Items filtered by date: ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა და დღეს უკვე ოფიციალურად ვიწყებთ GI-4-ების წარმოებას, რომლის ყველა დეტალი საქართველოში დამზადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეიში" ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება დაიწყება, - ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი", რომელიც „დელტას" ბაზაზე გაიხსნა, ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა საწარმოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ავტომატის ყველა ნაწილი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ადგილზე იქნება წარმოებული.
„ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე. ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას" და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი ადგილზე იქნება წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკომპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

გამოქვეყნებულია სამხედრო

უცხოელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს პატარა კიბორჩხალა, რომელიც სავარაუდოდ დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ჩინელმა, ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა მიანმარის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს, პატარა კიბორჩხალა, რომლის ასაკიც 100 მილიონი წლისაა. მეცნიერებმა პატარა კიბორჩხალას, რომელიც, როგორც ამბობენ, დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა, „კრეტაფსარა ათანატა“ (Cretapsara athanata) დაარქვეს. ისინი ფიქრობენ, რომ კრეტაფსარა შესაძლოა ტყის ფსკერზე მტკნარ წყალში ცხოვრობდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანიზმისა და ევოლუციური ბიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი, ხავიერ ლუკი აცხადებს, რომ ნიმუში არის ბრწყინვალე, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილია და არც ერთი საცეცი არ აკლია მის სხეულს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ჩვენ 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, როდესაც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თავისი ძალა აჩვენა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.

"გუშინ თავისუფლების მოედანზე ამ ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ხალხი, რომელმაც ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას.

აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა. მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება.

აქვე, არ შეგვიძლია ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს. ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე.

მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვებას 30 ოქტომბერს მივიყვანთ ბოლომდე.

ჩვენი მიზანია, არჩევნები მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე", - აღნიშნა ი. კობახიძემ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ლოკომობილი ერთ-ერთი იმ ბრენდთაგანია, რომელმაც ამერიკული ავტოინდუსტრიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა, მაგრამ დღეს აღარ არსებობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარ საქართველო" იუწყება.
მათი ცნობით, ტყუპი ძმები - ფრილან ოსკარ და ფრენსის ედგარ სტენლები, ამერიკის ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებლები იყვნენ. მათმა ორთქლზე მომუშავე მანქანებმა მალე მოიპოვა პოპულარობა და ბიზნესი 1898 წელს ჯონ ბრისბენ უოკერმა 250 000$-ად შეიძინა.
1899 წელს, დღის სინათლე პირველმა ლოკომობილმა იხილა, 1905 წლიდან კი კომპანიამ ორთქლზე უარი თქვა და ბენზინზე გადავიდა.
1908 წელს, სპეციალურად რბოლებისთვის შექმნილმა "მონსტრმა" - ლოკომობილ ოლდ 16-მა ნიუ იორკში ვანდერბილთის თასი მოიგო და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ამერიკული მანქანა, რომელმაც ამ შეჯიბრში ევროპულ ავტომობილებს აჯობა.
 
გამოქვეყნებულია მსოფლიო
ყალბი ამბები აზიანებს პიროვნებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გადაამოწმონ ამბავი და მისი წყარო.
ამერიკის საელჩო მხარს უჭერს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარებას. მედიის განვითარების ფონდის (MDF) პროექტ „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორიის" ფარგლებში, ვეხმარებით ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყალბი ინფორმაციის ამოცნობისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაში.
წელსვე იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში სიამოვნებთ დავუჭირეთ მხარი MDF-ის მედიაწიგნიერების ფორუმსა და ქართულ ენაზე იუნესკოს სახელმძღვანელოს: „ჟურნალისტიკა, ყალბი ამბები და დეზინფორმაცია" გამოცემას.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ყველასთვის ბმულზე: https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000375682

 წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მსოფლიო რანგის წამყვან ამერიკელ მეცნიერს, ნორთვესტერნის  უნივერსიტეტის ჩიკაგოს პროტონული ცენტრის სამედიცინო ფიზიკისა და დოზიმეტრიის დირექტორს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის პროფესორს, მარკ პანკეკს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიხეილ ჩხენკელმა ამერიკელ მეცნიერს დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი.  შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი პანკეკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდება და  ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ და კვლევით პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

გამოქვეყნებულია განათლება

იაპონურ ენერგოკომპანიასთან TEPCO Renewable Power სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განვიხილეთ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა იაპონური კომპანიის საქართველოში საქმიანობის გაფართოებისა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებში შესაძლო ინვესტირების საკითხი. აღსანიშნავია, რომ TEPCO Renewable Power-ი უკვე ფლობს 31,4 პროცენტიან წილს დარიალი ჰესში. ეს აქტივობა TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა, რაც ღიად მიანიშნებს იაპონური კომპანიის დაინტერესებაზე საქართველოთი და ზოგადად რეგიონით.

ონლაინ-შეხვედრაზე ნათია თურნავამ იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მიმდინარე წელი ორნიშნა მაჩვენებლით დაასრულოს. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოვადიან პერიოდში იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე. აღინიშნა, რომ ეს დარგი განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მეტი აქცენტის გაკეთებას ე.წ. განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე და ამ მხრივ, პოტენციური ინვესტორების მოძიებაზე. თავის მხრივ, იაპონური მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი სხვა ენერგეტიკული პროექტების მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პოტენციური საინვესტიციო პროექტების გამოვლების მიმართულებით.

ონლაინ შეხვედრაში, მინისტრთან ერთად, ასევე მონაწილეობდა სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური