როგორ იქნებიან ევროპა და ევროკავშირი ისეთი ქვეყნების გარეშე, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო?
სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე უკრაინის პარლამენტის წევრმა, სერგეი სობოლიევმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის გაცნობიერება, როგორ იქნებიან ევროპა და ევროკავშირი ისეთი ქვეყნების გარეშე, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
„მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ როგორც შეუძლებელია, გავაცნობიეროთ, როგორ იქნებიან ევროპა და ევროკავშირი ისეთი თავისუფალი ერების გარეშე, როგორიცაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მათ შორის კოსოვო. ამასთან, შეუძლებელია იმის გაცნობიერება, როგორ იქნებიან ევროპა და ევროკავშირი ისეთი ქვეყნების გარეშე, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ეს კარგი შესაძლებლობაა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ ვართ ერთ ნავში, დემოკრატიის ნავში და ეს ნავი დაცული უნდა იყოს, არა მხოლოდ ეკონომიკური მეთოდებით, არამედ სამხედრო მეთოდებითაც“, – განაცხადა სერგეი სობოლიევმა.
ამასთან, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა ტიტუს კორლატეანმა აღნიშნა, „გაფართოების პროცესი ევროკავშირისთვის ყოველთვის დიდი აქტივი იყო“.
„ასე იყო ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთის ყოფილი კომუნისტური ქვეყნების შემთხვევაში, ასე არის ახლაც სხვადასხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემთხვევაში, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე საქართველოც იქნება. ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს, მაგრამ არა მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიშნებით, არამედ უნდა გამოვიყენოთ სათანადო სიტყვები“, – აღნიშნა ტიტუს კორლატეანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა ასევე საფრანგეთის სენატის სენატორი, ცენტრისტული კავშირის ჯგუფის წევრი კლოდ კერნი. მან აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მტკიცედ უნდა დადასტურდეს ევროპული პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინების გარეშე.
„იგივე ეხება უკრაინას და მოლდოვას, ვიმედოვნებ, ერთ დღეს საქართველოსაც შეეხება, თუმცა გაწევრიანების წინა ეტაპი არის გადამწყვეტი, ჩვენ თუ გვსურს, თავიდან ავირიდოთ მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები ევროკავშირში“, – განაცხადა კლოდ კერნმა.
კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა!
ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ
კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia რეგისტრაცია დასრულებულია! კონკურსის ორგანიზატორების თქმით, 7 ოქტომბრის ჩათვლით, დარეგისტრირების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა, შესაბამისად, კონკურსზე უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ადგილობრივი ღვინო დარეგისტრირდა. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს - შესაძლებლობა აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთარ ქვეყანაში მოიპოვონ.
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) 13 ოქტომბერს უმასპინძლებს. IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოს მოსაპოვებლად ადგილობირივი და ქართველი მეღვინეები იბრძოლებენ, რაც მათთვის უპრეცენდენტო შანსია. მედალოსანი ღვინოები კონკურსის დღეს 13 ოქტომბერს გამოვლინდება, ხოლო კონკურსის გამარჯვებულების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს მოხდება.
"საოცარი მოვლენა გველოდება 13 ოქტომბერს ღვინის სფეროში. 07 ოქტომბერს დასრულდა IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსზე რეგისტრაცია და ნამდვილად, წარმუდგენელი შედეგი გვაქვს, უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა, რაც ფაქტობრივად, ორჯერ აღემატება კონკურსის ორგანიზატორების მოლოდინებს. უზომოდ მიხარია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინეთ ჩვენს მეღვინეებს ხმა და გავაგებინეთ, რომ მსოფლიოში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსი ჩამოდის მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის. ორმაგად მახარებს ის ამბავი, რომ დარეგისტრირებულ მეღვინეთა შორის მრავლადაა მცირე და საშუალო მეღვინეობები და რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო ქვეყნიდან გაუსვლელად მოიპოვონ. მსურს ყველა დარეგისტრირებულ მეღვინეს ვუსურვო დიდი წარმატება, ხოლო ჩვენს ბრიტანელ ჟიურის წევრებს ქართული ღვინოთი აღფრთოვანება,“ - აღნიშნავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.
კონკურსის ფარგლებში მათ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ჟიურის წევრებს ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს, რომელთა შემადგენლობაში არიან, ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია. ასევე ცნობილია IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებენ. ესენი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ღვინის ექსპერტი გიორგი დაქიშვილი, ენოლოგი და ღვინის ექსპერტი ლადო უზუნაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი დავით ჩიჩუა, სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე, ენოლოგი პატრიკ ჰონეფი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. მედალოსანი ღვინოები 13 ოქტომბერს გამოვლინდება.
სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ სწავლებას გაივლიან. სამმხრივი საველე ტაქტიკური სწავლების „კავკასიის არწივი 2022“ გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა. ღონისძიებას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუადიბრაჰიმოვი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.
საქართველო ევროსაბჭოს პატივსაცემი წევრია - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი
საქართველო ევროსაბჭოს პატივსაცემი წევრია. ჩვენი გაერთიანება აკეთებს ყველაფერს, რათა თქვენი ქვეყანა უფრო დაუახლოვდეს ევროპას, ევროპულ ინსტიტუციებს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა ფრანკ შვაბმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მისი მთავარი რეკომენდაციაა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის, შიდა კონფრონტაციის დონის დაწევა.
„საქართველო ევროპის ნაწილია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ჩემი მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური ტემპერატურის, შიდა კონფრონტაციის დონის დაწევა. შემდეგ პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება“, – აღნიშნა ბუნდესტაგის წევრმა ფრანკ შვაბმა.
შეგახსენებთ, რომ 10-14 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მიმდინარეობს.
სესიის მსვლელობისას საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის მეშვეობით, ხუთშაბათს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
საშემოდგომო სესიაზე ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრი თომას ბირნიც წარადგენს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას ევროპის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის ფარგლებში.
ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კი ჩვეულ „კითხვების დროს“ გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან.
ამპუტანტთა ფეხბურთის თურქეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ამპუტანტთა ფეხბურთის თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა სტამბოლში გამართულ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ანგოლა 4-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ანგოლამ ფინალური მატჩი, რომელსაც ტრიბუნებიდან დაახლოებით 15 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ადევნებდა თვალს, უფრო ეფექტურად დაიწყო.
თუმცა, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მატჩში წონასწორობა სწრაფად დაამყარა და მე-19 წუთზე ომერ გიულერიუზის მიერ გატანილი გოლით 1-0 დაწინაურდა.
მატჩის 49-ე წუთზე სერქან დერელის მიერ გატანილი გოლით თურქებმა მატჩი 4-1 მოიგეს.
საფეხბურთო მატჩს სტადიონიდან ადევნებდნენ თვალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, მეჰმეთ მუჰარემ კასაპოღლუ და ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა.
თურქეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადასცა.
უკრაინაში გუშინ დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ უკრაინის ზოგიერთ ქალაქზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა და 105 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გუშინ ბევრ ქალაქზე, განსაკუთრებით დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ განცხადება გააკეთა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა და 105 ადამიანი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 301 დასახლებას, მათ შორის კიევისა და ლვოვის რეგიონებს, გუშინდელი დღის შემდეგ ელექტროენერგია ვერ მიეწოდება.
გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ბევრ ქალაქზე, განსაკუთრებით კიევზე, ლვოვსა და დნიპროზე, რაკეტებით და კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელეს.
გვსურს რომ, ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ქვეყნის ეროვნული მისწრაფებები-ი. კობახიძე
ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობის გარდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატები, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გავაღრმაოთ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ამისთვის ეს ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, იქ არსებულ მდგომარეობას. ვითარება ბუნებრივია, გართულებულია რეგიონში და ამ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იყოს წინ წამოწეული ჩვენს პარტნიორებთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 10-14 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მიმდინარეობს.
სესიის მსვლელობისას საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის მეშვეობით, ხუთშაბათს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეების წინაშე სიტყვით ასევე წარსდგებიან ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნაციო კასისი, აგრეთვე ალბანეთის პრემიერ მინისტრი ედი რამა.
საშემოდგომო სესიაზე ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრი თომას ბირნიც წარადგენს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას ევროპის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის ფარგლებში.
ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კი ჩვეულ „კითხვების დროს“ გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან.