ჩინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება "საქართველო ღვინის სამშობლო"
ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრატორებს მიმართა.
„30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.
სანამ უშუალოდ მეორე ტურისთვის მზადების შესახებ ვისაუბრებ, მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები.
არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-ზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია, აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.
მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა - პროფესიული ნიშნით არიან არჩეული, თუ პარტიის მიერ დანიშნული - არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური - ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს.
კარგად ჩატარებული არჩევნები - სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში - რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია - სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით, ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება - ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ნინო სალუქვაძეს სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვ. ლისინმა სპეციალური ჯილდო გადასცა
კვიპროსში გაიმართა ევროპის სროლის კონფედერაციის არჩევნები, სადაც იმყოფებოდნენ სეოკ-ის და სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თამაზ იმნაიშვილი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ საღამოზე ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონს ნინო სალუქვაძეს ცხრა ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის და აბსოლუტური რეკორდისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ლისინმა.
ეროვნულ ფედერაციაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა თამაზ იმნაიშვილს. საქართველოში სროლის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ასევე დაჯილდოვდა საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაცია.
კონფედერაციის ახალ პრეზიდენტად ალექსანდრე რატნერი აირჩიეს.
ეროვნულ გვარდიაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. კალე ლაანეტსა და დელეგაციის წევრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გვარდიის მეთაურმა ესტონელ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანები, ფუნქციები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინსტრუქტორთა მომზადებისა და ლიდერობის კურსებს, რომლებსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს ესტონელი ინსტრუქტორები უტარებენ.
ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, კალე ლაანეტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ჯუანშერ ბურჭულაძე მასპინძლობს. ვიზიტის განმავლობაში ესტონეთის დელეგაციის წევრები ეროვნული გვარდიის გარდა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) კიბერუსაფრთხოების ბიუროსაც მოინახულებენ.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, ერთდღიანი ვიზიტით ამ ქვეყანაში ჩავიდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.
თვითმფრინავი, რომლითაც პრეზიდენტი ერდოღანი გადაადგილდებოდა, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დამშვები პირველი თვითმფრინავი გახდა, თვითონ პრეზიდენტი ერდოღანი კი ამ აეროპორტში ჩასული პირველი პრეზიდენტი. ამგვარად, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში ექსპლუატაციაში შევიდა.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ ერდოღანმა და ალიევმა აეროპორტის ბინა ერთად დაათვალიერეს და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ვიზიტის ფარგლებში, ალიევთან ერთდ აჰმეთბეილი-ფუზული-შუშა აჰმეთბეილი-ჰორადიზ-მინჯივან-აღბენდის საავტომობილო გზის, ანუ ზანგეზურის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიასაც დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ჩათვლით, რეგიონალურ და სხვა საერთაშორისო მოვლენებსაც განიხილავს.