ცესკოს თავმჯდომარე ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღეს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის „საერთაშორისო დემოკრატია“ წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაციის საარჩევნო საკითხების განვითარების მენეჯერმა მარიტ ბჟორნლუნდიმ და საარჩევნო საკითხების განვითარების სპეციალისტმა მარტინა პერინომ გიორგი კალანდარიშვილს 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
მარიტ ბჟორნლუნდი და მარტინა პერინო არჩევნების დღეს თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. დაკვირვების შედეგად მათ აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მომზადების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ზოგადად საარჩევნო პროცესი კი გამჭვირვალედ წარიმართა. ისინი ასევე იმყოფებოდნენ კრწანისის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ცესკომ საპილოტე პროექტი განახორციელა. „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლების განცხადებით ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საარჩევნო პროცედურებს. უცხოელი დამკვირვებლების განცხადებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მაგალითის მიმცემია სხვადასხვა მიმართულებით.
თავის მხრივ ცესკოს თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.
ცესკომ ბიულეტენების ხელახალი დათვლის შესახებ ინფორმაცია წარადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბიულეტენების ხელახალი დათვლის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. წელს პირველად, საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ვალდებულება, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელახლა დაეთვალათ შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. საარჩევნო ადმინისტრაციამ უმოკლეს ვადებში - 4 ოქტომბერს (კანონმდებლობით გადათვლის უკიდურესი ვადა კენჭისყრიდან მეექვსე დღეა) გადათვალა შესაბამისი საარჩევნო უბნების ბიულეტენები.
საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას, ასევე ცხადყო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ეფექტიანი მუშაობისთვის დამატებითი მოტივაცია მისცა.
გადათვლის ცენტრებში უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. კრწანისის გარდა, გადათვლა ყველა საარჩევნო ოლქში განხორციელდა. ხელახალი დათვლის პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. რაც შეეხება კრწანისს, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რადგან აღნიშნულ ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდა.
რაც შეეხება სტატისტიკას, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
გადათვლის ცენტრებში სრულად იყო გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდა.
გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე:
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა (ვიდეო)
საქართველოში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კახეთში, წინანდალში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი შედეგიანია და რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება. „აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ. მან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს და ამ კუთხით ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიაზე გააჟღერა.
თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ქართველ კოლეგას ნაყოფიერი შეხვედრებისთვის და მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. „შეხვედრებზე განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სხვა მიმართულებებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პერსპექტივით განვიხილეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
„დღევანდელი შეხვედრები წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ნიმუშს. სამმხრივი შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა მოძმე და მეგობარ ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და სამმხრივ ფორმატში გადასადგმელი ნაბიჯები. განვიხილეთ მომავალი პერსპექტივები და ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.
მინისტერიალის დასასრულს, სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
სტატისტიკური მონაცემები 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც, უნდა აღინიშნოს, რომ აღბეჭდავდა სპეციალური ვიდეოკამერები; ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით ყველა დაინტერესებული პირისათვის იყო ხელმისაწვდომი.
თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად, და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია.
პირველ რიგში, გვინდა შეგახსენოთ, რომ თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა:
აღნიშნული ადასტურებს, რომ კომისიის თითოეული წევრი, როგორც პარტიული ნიშნით დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული, დეტალურად იყო ინფორმირებული, როგორც უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის თაობაზე, ისე იმის შესახებ, თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა თითოეულ ამომრჩეველზე და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც, შესაბამისად, სწორედ მათი ხელმოწერებით დადასტურდა კიდეც შემაჯამებელ ოქმებში.
დეტალურად იხილეთ სტატისტიკა, თუ რამდენი განსხვავებული აზრი, რამდენი შესწორების ოქმი და ახსნა-განმარტება დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში:
აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან იკვეთება, განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 65 000-ზე მეტი წევრიდან მხოლოდ 8-მ. შეგახსენებთ, რომ შედგა 11 159 შემაჯამებელი ოქმი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შედგა შესწორების ოქმები: სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან დაკავშირებით - 275, ბათილ ბიულეტენებთან მიმართებაში - 66, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით - 42, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე - 138 და ამომრჩეველთა აქტივობაზე - 41. ასევე, ახსნა-განმარტებები შეეხებოდა: რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებას – 176, შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროს - 292, შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის გამორჩენას ან არასწორად მითითებას - 123, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენას – 68, შემაჯამებელ ოქმში ბეჭდის ნომრის არქონას ან არასწორად მითითებას - 61, შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის ჩაწერის გამორჩენას - 55 და სხვადასხვა მიზეზით 235.
ამასთან განვმარტავთ, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი შესაძლოა ხმას აძლევდეს არჩევნების მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, ან მერისა და პროპორციულ ნაწილში. აქედან გამომდინარე, ასეთი ამომრჩეველი ვერ მიიღებდა სამივე სახის ბიულეტენს, ვინაიდან არ მონაწილეობდა მაჟორიტარულ, ან მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში.
ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში შეადგენდა (პენიტენციური დაწესებულებები და მიმაგრებული უბნები) 6 247-ს, თუმცა მათგან მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 5 350-ს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 356-ს. შედარებისთვის, 2020 წელს სპეციალურ სიაში იყო 9 797 ამომრჩეველი. პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 3 712-ს, მერის არჩევნებში - 148-ს, ხოლო ადგილობრივი მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება - 28-ს.
2021 წლის არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად შეადგენდა 63 112-ს (2020 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 45 905 წევრს). სპეციალურ სიებში შეყვანილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებიდან (საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) რეგისტრირებული იყო 25 495 ამომრჩეველი, მათგან მაჟორიტარული სისტემით მონაწილეობა მიიღო 10 526-მა ამომრჩეველმა.
შედარებისთვის, 2020 წლის არჩევნებზე სპეციალურ სიებში იყო 23 114. პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით ბიულეტენი ეკუთვნოდა 17 497-ს, მერის არჩევნებში - 225-ს, ხოლო ადგილობრივი მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება - 1 176-ს.
იმ დეტალურ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც წარმოგიდგინეთ, გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ე.წ. დისბალანსი (საარჩევნო ბიულეტენების მეტობა ან ნაკლებობა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამთან მიმართებით), ბუნებრივი მიზეზების გამო, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ისე თითოეული პროცედურის გათვალისწინებით:
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში აკეთებს მხოლოდ ერთ ხელმოწერას. მიუხედავად იმისა, რომელი სახის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მას და რამდენი საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა მასზე. შესაბამისად, მისი ხელმოწერა სამივე სახის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში აისახება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში.
კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამივე სახის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა ამომრჩეველს არ ჰქონია. მაგალითად, როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილ ამომრჩევლებს (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები; სამხედრო მოსამსახურეები, სპეციალური წოდების მქონე პირები, პატიმრობაში მყოფი პირები, ამომრჩევლები, რომლებიც წვანან სამკურნალო დაწესებულებებში) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ აქვთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ ან/და მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ამომრჩეველზე არ გაიცემა შესაბამისი არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი, რაც კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას თავისთავად გამოიწვევს საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობრივ ნაკლებობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების ჯამთან მიმართებით.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების დისბალანსი (საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის მეტობა ან ნაკლებობა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობასთან მიმართებით) შეიძლება გამოწვეული იყოს ბუნებრივად შემდეგ შემთხვევებში:
- სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, რაც გამოიწვევს საარჩევნო ბიულეტენების ბათილად ცნობას (აღნიშნული კი, ხმების დაჯამებისას გამოიწვევს როგორც საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას, ასევე მეტობას ხელმოწერების ჯამთან მიმართებით, იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველზე არ გაცემულა შესაბამისი სახის საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც უნდა გაცემულიყო და ზედმეტად გაიცა შესაბამისი სახის საარჩევნო ბიულეტენი);
- რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველზე არ იქნა გაცემული შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი; რაც ბუნებრივად იწვევს საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობასთან მიმართებით;
- რეგისტრატორ კომისიის წევრს ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში გამორჩა ხელმოწერების გაკეთება, ისე გასცა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი/საარჩევნო ბიულეტენები; რაც ბუნებრივად იწვევს საარჩევნო ბიულეტენების მეტობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამთან;
- ამომრჩეველზე გაიცა საარჩევნო ბიულეტენი, მაგრამ აღნიშნულის შემდეგ ამომრჩეველმა აღარ მიიღო მონაწილეობა არცერთ ან რომელიმე სახის არჩევნებში (არ შეავსო საარჩევნო ბიულეტენი ან არ მოათავსა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები საარჩევნო ყუთში).
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ ჰყავდათ წარმოდგენილი კანდიდატები. მაგალითად, თბილისში 31 საარჩევნო სუბიექტს მაჟორიტარობის მხოლოდ 12, ხოლო მერობის 16 კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი. სავარაუდოა, რომ იმ საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლები, რომლებსაც არ ჰყავდათ ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარობის ან მერობის კანდიდატი, არჩევანს აკეთებდნენ მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, დანარჩენ შემთხვევაში კი საარჩევნო ბიულეტენში არ ხაზავდნენ არც ერთ კანდიდატს, რადგან ამ ბიულეტენებში მათთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი არ იყო წარმოდგენილი. ეს რეალობა კი ბუნებრივად იწვევდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ზრდას.
აშშ-ის საელჩოს განცხადება 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შესახებ
ევროპარლამენტართა ჯგუფი - გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა
გვსურს, ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, – ამის შესახებ ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარების შეფასებით, არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა.
„გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნების პირველი რაუნდი ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.
ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.
არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა. ამომრჩეველს რეალური არჩევანი მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია.
კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, პროცესის დროს არსებული გარკვეული პროცედურული პრობლემების მიუხედავად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია გარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც ევროპარლამენტის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში ვერბალური ან ფიზიკური კონფრონტაციით სრულდებოდა.
„ძალიან ხშირად, პოლიტიკურ დებატებში ჭარბობდა პირადი თავდასხმები, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა.
საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ასევე მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული.
საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო მეტად უნდა გაუმჯობესდეს, გათვალისწინებული უნდა იქნას ეუთო\ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტას და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას. ასევე, აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხის გადაჭრა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტი არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი დააყენონ.
„არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც პირველი ტურის დროს დაფიქსირდა. და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს. მათ პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, დაპირისპირების ფურცელი უნდა გადაშალონ ერთხელ და სამუდამოდ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ.
ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორს დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის კუთხით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოთქვამენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: კავკასიის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი
საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი, საქართველოში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გაიმართა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.
მინისტერიალში, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს მასპინძლობით გაიმართა, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი ესწრებოდნენ. მინისტერიალის დასრულების შემდეგ „სამმხრივი შეხვედრის საბოლოო დეკლარაციას“ მოეწერა ხელი, რომლის შემდეგაც მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე ჰულუსი აქარმა განაცხადა: „ჩვენ შევაფასეთ რა შეიძლება გაკეთდეს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და მომავლის შესახებ, მოვლენების ფართო პერსპექტივის გადახედვით, განსაკუთრებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.“
მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ნავთობის და ბუნებრივი აირის მსოფლიოს სხვა წერტილებში მიწოდებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
თურქმა მინისტრმა ისიც დასძინა, რომ სამივე ქვეყანა როგორც თავდაცვის ასზევე სხვა მრავალ სფეროში პარტნიორობას და მჭიდრო თანამშრომლობას სამომავლოდაც გააგრძელებენ.