ცესკოს თავმჯდომარე ორი ოქტომბრის არჩევნებს აფასებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.
„საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, რომელშიც შედიან ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები, 2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ მათი შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა.
მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის.
გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ადასტურებს რომ ცესკოს წინასწარი მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლების ნებას, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში გამოხატეს.
ამასთან აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები ასევე თანხვედრაშია ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მათ კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გასწიეს. ასევე მადლობა ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება
კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას.
როგორც უკვე მოგეხსენებათ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით. შეგახსენებთ, 2 775 საარჩევნო უბნის მონაცემებს:
- ქართული ოცნება - 47,83%
- ნაციონალური მოძრაობა - 30,69%
- საქართველოსთვის - 7,48%
- ლელო - 2,62%
- ევროპული საქართველო - 1,75%
- პატრიოტთა ალიანსი - 1,43%
- მესამე ძალა - 1,31%
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 1,22%
ყველა სხვა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტზე ნაკლები მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნების სამი მეოთხედი უკვე დათვლილია, ბუნებრივია, ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში.
ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც. თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც. კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება.
ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი.
საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ საზოგადოებას ჩვენს საერთო გამარჯვებას.
ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან ერთად დააფიქსირა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებას სჭირდება დამშვიდება, სიწყნარე, განვითარება, კეთილდღეობა, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი სიღარიბის დაძლევა და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ჩვენი ხალხის გაერთიანება.
„ეს არის ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი. რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო დღეს, ვფიქრობ, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს საარჩევნო დღემ. მე მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რომ ასევე გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მართლაც მშვიდობიანად, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და ჩვენი ქართული საზოგადოება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილს საჭირო მხარდაჭერას გაუწევენ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 8 წლის შემდეგ თავის ქვეყანაში დაბრუნებული და დაკავებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.
მათი ინფორმაციით, დ. კულებამ ტელეკომპანია „დომ“-ის ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ სააკაშვილი მათი მოქალაქეა და ამიტომ მას ყველა საჭირო დახმარება გაეწევა. "ჩვენ დავიცავთ უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომელსაც პრობლემა შეექმნება."- განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 8 წლის შემდეგ დაბრუნდა თავის ქვეყანაში, დაკავებულია.
სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2015 წლის 4 დეკემბერს ჩამოერთვა. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკრაინაში დააარსა პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ოპოზიციაში იყო.
სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს, თუმცა გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა აღუდგინა.
მიხეილ სააკაშვილი 2020 წლიდან დღემდე უკრაინის ეროვნული რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით სპეციალური საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებზე არასწორია
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება სპეციალური უბნების (ე.წ. „კოვიდ“ უბანი და პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნები) შემაჯამებელი ოქმები და პირები, რომლებიც ამ ოქმებს ავრცელებენ აპელირებენ ე.წ. დისბალანსზე. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მედიასთან განცხადება ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ გააკეთა.
„წარმოგიდგენთ მაგალითებს თუ რატომ არ უნდა დაესვას კითხვის ნიშანი აღნიშნული ოქმების სისწორეს. მაგალითად N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის N86 საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, შედგა სამი სახეობის ოქმი, რომელშიც თითქოს დისბალანსია. თუმცაღა ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ზემოაღნიშნულ უბანზე, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ პროპორციულ ნაწილში მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. პროპორციულ ოქმში სისწორე დაცულია.
ცალსახაა, რომ შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც შედგა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ე.წ. კოვიდუბნებზე, დისბალანსი იქნება, ვინაიდან სპეციალურ უბნებზე ამომრჩევლები არ აძლევენ ხმას მაჟორიტარული სისტემით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.
აქედან გამომდინარე გთხოვთ გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში; აქვე აღვნიშნავთ თუ იარსებებს ისეთი ოქმები, რომლებიც შეიცავენ ხარვეზს, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნება სათანადოდ შესწავლილი“,-განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.