Items filtered by date: ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ლი იენი

2021 წლის 8-11 ნოემბერს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის ცენტრალური კომიტეტის მე-6 პლენარული სხდომა ჩატარდა. ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა და „ასწლეულის ორი მიზნის“ განხორციელების საკვანძო მომენტი დადგა. ეს პლენუმი ჩინელი ერის აღორძინების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
პლენუმის მიერ მიღებული „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება პარტიის საუკუნოვანი ბრძოლის ძირითადი მიღწევებისა და ისტორიული გამოცდილების შესახებ“ - ამ სხდომის მთავარი შედეგია. ძველი ჩინური გამოთქმის მიხედვით, „ისტორია გვასწავლის აღმავლობასა და დაცემას“. ისტორიის შესწავლა და დასკვნების გაკეთება, ისტორიული გამოცდილების გაზიარება და გამოყენება, ისტორიიდან სიბრძნისა და სიძლიერის მიღება - ეს ის მნიშვნელოვანი მიზეზებია, რის გამოც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის გაძლიერების გზაზე უწყვეტი გამარჯვება და წარმატება მოიპოვა. დადგენილებაში ნათლად ჩანს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ისტორიის განვითარების კანონზომიერებას კარგად იცნობს და ისტორიით ნაკარნახევი პოლიტიკური თვითშეგნება აქვს. იგი აჩვენებს, რომ ახალ ისტორიულ მოგზაურობაში ჩინეთის კომუნისტური პარტია თავდაპირველ მისიას და უკეთესი მომავლის შექმნის ადრინდელ პასუხისმგებლობას არ ივიწყებს, რასაც ღრმა ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
წარსულის ცოდნა, მომავლის გზას ანათებს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა აღნიშნა: „რეალობის უკეთ დასანახად და მომავლის განსაჭვრეტად, წარსული უნდა დავიხმაროთ. ჩინეთის კომუნისტური პარტიის საუკუნოვანი ბრძოლიდან უნდა დავინახოთ წარსულში რატომ მივაღწიეთ წარმატებას, მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ მომავალში როგორ გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა“. ჩინეთის კომუნისტური პარტია აცნობიერებს, რომ ჩინეთის პოლიტიკურმა ცივილიზაციამ და პოლიტიკურმა სისტემამ ჩინეთის სოციალურ ნიადაგზე უნდა გაიდგას ფესვები და სხვა ქვეყნების პოლიტიკური სისტემების გადმოღება არ ივარგებს. ამავდროულად, ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზას და რეალური ქმედებებით გააგრძელებს მსოფლიო ცივილიზაციის მრავალფეროვნების დაცვას, ხელს შეუწყობს განვითარების სხვადასხვა მოდელებს შორის კავშირსა და გამოცდილების გაცვლას. ფაქტები მოწმობს და მომავალშიც ასე იქნება, რომ ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა სხვებს თავზე მოახვიოს თავისი სოციალური სისტემა და ე.წ. „დემოკრატიული მოდელი“, ყოველთვის კრახით მთავრდება.
ხალხი უპირველეს ყოვლისა, დიადი საქმის გაგრძელება. ჩინეთის კომუნისტური პარტია არსებობს ხალხიდან, ხალხის მეშვეობით და ხალხისთვის. საუკუნოვან ბრძოლაში, იქნებოდა ეს „დოვლათიანი საზოგადოების შექმნის გზაზე არც ერთი კაცი უკან“ თუ „ხალხის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერ ფასად“, ჩინეთის კომუნისტური პარტია ხალხს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა. სწორედ ამიტომ, ჩინეთის კომუნისტური პარტია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ყველა ქვეყანას, ყველა ერს, ყველა ხალხს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები უნდა ჰქონდეს. ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩინეთს ისტორიისა და ეპოქის სიმაღლეზე დადგომისკენ უბიძგებს, ჩინეთისა და მსოფლიოს საერთო ინტერესებიდან და მთელი კაცობრიობის საერთო კეთილდღეობიდან გამომდინარე, "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნას საკუთარ მოვალეობად აღიქვამს, აქტიურად უწყობს ხელს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, დაუღალავად ისწრაფვის მთელი კაცობრიობის საერთო ღირებულებებისკენ, მაღალი ხარისხით ახორციელებს "სარტყლისა და გზის" ინიციატივას და გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმას უდგას სათავეში.
თანამშრომლობა და ბედისწერის გაზიარება. ჩინეთის კომუნისტური პარტია მთელ სამყაროზე ფიქრს გულში ატარებს. მიმდინარე საუკუნოვანი ბრძოლის მანძილზე, კაცობრიობის ბედის საკითხს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს და მსოფლიოს პროგრესულ ძალებთან ერთად წინ მიიწევს. „რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?“ - ამ ეპოქალურ შეკითხვებზე პასუხად, პრეზიდენტი სი ძინფინგი „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნის უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა. ჩინეთი მხარს უჭერს სხვა ქვეყნებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოების, საერთო კეთილდღეობის, ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი მსოფლიოს შენებას. ჩინეთი განუხრელად უწყობს ხელს „სარტყლისა და გზის“ მაღალი ხარისხით განვითარებას, რათა მაღალმა სტანდარტებმა სარგებელი მოუტანოს ხალხს და მდგრადი თანამშრომლობის პროექტებმა მეტი შედეგი გამოიღოს. ამასთან, ღია დამოკიდებულებას ინარჩუნებს თანამშრომლობის სხვა ინიციატივების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ ერთობლივ განვითარებას.
მომავალ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდება. ბოლო 30 წელში, საქართველო ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ზრდისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხის მიერ რეფორმებისა და გახსნილობის და „ასწლეულის ორი მიზნის“ განხორციელების მომსწრეა. საქართველო, ჩინეთის მიერ წამოყენებული უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის მხარდამჭერი და მონაწილეა, იგი ერთი-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას და ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს. ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორისა და პირველი საექსპორტო ბაზრის პოზიციას. ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური თანამშრომლობის ხელშესაწყობად, ეპიდემიისგან თავის დაღწევაში საქართველოს დასახმარებლად, ჩინური მხარის მიერ ინიცირებული „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების“ კონცეფციისა და პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ჩინური ვაქცინების გლობალურ საზოგადოებრივ პროდუქტად“ გარდაქმნის თაობაზე გაცემული დაპირების თანახმად, ჩინეთი საქართველოს ვაქცინების 2.8 მილიონი დოზით დაეხმარა, რომელთაგან ნაწილი საჩუქრად გადასცა, ხოლო ნაწილის კომერციულად შესყიდვაში დაეხმარა. ორი ქვეყნის მეგობრობა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო გამოიბრძმედა.
განვლილ გზას თვალს თუ გადავავლებთ, ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ახალი ისტორიის საწყის წერტილზე ვდგავართ და წინ წასასვლელი გზა აქამდე არნახული ფათერაკებითა და გამოწვევებითაც რომ იყოს სავსე, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინელი ხალხი ასწლიანი ისტორიიდან უზარმაზარ ძალას შეიძენს, შეუპოვრად წინ წავა, ახალ ეპოქაში და ახალ მოგზაურობაში უფრო დიდ გამარჯვებასა და დიდებას მოიპოვებს და კაცობრიობაც ერთმანეთთან მხარში დგომით უკეთეს მომავალს შეეგებება!

გამოქვეყნებულია ჩინეთი

24 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში (მის: თელავის #20) „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მოხდება კომიტეტის საქმიანობისა წარდგენა და საქართველო-ყაზახეთს შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ჭრილში აქტუალური თემების განხილვა.
ღონისძიებას გახსნის ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ბაურჟან მუხამეჯანოვი.
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი მოწვეულ სტუმრებს გააცნობს ინფორმაციას გაერთიანების საქმიანობის შესახებ და ისაუბრებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლებზე. გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის გეგმებზე კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე ისაუბრებს.

ღონისძიების სპიკერები არიან:
• „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშილი - გაერთიანების საქმიანობის პრეზენტაცია და საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლების მიმოხილვა;
• „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯრომარე, ლევან სულაბერიძე - კომიტეტის საქმიანობის პრეზენტაცია;
• საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი - „საქართველოს მიმდინარე სატრანსპორტო პროექტები ქართულ-ყაზახური სავაჭრო ურთიერთობების ჭრილში”;
• საქართველოს „ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გოგა დობორჯგინიძე - „ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გავლენა ყაზახურ-ქართულ სავაჭრო ურთიერთობებზე”;
• საქართველოს „ექსპედიტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზვიად ჩხარტიშვილი - „საქართველოს ნავსადგურების განვითარების პერსპექტივა”.
ღონისძიების დასასრულს, გაიმართება დისკუსია და შეხვედრას შეაჯამებს გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე.

ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გამგეობის გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ.
ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პეკინის XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა 678 კერძისგან შემდაგრი მენიუ შეადგინეს, რომლებსაც თებერვალ-მარტში ათლეტებს შესთავაზებენ, ყოველდღიურად კი ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 200 დასახელების კერძი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

როგორც ცნობილი გახდა ამასთან ერთად, თამაშების სასადილოებში გამოიყენებენ სპეციალურ ბიო-ჭურჭელს.

მენიუ  შემუშავებულია სპორტსმენთა სხვადასხვა დიეტური მოთხოვნების გათვალისწინებით და დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ემთხვევა ადგილობრივ ფესტივალს. მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საკვები სპორტსმენებს საშუალებას მისცემს სრულად გაეცნონ ჩინურ სამზარეულოს.

თამაშების დროს საზოგადოებრივი კვების სამსახური მკაცრად დაიცავს ეპიდსაწინააღმდეგო წესებს, კვების ზონები მომარაგებული იქნება პირბადეებით, ხელთათმანებით და სადეზინფექციო საშუალებებით. COVID-19-ის კონტროლის შესამსუბუქებლად ასევე ამოქმედდება დეზინფექციის, სიცხის საზომი მოწყობილობები და დამხმარე რობოტები.

გამოქვეყნებულია სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილმა და სებასტიან მოლინეუსმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის საკითხები მიმოიხილეს.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მსოფლიო ბანკის ჩართულობა დასაფასებელია. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის გამოყო ფინანსური სახსრები, რაც ჯამში 2,7 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელი კი 12 აქტიური საინვესტიციო პროექტისა და განვითარების პოლიტიკის ოპერაციებისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 928 მილიონი აშშ დოლარია. საუბრისას აღინიშნა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე ორიენტირებულმა პროექტებმა ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის ეტაპობრივი აღდგენის პროცესს დიდი სტიმული მისცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს, ამიტომ რეგიონული განვითარების პროექტები მთავრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულია, ამ კუთხით კი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. საუბრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. პირველი მათგანია ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ამზადებს მსხვილ და ვიტყოდი - გარდამქმნელ სარეფორმო პროგრამას, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები, რაც ქვეყნის ბევრ მოქალაქეს ძალიან ძვირი უჯდება. იგივე მოლოდინია საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ პიზას (PISA) საერთაშორისო რეიტინგში ქვეყანა დაწინაურდება და ადრეული სასკოლოდან საუნივერსიტეტო დონემდე სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მესამე მიმართულებაა სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რათა დაიხვეწოს მიზნობრიობა და დახმარება ისეთმა ოჯახებმა მიიღონ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მას - თან ბავშვებიანმა ოჯახებმა. ეს არის ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი. ჩვენი საუბრის პირველი მთავარი თემაც ეს გახლდათ. მეორე საკითხი იყო ახალ კორონავირუსზე რეაგირების ზომები, რათა მთავრობის მიერ განხორციელებული დადებითი ინიციატივები - მწვანე პასპორტები, ხანდაზმულებისთვის ფინანსური დანამატები - გაგრძელდეს და გაძლიერდეს მძლავრი საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით. ყოველივე ამის მიზანია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია. მესამე საკითხად განვიხილეთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გასაზრდელად, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი? კიდევ რა რეფორმაა საჭირო მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად? აქ საუბარი მაქვს კონკრეტულად კლიმატის დღის წესრიგზე. და ბოლოს, რა არის საჭირო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ციფრული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საქართველოში?

ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ ეხებოდა ლოგისტიკას. როდესაც საუბარია რეგიონალურ დაკავშირებადობაზე და ინტეგრაციაზე, საქართველო ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ასევე გლობალურად, რადგან ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია აქ, ამ რეგიონში",- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური