Items filtered by date: ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წევრებთან აქტუალურ საკითხებზე შეხვედრები გრძელდება.
ქუთაისის 60+ კლუბის წარმომადგენლებისთვის, ლიბერთის მიერ მოწყობილ ახალ სამზარეულო სივრცეში, კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა ცნობილმა შეფმა და რესტორატორმა ქეთი ბაქრაძემ.
60+ კლუბის წევრებს, კოვიდ-19 პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა მაია რუხაძე.
შეხვედრას შეუერთდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიერქტორის მოადგილე პაატა იმნაძე და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.
უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ლიბერთი არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივა „60+ კლუბები“ , რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ არის მუნიციპალური სერვისი, წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ზრუნვა, მათთან მარტივი ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ქართველ ქალებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მათთვის დაუძლეველი არაფერია და ნებისმიერი სფეროს ათვისება შეუძლიათ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ნავთობკომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი თქმით, მიუხედავად ამისა, "სოკარის" მეგობარს, განათლებით ფილოსოფოს და ხელოვნებათმცოდნე - ელენე სიდამონიძეს, რომლის გატაცებაც მეკლდეურობა და „ოფ-როუდია“, ხშირად ესმის ხოლმე საყვედურნარევი შეგონებები: „კლდეზე ცოცვა რა გოგოს საქმეა?“, „მანქანა რა გოგოს საქმეა?“, „როდის უნდა დაჭკვიანდე?“ და ა.შ.
ამას ელენესთვის ხელი არ შეუშლია და დღეს ის Rally Adventure Georgia 2021-ის გამარჯვებულია.
საინტერესოა, როგორ დაიწყო ელენეს თავგადასავალი „ოფ-როუდში“ და თავად რას ფიქრობს იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც ამ გზაზე (უფრო სწორად, ჩვენს შემთხვევაში უგზოობაში) უწევს:
„მანქანას რამდენიმე წელია ვმართავ, ძალიან მაინტერესებდა და ჩემით ვისწავლე. სამწუხაროდ ამ ეტაპზე საკუთარი ავტომობილი არ მყავს და პერიოდულად ვქირაობ ხოლმე, რათა ეს ინტერესი დავიკმაყოფილო. ამ ზაფხულს მეგობარმა შემომთავაზა მისი 4x4 გამავლობის მანქანა მეცადა უგზოობაზე და ასე დაიწყო უფრო დიდი “off road” თავგადასავალი. უგზოობაზე მართვამ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამიჩინა და დავრეგისტრირდით სათავგადასავლო რალიზე - Rally Adventure Georgia, რაც გულისხმობდა 6 დღეში 1500 კილომეტრის შემოვლას საქართველოს გარშემო, ძირითადად უგზოობაზე. რეგისტრაციიდან რალის დაწყებამდე მოსამზადებელ პერიოდში მივხვდი, რომ ამ ამბავს უკვე სერიოზულად ვუყურებდი და ავტოსპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა.
ვფიქრობ, სირთულეების დანახვა და გადახალვა ინდივიდუალურია, კონკრეტული დაბრკოლებები, რაც ამ სპორტში მრავლად და მრავალგვარი გვხვდება, ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს დიდი სირთულე, მეორემ კი ბევრად მარტივად გადალახოს, ამიტომ, უნივერსალური „პრობლემა“ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცოდნის და პრაქტიკის ნაკლებობა. ერთია, იცოდე მანქანის მართვა და მეორეა მართავდე მანქანას უგზოობაში, რაც ავტომობილის და მისი მუშაობის პრინციპის ზედმიწევნით კარგ ცოდნას მოითხოვს, რათა რთულ პირობებში მაქსიმალურად სწორად გამოიყენო მისი შესაძლებლობები. როგორც წესი, გოგოებს გვაკლია ხოლმე ის ცოდნა, რაც პრაქტიკაში მიიღება. ეს თავისთავად უფრო რთულს ხდის ჩვენს ასპარეზობას. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ გოგოების ავტოსპორტში მონაწილეობას და მგონია, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია.“
ელენე მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და დარწმუნებული ვართ, მომავალში წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები ელის.
მანამდე კი, ერთი უბრალო ჭეშმარიტება გადავიმეოროთ: #ქალივიციმესაჭესთან
გამოქვეყნებულია სპორტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან და მისიის სხვა წევრებთან ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, კოვიდ-პანდემიის გავლენასა და მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა პროგნოზირებულზე სწრაფად განვითარდა. შედეგად, წინასწარი შეფასებით, წინა წელთან შედარებით, უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, 9 თვის ზრდის ტემპი კი 11.0 პროცენტს გაუტოლდა. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ელის, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომლის თანახმადაც 2021-2026 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. 

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებს. 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროგრესი და სამოქმედო გეგმა, კერძოდ, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიმდინარე აქტივობები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის განხორციელების პერსპექტივები და სხვა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ხორვატიის საელჩოები საქართველოში.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ქალებსა და გოგოებს, რომლებმაც ძალადობა იწვნიეს. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
გასული წლების მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მათ შორისაა, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, გენდერული კვოტირების შემოღება, ამ კანონების აღსრულების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტების გაძლიერება, სხვადასხვა დისკრიმინაციული სოციალური სტერეოტიპის დაძლევა, ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული სერვისების მიწოდება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ქალთა შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობის, გამყარებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ქართველი ქალები და გოგოები კვლავ განიცდიან ძალადობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოში გრძელდება სექსუალური ძალადობა, რასაც სხვა მიზეზებს შორის, საზოგადოებრივი დამოკიდებულების არასაკმარისი ცვლილებაც განაპირობებს. მოსახლეობის თითქმის მესამედი თვლის, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები თავად ახდენენ თავდასხმის პროვოცირებას. ასეთი დამოკიდებულების გამო, ბევრი ქალი დანაშაულის შეტყობინებას ერიდება და დახმარებას არ ითხოვს. სექსუალური ძალადობის შეტყობინების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.
ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე დგანან ქალები და გოგოები მოწყვლადი სოციალური ჯგუფებიდან, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ამ მხრივ, მდგომარეობას ამწვავებს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.
ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი გავლენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე კვლავაც დაბალია. ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა შედარებით გაიზარდა 2020 და 2021 საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგად, თუმცა საქართველოს პოლიტიკაში კვლავ კაცები დომინირებენ.
ყველა დონის სახელმწიფო უწყებამ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, რაც გენდერული ძალადობის პრევენციის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სტამბოლის კონვენციის შესასრულებლად (გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიციის ჩათვლით). ეს ასევე წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც ქვეყანამ 2021 წელს გლობალური მოძრაობის „თანასწორობის თაობის“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო კოალიციის ფარგლებში აიღო.

პოლიციისა და სასამართლო ინსტიტუტების მხრიდან მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. აუცილებელია პრევენციული სტრატეგიების გააქტიურება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის ისეთი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს კაცებისა და ბიჭების ჩართულობას მავნე სტერეოტიპებთან ბრძოლაში.

ყოველმა ჩვენთაგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებაში და ისეთი მომავლის მშენებლობაში, რომელშიც ყველას ექნება წარმატების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეალური შესაძლებლობა.
მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში.

წყარო: გაეროს ოფისი საქართველოში

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მსოფლიოს 2023 წლის თასის შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ ფიბა-მ მსოფლიოს მასშტაბით გამოარჩია 10 მძიმე ფორვარდი, რომლების თამაშიც დიდ ყურადღებას იქცევს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი მონაცემებით, ათეულშია საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბეტისის“ თავდამსხმელი ბექა ბურჯანაძე.

„სევილიის „ბეტისის“ ფორვარდი სასარგებლოა როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრიდან, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით „ვალენსიასთან“ მატჩისას. 31 ოქტომბერს ქართველის დიდი დახმარებით (7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო) „ბეტისმა“ „ვალენსია“ სენსაციურად დაამარცხა – 84:81.

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ბურჯანაძე საშუალოდ 13.3 ქულას, 6.3 მოხსნასა და 1.5 პასს აგროვებდა,“ – ვკითხულობთ ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.

ბექას გარდა ტოპ-10 მძიმე ფორვარდებში მოხვდნენ: აბუ გაკუ (ანგოლა), ჯეიმს ოკელო (უგანდა), ემანუელ ტერი (აშშ), ალექსანდრ ჩასანგი (საფრანგეთი), მატიას კალფანი (ურუგვაი), იოჰან ვოიტმანი (გერმანია), კაილ ვილტიერი (კანადა), მაკრამ ბენ რომდანე (ტუნისი), როდიონს კურუჩსი (ლატვია).

ტექსტში არაფერი წერია თორნიკე შენგელიაზე.  პუბლიკაციის ავტორმა თოკოს გვარი იმიტომ არ შეიტანა, რომ იგი ევროლიგის გუნდს წარმოადგენს. ევროლიგელებს კი მსოფლიოს ჩემპიონატის ნოემბრის ფანჯარაში არ უშვებენ. შენგელია გამონაკლისია, მას ცსკა-სთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით საქართველოს ნაკრებში უშვებენ.

გამოქვეყნებულია სპორტი

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ აუქციონზე მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის 54 გვერდიანი ხელნაწერი 11,7 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, ხელნაწერი, რომელიც აინშტაინმა და მისმა ახლო მეგობარმა ინჟინერმა მიშელ ბოსომ 1913-1914 წლებში შექმნეს და ფარდობითობის თეორიის მოსამზადებელ კვლევებს მოიცავს, პარიზში, Christie's აუქციონზე გაიყიდა.

ხელნაწერზე საუბრისას ექსპერტმა ვინსენტ ბელოიმ განაცხადა, რომ აინშტაინის 1919 წლამდელი სამუშაო დოკუმენტები უკიდურესად შეზღუდულია, ამიტომ დოკუმენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„აინშტაინი ძალიან ცოტა ჩანაწერს აკეთებდა, ამიტომ ის ფაქტი, რომ ხელნაწერი შემორჩა და ჩვენამდე მოაღწია, მას აბსოლუტურად არაჩვეულებრივს ხდის“. - თქვა ბელოიმ.

აუქციონის სახლმა ხელნაწერის ღირებულება 2-დან 3 მილიონ ევრომდე შეაფასა. მყიდველის ვინაობა არ დასახელებულა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური