Items filtered by date: სამშაბათი, 16 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – შეიქმნება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტების დასამზადებლად ეროვნულ არქივში დაცული ძეგლები შეირჩა. 

ასომთავრულს საფუძვლად დაედება IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი  XVII  საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნება. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი. 

„მოხარულები ვართ, რომ ხელნაწერი შრიფტების გალერეას – „ჯეპრას“ სპეციალურ პროექტს, რომელსაც საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა, სამი გამორჩეული შრიფტი შეემატება და ამით კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს ქართული დამწერლობის განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზებას. იუნესკოს წარმომადგენლობაც ხომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ იმ ფაქტმა მოხიბლა, რომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა დღესაც ცოცხალია, დღესაც გამოიყენება სასულიერო სასწავლებლებსა თუ ღვთისმსახურებაში და სკოლიდანვე ისწავლება სამივე მათგანი.“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.

„საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული. ნომინაციის გამარჯვებიდან 5 წლის საიუბილეოდ ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თვალსაჩინო მაგალითია. ქართული ხელნაწერების იმ მდიდარი კოლექციიდან, რასაც ეროვნული არქივი ინახავს, შეირჩა სხვადასხვა ეპოქისა და შინაარსის გამორჩეული კალიგრაფიით შესრულებული ნიმუშები," - განაცხადა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.

„ეს შრიფტები – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებულ ძველ ხელნაწერებს ეფუძნება. ანბანდიდი სახარების ასომთავრული შრიფტი IX საუკუნის სისადავეს ასახავს. ნუსხურ შრიფტში („გრაგნილი“) განვითარებული შუა საუკუნეების ხელოვნების დეკორატიულობა ჩანს. მხედრული შრიფტი („მედეა“) კი ჩემთვის განმანათლებლობის ეპოქასთან ასოცირდება. სამივე მარტივად კითხვადი და დახვეწილია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ შრიფტებით შესრულებულ ნიმუშებს უახლოეს მომავალში ბევრგან ვიხილავთ,“ – განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

„ქართული ანბანის სამივე სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკომ 2016 წლის 30 ნოემბერს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. სწორედ ამ ფაქტის 5 წლის საიუბილეოდ საზოგადოება ახალ შრიფტებს – „ანბანდიდს“, „გრაგნილსა“ და „მედეას“ გაეცნობა.

ანბანის სამი სახეობის შრიფტების წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 30 ნოემბერს გაიმართება.

გამოქვეყნებულია კულტურა

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას დიდი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ გვინდა ეს მხარდაჭერა გამოვიყენოთ აქტიურად, რათა საქართველოს და ევროკავშირის ღირებულებები დავაახლოვოთ ერთმანეთს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“, მენტორმა ქეთევან მურღულიამ განუცხადა.

ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით დაარსდა. მისი დამფუძნებელია ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინი, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით - ილიას გზით ევროპისკენ. დღეს ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკულ წიგნების თაროს, რომელიც ამერიკული კუთხეების ქსელის ნაწილია.

ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც თელავში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა, მისი უშუალო მხარდამჭერი, კორპორაცია "ქინძმარაულის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

„ჩვენი ძირითადი მიზანი, რის გამოც გადავწყვიტეთ, საქართველოს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივასთან მიერთება, არის ის, რომ აქტიურად მოვახდინოთ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, გავაცნოთ ადგილობრივ მოსახლეობას ევროკავშირის პროექტები, და დავაახლოვოთ ევროკავშირს ქართული საზოგადოება. რაღა თქმა უნდა ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს ნათელი მომავალი და ჩემს 90 კოლეგასთან ერთად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მყარი გავხადოთ ჩვენი ევროპული მომავალი“, - ამბობს ქეთევან მურღულია. 

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და უკვე ხუთი წლის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია, სწორედ აი ამ ახალგაზრდების გამორჩეული მონდომებით და შრომით. ისინი მომზადებას გადიან, როგორც ტრენერები, თავად იღებენ ყველა ინფორმაციას რაც მათ აინტერესებთ ევროინტეგრაციის შესახებ და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციას რაიონებში ავრცელებენ. „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით  რუსული პროპაგანდის ფონზე, როდესაც ათასი მითი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რაიმე საფრთხეს უქმნის ან ჩვენს იდენტობას ან კულტურას და ასე შემდეგ, რაც არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად მცდარი და ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ არაკეთილგანწყობა გამოიწვიოს მოსახლეობაში და შეამციროს ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ამ კურსს საბედნიეროდ აქვს წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა და უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი“ - ქეთევან მურღულიამ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიება, ყვარელში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა. ღონისძიება საიბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელსაც თან ახლდა კორპორაცია "ქინძმარაულის" საუკეთესო ღვინის ჯიშებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი არომატის მქონე სასმელები.

ავთანდილ ოთინაშვილი

ფოტოების ავტორი: თორნიკე ზიზიაშვილი / ევროკავშირი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური