Items filtered by date: ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა. დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.

შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. [რეფორმებს] შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს.

ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნესინვესტიციების მოსაზიდად. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021 10:11

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება!

არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა.

მინდა მოვულოცო გამარჯვება ახლადარჩეული ადგილობრივი საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში.

არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამეთუ უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისათვის.

ნიშანდობლივია, რომ  ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა, და არც საზოგადოება.

ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას. საზოგადოებას კი მშვიდობა,  პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ  მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს.

დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა: რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია? რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით...

რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან?

რეალურად, ჩატარებული არჩევნები გვაძლევს ამის შესაძლებლობას დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომელებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ეს არის და უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი.

მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში. თქვენი იმედი მაქვს!

მაგრამ მთავარი, გაერთიანების თუ არა, დაწყნარების მაინც ფაქტორი, შეიძლება იყოს გარკვეული მიზნების განხორციელებაზე მუშაობა, რომლების მიმართაც ვართ საქმით, თუ სიტყვით გაერთიანებულნი.

ასეთი ერთი და პირველი საკითხია პანდემია: ჩვენ მომსწრენი ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი: სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად.

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ  იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. დაბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირად შიშებს და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას  დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს! პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არა ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და დავძლიოთ პანდემია.

მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული: სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე,  რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი!

სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები, და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე. მართალია, საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ, ბევრად გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას, პრაქტიკულად იგნორირებული იქნა ქვეყნის რეალური საჭიროებები და მოქალაქეების  უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ერთი მხრივ, ხელისუფლება  კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლებით, როცა პარალელურად, მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ  გაუარესებას. ოპოზიცია კი, სულ სხვა,  ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა.  ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახდა  პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი.

პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თუ ქვეყანა, პარტიები, ოპოზიცია, თუ უმრავლესობა დაუბრუნდება რეალურ პრობლემების და რეალურ გამოწვევების გადაწყვეტას.

პრეზიდენტის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური