ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულია
დღეს, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის დაჯილდოვების მეხუთე ცერემონია გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
სს ‘ლიბერთი ბანკი’ გახდა გაეროს მდგრადი განვითარების მე-9 მიზნის - ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა გამარჯვებული, პროექტით: ‘ტელეკლინიკა MyDoc’ (ჩემი ექიმი).
ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა-MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად, რამდენიმე თვის წინ დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში, უფროსი თაობის ადამიანებისთვის მობილური კლინიკების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა მაღალტექნოლოგიური უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება დისტანციურად, ყველაზე მოშორებულ სოფლებსა და რეგიონებში. დღემდე, პროექტის ფარგლებში ‘ტელეკლინიკა MyDoc’-მა, ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებთან ერთად, უკვე განახორციელა ვიზიტი 112 სოფელში, შედეგად გამოკვლევა ჩაიტარა 2000-მდე უფროსი ასაკის ადამიანმა და გადამისამართდა შესაბამის სპეციალისტთან.
„2022 წელს წარვადგინეთ ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია, რომელიც სრულად თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. ჩვენი საქმიანობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ ისეთი პროექტები და პროგრამები განვახორციელოთ, რომელიც გაზრდის ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ფინანსურ წიგნიერებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.
დღეს, ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებული კომპანია. ეს ჯილდო, მეტ სტიმულს აძლევს ლიბერთის გუნდის თითოეულ წევრს გავაგრძელოთ ადამიანებზე ზრუნვა და შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს და პროექტში ჩართულ ჩვენი გუნდის წევრებს. მოხარული ვართ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტს ასეთი მაღალი შეფასება მისცა.’ - ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს შესახებ
“ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2022“ განკუთვნილია ქართულ ბაზარზე მოქმედი პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიებისათვის; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს 20 000 - ზე მეტ მონაწილეს 161 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიზანია, მდგრადი, გლობალური და ინკლუზიური ეკონომიკის საფუძვლების შექმნა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 140-მდე წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.
სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 181 ქვეყანასთან დაამყარა
პეკინი, 20 ოქტომბერი (სინხუა) - ბოლო 10 წლის განმავლობაში, იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებთანაც ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, 172-დან 181-მდე გაიზარდა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მა ჟაოსუიმ ხუთშაბათს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე.
მისი თქმით, დღეისათვის ჩინეთმა დაამყარა პარტნიორობა სულ 113 ქვეყანასთან და რეგიონულ ორგანიზაციასთან. შედარებისთვის, ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 41 იყო, აღნიშნა მა ჟაოსუიმ და შეაქო ქვეყნის დიპლომატიური მუშაობა გასული ათწლეულის განმავლობაში.
ამ ხნის განმავლობაში ჩინეთმა ხელი შეუწყო ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების დამყარებას ახალ ეპოქაში, წამოაყენა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარების სამი პრინციპი, ესენია ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაარსებობა და მომგებიანი თანამშრომლობა. ჩინეთმა ასევე დაამყარა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორული ურთიერთობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, რეფორმებისა და ცივილიზაციის მიზნით, დასძინა მა ჟაოსუიმ.
მისივე თქმით, ჩინეთმა ასევე გააძლიერა სტრატეგიული მხარდაჭერა მეზობელი ქვეყნების მხრიდან და კიდევ უფრო გააძლიერა თანამშრომლობა სხვა განვითარებად ქვეყნებთან.
Pegasus Airlines-ი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს
თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ ოპერირებას იწყებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 2022 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, Pegasus-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 19 ოქტომბერს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ანკარასა და თბილისს შორის ფრენები 2019-2020 წლებში ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ მიერ სრულდებოდა, თუმცა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ გაგრძელდა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ბუქარესტში 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა!
ბუქარესტში 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა.
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგები
A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები
B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია
C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი
D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია
წილისყრის დაწყებამდე გუნდებსა და გულშემატკივარებს სიტყვით უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშილმა და რუმინეთის ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდეტნმა რაზვან ბურლეანუნ მიმართეს. წილისყრაში მონაწილეობა მიიღებს ტურნირის ელჩებმა, რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელმა იანის ჰაჯიმ და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსნადრე იაშვილმა.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
საქართველო
ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი
ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით
რუმინეთი
ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
გიორგი ოთინაშვილი
სახაროვის პრემია წელს "უკრაინელ ხალხს" მიენიჭა
წელს „უკრაინის ხალხს“ მიენიჭა სახაროვის პრემია, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემს ევროპარლამენტი ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების სფეროში. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ჯილდო გადაეცა "მამაც უკრაინელ ხალხს".
მეცოლამ აღნიშნა, რომ ჯილდო გადაეცა უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ "იბრძვიან, აიძულებენ გაიქცნენ, დაკარგეს ნათესავები და მეგობრები, იბრძვიან რწმენისთვის" და დაამატა: "მე ვიცი, რომ მამაცი უკრაინელი ხალხი არასოდეს დანებდება. ჩვენც არ დავნებდებით“.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომი უკრაინელ ხალხს ძვირი უჯდება და რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი სახლების, მიწების, დამოუკიდებლობისთვის, არამედ დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ღირებულებებისთვის.
საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა პირებს ან ინსტიტუტებს, რომლებიც იცავენ აზრის თავისუფლებას.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში 14 დეკემბერს ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეის დროს გაიმართება.
სახაროვის პრემია გასულ წელს რუს დისიდენტს ალექსეი ნავალნის გადაეცა.
ათ უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებს შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს!
2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება.
მათივე ცნობით, ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (541.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (400.4 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (325.4 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობას (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე), ამ ციფრმა 4 097.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.9 პროცენტით გაიზარდა და 2 814.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა.
ოლიმპიური მოძრაობა რუსეთს და ბელარუსს სანქციებს უგრძელებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო დაწესებული სანქციების გაგრძელების შესახებ იუწყება.
IOC-ის პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა სეულში მიმდინარე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გენერალურ ასამბლეაზე.
"გადაუჭრელი დილემის წინაშე აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია სრულიად შევასრულოთ ჩვენი ოლიმპიური მისია, რომელიც სპორტსმენთა დაცვისკენ და სპორტული შეჯიბრებების მეშვეობით მსოფლიოს გაერთიანებისკენ არის მიმართული.
ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით პოზიციას, როდესაც ერთი ქვეყნის სპორტსმენები პოლიტიკური მიზეზებით უარს ამბობდნენ სხვა ქვეყნის სპორტსმენებთან ასპარეზობაზე. მაგრამ ახლა ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი მისიის შესრულება გაგვეგრძელებინა, იყო საერთაშორისო ფედერაციებისთვის მიგვეცა რეკომენდაცია, შეჯიბრებებზე არ დაეშვათ სპორტსმენები მხოლოდ მათი პასპორტის გამო. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ დავიცვათ საერთაშორისო სპორტული სისტემა სპორტის სრული პოლიტიზაციისგან."
თომას ბახის განცხადებით, სოკ-ი მტკიცედ დაიცავს მთავარ ღირებულებებს, იმის მიუხედავად, რომ ცალკეული ორგანიზაციები ცდილობენ პროპაგანდისტული საშუალებებით დაუპირისპირდნენ სპორტული თანამეგობრობის მიერ მიღებულ ზომებს და სანქციებს. „შესაბამისი ზომების მიღების მიზეზები ჯერაც არ აღმოფხვრილა და, მაშასადამე, სანქციების მოხსნის დრო არ დამდგარა. მიჰყევით ჩვენს რეკომენდაციებს" - მიმართა შეკრებილებს სოკ-ის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ამ ქვეყანას ეწვევა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, თურქული კომპანიების მხრიდან აშენებულ ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გასამართ ორმხრივ შეხვედრებზე, თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, სხვა რეგიონალური, გლობალური საკითხები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნება განხილული.