აშშ-ის საზღვაო ხომალდები „მაუნთ უიტნის" და „პორტერს" ბათუმის პორტში შემოვიდნენ
დღეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და კაპიტანი რამაზ პაპიძე საქართველოს სანაპირო დაცვის უფროსი ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნის" დახვედრის ცერემონიას ხელმძღვანელობდნენ.
აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობას მეექვსე ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ჯინ ბლეკი შეხვდა და მეექვსე ფლოტის ზურგის ადმირალ ჯეიმს მორლის, ზურგის ადმირალ მარკო პაპისა და ბრიგადის გენერალ მარკუს ანიბეილის სახელით საქართველოს წლების განმავლობაში შავი ზღვის უსაფრთხოებაში მტკიცე პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნისა" და „პორტერს"! ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი" საქართველოში დაბრუნდა. ამ ხომალდისთვის საქართველოს პორტები უცხო არ არის, ვინაიდან „მაუნტ უიტნი" ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს 23-წლამდე ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია!
საქართველოს U23 ნაკრები ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ძიუდოს ფედერაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ფინალურ ორთაბრძოლაში საქართველო ეთერ ლიპარტელიანმა დააწინაურა, შემდეგ რუსებმა ორი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ 3 ბრძოლა წარმატებით დაასრულეს. ჯერ ნიკა ხარაზიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა მოიგეს, ბოლოს კი, გადამწყვეტ ბრძოლაში საბა ინანეიშვილმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სომხიშვილის შეხვედრა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და ქართველმა რუს მეტოქეს გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე კი ქართველებმა საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებებს სძლიეს.
მას შემდეგ, რაც გუნდური შეჯიბრებები შერეული სისტემით (ბიჭები და გოგონები) ტარდება, საქართველოს ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.
უნდა აღინიშნოს, რომ რომ საქართველომ ინდივიდუალურად ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.
ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ),
ვერცხლი - ალეკო მამიაშვილი (-73კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ),
ბრინჯაო - გიორგი თუთაშვილი (-66კგ), გიორგი ჩიქოვანი (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის უნგრეთში გაიმართა.
ავთანდილ ოთინაშვილი
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა
ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ხალხის და ქვეყნის გამარჯვება. პრემიერმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათი ნდობის გასამართლებლად.
„რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან, მხოლოდ საქმეზე ვისაუბროთ, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს, კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცესკოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხდა.
მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატებები უსურვა წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია.
„მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა, მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასევე, მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ის არის ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ, მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
მუსიკის მოსმენა გონებრივ დაღლილობას ამცირებს
მუსიკის მოსმენა ისეთივე ეფექტურია, როგორც ვარჯიში გონებრივი დაღლილობის შესამცირებლად. საფრანგეთში, ნიცაში, ბურგონის ფრანშ-კონტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკური ვარჯიში და მუსიკის მოსმენა ხსნის გონებრივ დაღლილობას. კვლევაში მონაწილე 37 მოხალისე ჯგუფებად დაიყო. მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაღლილიყვნენ ისეთი აქტივობებით, რომლებიც მოიცავდა ფოკუსირებას და ტვინის ვარჯიშებს. შემდეგ ერთი ჯგუფი აკეთებდა სავარჯიშოებს, როგორიცაა ფეხით და ველოსიპედით სიარულო, ხოლო მეორე ჯგუფი უბრალოდ უსმენდა საყვარელ მუსიკას. ბოლო ჯგუფს არაფერი სთხოვეს. აქტივობების შემდეგ ჯგუფებს ხელახალი ტესტირება ჩაუტარდა. დადგინდა, რომ ვინც ფიზიკურ ვარჯიშს აკეთებდა და მათ, ვინც მუსიკას უსმენდა გონებრივ დაღლილობის მოხსნასთან დაკავშირებით ერთიდაიგივე შედეგი გამოიღო.
კვლევები ჟურნალ Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
ეკონომიკის მინისტრმა შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ქალაქ შანხაის რიგით მეოთხე იმპორტის საერთაშორისო ექსპოს ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ცერემონიას უცხოელი მონაწილეების დიდი ნაწილი ონლაინ ფორმატში ჩაერთო.
შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით 2018 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ექსპოზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს.
აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში, საქართველოს ბიზნესდელეგაცია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ორჯერ მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია იყო დივერსიფიცირებული და მოიცავდა როგორც სურსათს, ასევე სამრეწველო ნაწარმს.
ამასთან, გამოფენაზე 2019 წელს საქართველოს სტენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს ექსპოს მონაწილე 190 ქვეყანას შორის. გამოფენამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.