდან ვიდეო გაავრცელა და უახლესი მოვლენები შეაფასა.
„სადაც რუსეთს მოაქვს სიკვდილი და ნგრევა, ჩვენ ვუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. ეს არის ზუსტად ის, რაც უკრაინელებს აწუხებთ. სადაც უკრაინაა, ცხოვრება არასოდეს ჩერდება, მაგრამ სადაც კი რუსეთი მიდის, მას მოსდევს მასობრივი საფლავები, წამების ბანაკები, დანგრეული ქალაქები და სოფლები, დანაღმული ველები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და სტიქიური უბედურებები. დღეს რუსეთის არავის სჯერა“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან, რუსეთი ხერსონის რეგიონში კახოვას კაშხლის ნაღმების განთავსებაში და უკრაინაში აკრძალული იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა და დასძინა: „მე მჯერა, რომ მსოფლიომ რუსეთზე უნდა მოახდინოს რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება. რადგან რაც უფრო ძლიერად დაგვიჭერენ მხარს, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი და რუსეთის შესაძლო საფრთხეები“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ.
გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ლიბერთის და Mastercard-ის ახალი აქცია დაიწყო | აიღე ‘ახალი’ Mastercard ბარათი გადაიხადე მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნე 25 ლარი
დღეიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, ლიბერთი Mastercard-თან ერთად მომხმარებლებს ‘ახალი’ ბარათის აღებისას განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს: ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ‘ახალ’ Mastercard ტიპის ბარათს აქციის განმავლობაში აიღებს, აქვს საშუალება ჩაერთოს აქციაში და ბარათით ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალზე ან ელ. კომერციაში მინიმუმ 50 ლარის გადახდისას დაიბრუნოს გადახდილი თანხის 50%-მდე (მაქსიმუმ 25 ლარს) საბარათე ანგარიშზე.
ლიბერთის ‘ახალი’ ბარათი არის უნიკალური საკრედიტო უპროცენტო ბარათი, ყოველთვე ფიქსირებული გადასახადით და მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას მუდმივად სთავაზობს. პროდუქტი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’ დაიბრუნოს.
ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს. ხოლო, თუ არჩეული კატეგორიის ფარგლებში „ლიბერთის“ პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი, ჯამში, უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს.
„ახალი“ ბარათის უფასოდ მიღება შესაძლებელია „ლიბერთის“ ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტ ბანკით - ლიბერთის მომხმარებლისთვის.
აქციის დეტალურ პირობებს ბანკი ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ესტუმრა
დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესტუმრა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე საზეიმო კონცერტით აღინიშნება
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე წარსდგებიან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი. აგრეთვე, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდება 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა.
საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სი ძინფინგი პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით დაამტკიცა
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გუშინ სი ძინფინგი პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით დაამტკიცა. პარტიის ყრილობაზე სი ძინფინგმა წარადგინა პარტიის მუდმივმოქმედი კომიტეტის შვიდი წევრი.
სიტყვით გამოსვლისას, სი ძინფინგმა პარტიის ყრილობას წარმატებული უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდებოდა ყრილობის მიმდინარეობას.
ჩინეთის ლიდერის განცხადებით, ქვეყანამ მიაღწია თავის მიზანს – ზომიერ კეთილდღეობას.
„ახლა ჩვენ მტკიცედ მივიწევთ ახლა გზაზე, რომ ჩინეთი ვაქციოთ ყოველმხრივ თანამედროვე სოციალისტურ ქვეყნად“, – აღნიშნა მან.
სი ძინფინგის თქმით, ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი.
„40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისა და ღიაობისკენ მიმართული დაუღალავი ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ შევქმენით ორი სასწაული – სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა”, – აღნიშნა სი ძინფინგმა.
გუშინვე სი ძინფინგი მესამე ვადით დაინიშნა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელად.
69 წლის სი ძინფინგი ჩინეთის სათავეში 2012 წლიდან იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს
24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტაინი კოქსს წერილობით მიმართა. აღნიშნულ მიმართვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს,
ბატონ მარტინუს ტაინი კოქსს
ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა.
რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი ჩვენი სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცათ რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა: „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“.
ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.
ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.
2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა, თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნული კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალური სამართლიანობის მიმართულებებში.
საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე - პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელბახიანზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.
საქართველოს 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშროლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა.
შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.
მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
პატივისცემით,
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე