რა ვერ შევძელით და რა უნდა შევძლოთ ახლა ქალებმა?
თუ ადამიანი კარგავს გრძნობებს, ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ გრძნობს, არ უყვარს არ განიცდის, ის მკვდარია, არა?
როდესაც თითქმის ერთი თვის წინ დამირეკეს და მითხრეს, მშვიდობაზე ხომ არ დაწერდიო - რატომღაც სრულიად დარწმუნებით ვუპასუხე- რა პრობლემაა-კი-მეთქი. მას მერე ვეკითხები ჩემს თავს: რატომ, რატომ, რატომ არ ვწერ? მშვიდობა, მშვიდობის მშენებლობა, ქალები, ქალთა გაძლიერება, ქალთა მონაწილეობა-ეს ხომ ისაა, რითიც უკვე 20 წელზე მეტია ვცხოვრობ, რაც ჩემი ძირითადი საქმიანობაა (წარმატებული თუ წარუმატებელი, ეს უკვე სხვა თემაა), ყოველდღიური ფიქრია.
მივხვდი, რომ ყველაფერი იწერება გონებაში, იქვე თავში მუშავდება და მერე . . . მერე შენ უნდა შეეცადო ეს გადამუშავებული გადმოიტანო. .
ვცდი . . .
80-იანი წლებში, უმაღლეს დამთავრებული დავბრუნდი ჩემს ქალაქში, დავიწყე მუშაობა, სილაღე არ მაკლდა და სუფრებიც გაუთავებელი იყო. . . პირველი სადღეგრძელოებიც მშვიდობას რომ ეძღვნებოდა-სასაცილოდ არ გვყოფნიდა. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი ლამაზი და უდარდელი იყო. ომი და მშვიდობა სრულიად არარეალურ ცნებებად მიმაჩნდა მანამ, სანამ 90-იანი წლების პირისპირ არ დავდექი.
ჭურვები, თვითმფრინავები, ცაზე გირლიანდები, აქეთაა სროლა თუ იქეთ მხარეს - ჩვენსკენ თუ ჩვენები -ჩემი ყოველდღიურობა გახდა. მეცინება, როდესაც მახსენდება ჩემი უმცროსი ძმის იმდროინდელი დარიგება: თუ დაინახე, რომ თვითმფრინავი პიკეტზე მოდის, ეს ნიშანია, რომ ჭურვებს ჩამოყრის, -შენ უნდა ჩაწვე თუნდაც სულ პატარა ორმოში, რაზეც გაოცებულმა ვკითხე: მე რომ დამეცეს-მეთქი? რას იზამ, ესე იგი ასეთია შენი ბედიო.
მერე? მერე თბილისში-დედაჩემის ქალაქში ჩამოსვლა, ჩემი სტუდენტობის და სილაღის ქალაქში დაბრუნება, წყენა ყველანაირ გართობაზე, რადგან ჩვენ, დევნილებს, არ გვილხინდა, არ გვექეიფებოდა, არაფერი გვეხალისებოდა.
არ მინდოდა დაჯერება/გაგება, რომ თბილისსაც უჭირდა, თბილისსაც შიოდა, თბილისსაც არ ექეიფებოდა. უდიდესი ტკივილი არ მაძლევდა იმის ძალას, რომ ეს ყველაფერი აღმექვა.
ნელ-ნელა ვიწყებდი რაღაცების დანახვას, ერთმანეთის მოკითხვას, გვერდში დადგომას. სოხუმში, ჩვენს ლაბორატორიაში მუშაობდა ერთი ძალიან კარგი აფხაზი გოგო, რომელმაც ყავის სმისას, დისკუსიის დროს მითხრა: ეს აფხაზური მიწაა და ვისაც არ მოგწონთ-ენგურს იქეთ მიბრძანდითო. ჰოდა, ამ გოგომ ჩვენი სხვა თანამშრომლის მეშვეობით სამძიმარი შემომითვალა ჩემს ოჯახში დატრიალებულ უბედურებაზე . მე კი, მე კი შევუთვალე: გადაეცით, ენგურს გაღმა ვართ ყველანი -მეთქი. დღესაც, 28 წლის შემდეგ მრცხვენია ამ სიტყვების. ალბათ მასაც არ მოსწონს თავისი მაშინდელი ნათქვამი, ისიც აღარაა სოხუმში, ისიც დევნილია სხვა ქვეყანაში. . .
მგონია, ჩვენს შვილებს უნდა ვუამბოთ მეტი, მოვუყვეთ საუკეთესო ამბებზე, მოვუყვეთ/ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები. უნდა ვიყოთ სანდოები, ძლიერები, ეკონომიკურად და სულიერად, უნდა გვინდოდეს და შეგვეძლოს ერთმანეთის მოსმენა, უნდა შეგვეძლოს მიტევება.
ჩემმა სოხუმელმა მეგობარმა, რომელიც დღემდე აფხაზეთში ცხოვრობს, რომლის დამსახურებაა, რომ სამსახურის ბიბლიოთეკა დღეს აქ მაქვს, ტელეფონით ერთხელ მითხრა: „Марусенька, я очень скучаю без тебя, но я боюсь войны“.
მეც მეშინია ომის!
ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება იმაზე, თუ რატომ უნდა უნდოდეთ ახალგაზრდებს აფხაზეთში დაბრუნება?
რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეთ? რა მისცემს მათ მიკუთვნებულობის განცდას? მისამართი, რომელიც დევნილის მოწმობაშია? მერე? მერე, როდესაც ჩემი თაობა წავა და ალბათ სახლში დაბრუნების დროც დადგება, რა ექნებათ მათ-ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს იმის დასტურად, რომ აფხაზეთელები ან ცხინვალელები არიან . . . ჰოდა ესეც საფიქრალია. . .
ვფიქრობ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესებში ქალთა რეალური ჩართულობა გაიზარდოს..
- მოლაპარაკებებში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობისათვის გოგონების სწავლება , ლიდერობის მნიშვნელობის გასაცნობიერებლად
- ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა
- აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალგაზრდების გაზრდილ კომუნიკაციაზე ერთმანეთს შორის-აქეთ და იქეთ მხრიდან, მათი მოტივაციის გაზრდაზე ამ პროცესებში ჩასართავად, მათი ცოდნის ამაღლებაზე მშვიდობის მშენებლობასა და უნარ-ჩვევებზე.
- ახალგაზრდებს მშვიდობის მშენებლობად მიაჩნიათ ოფიციალურ პროცესებში მონაწილეობა. საჭიროა მათთვის განმარტება, რომ სამშვიდობო საქმიანობა და ნდობის აღდგენა გაყოფილ საზოგადოებებს შორის, ყოველდღიურობა შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს მათი პიროვნული გაძლიერება, ეს შეიძლება იყოს ადგილებზე ნდობის გარემოს გაუმჯობესება
მარინა ფოჩხუა
ქალთა ასოციაცია"თანხმობის" თანადამფუძნებელი,
სატრენინგო მიმართულებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი
სამი ადამიანი დაიღუპა მოსკოვთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად
სამი ადამიანი დაიღუპა მოსკოვთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ამის თაობაზე "TRT-ქართული" იუწყება.
მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადების თანახმად, რობინსონ R-44 ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენი მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ლიტკარინოს მიმდებარედ ტყეში ჩამოვარდა.
ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფა მოხდა ტექნიკური გაუმართაობის და პილოტაჟის შეცდომის გამო და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.