საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ამის შესახებ დრეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.
გერმანული მხარის ჩართულობით და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 110 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა; ამოღებულ იქნა 100-ზე მეტი ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა. გამოთხოვილ იქნა ელექტრონული ინფორმაცია ათეულობით ობიექტიდან; განხორციელდა არაერთი საპროცესო მოქმედება - ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ ქონებებს, ავტომანქანებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად თანხებს, სხვადასხვა კომპანიების წილებს.
საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ:
2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.
ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე.
დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხები, საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.
აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ჯგუფის 7 წევრი. ექვს მათგანს წარედგინათ ბრალდება თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულ იქნა მის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობის გამოყენების მიზნით.
გამოძიება, გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით.
საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს რა საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლების, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგის პროკურატურის და ბავარიის სახელმწიფო პოლიციის მიმართ, გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში სამომავლო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას.
ნიკანორ მელიამ ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარადგინა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატებად ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე დაასახელა. ამის შესახებ ნ. მელიამ ე.წ. კოალიციური გუნდის წარდგენისას განაცხადა.
აგრეთვე, ნიკანორ მელიამ თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგეობების კანდიდატებიც დაასახელა. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.
მისი თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს უხელმძღვანელებს სოფო ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობა; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს – მედეა მეტრეველი, პარტია „ლელო“; „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი უხელმძღვანელებს ანტიკორუფციულ მიმართულებას, იგივე შიდა აუდიტის სამსახურს; შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად იქნება მამუკა აჩბა, პარტია „ერთიანი საქართველო“; მუნიციპალურ ინსპექციას – დიმიტრი ბიძინაშვილი, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“; იურიდიულ სამსახურს უხელმძღვანელებს გიგა ლემონჯავა, პარტია „დროა“; მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება დავით ლაგვილავა, „ნაციონალური მოძრაობა“; ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი – ვასო ურუშაძე; თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იქნება ნიკა ვაჩეიშვილი; „თბილსერვის ჯგუფს“ უხელმძღვანელებს ბესო გაზდელიანი; გლდანის გამგებელი იქნება თენგიზ გიორგაძე, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ნაძალადევის გამგებელი იქნება ლევი დემეტრაშვილი; დიდუბის გამნგეობას ჩაიბარებს დავით ნაფეტვარიძე; ჩუღურეთის გამგეობას ჩაიბარებს კახა ჟღენტი; ვაკის გამგებელი იქნება პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი საბა ბუაძე; საბურთალოს გამგეობას ჩაიბარებს ოთარ თავართქილაძე, პარტია „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი; ისნის გამგეობას უხელმძღვანელებს ლანა გალდავა, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი; სამგორის გამგეობას უხელმძღვანელებს გულიკო ზუმბაძე; კრწანისის გამგეობას უხელმძღვანელებს რომეო ფარულავა; მთაწმინდის მომავალი გამგებელი იქნება თამაზ დათუნაშვილი, პარტია „ლელო“; ხოლო არქიტექტურის სამსახურს უხელმძღვანელებს ანა ბიბილაშვილი, – განაცხადა ნ. მელიამ.
ამასთან, როგორც ნიკანორ მელიამ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს და პარტიის რიგით წევრად დარჩება.
„გამარჯვების შემდეგ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ. ბუნებრივია, დავრჩები პარტიის რიგით წევრად. მინდა, მთელმა თბილისმა, პარტიის წევრებმა, ამომრჩევლებმა სწორად გამიგონ. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი მაქვს, მაგრამ ვრჩები თქვენი გუნდის წევრად. იქამდე, ვიდრე ვიქნები დედაქალაქის მერი, მე ორ თანამდებობას, ორ პოზიციას ერთდროულად ნამდვილად არ დავიკავებ“,- განაცხადა ნიკანორ მელიამ.
ევროკავშირმა საქართველოს 250,000 ლარის ღირებულების დოკუმენტების შემოწმების უახლესი აღჭურვილობა გადასცა
ევროკავშირმა საქართველოს 70,000 ევროს (250,000 ლარის) ღირებულების დოკუმენტების შესამოწმებელი მოწყობილობები გადასცა. ეს აღჭურვილობა გააუმჯობესებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში და გააძლიერებს სასაზღვრო უსაფრთხოებას.
მოწყობილობები განთავსდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქუთაისის ლაბორატორიაში. მათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო დოკუმენტების შესამოწმებლად გამოიყენებენ.
ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ მნიშვნელოვანი პროგრამის ნაწილია, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში ახორციელებს. საქართველო უახლოეს მომავალში დამატებით აღჭურვილობასაც მიიღებს, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები სპეციალიზებულ წვრთნას გაივლიან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების განვითარებას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის სტანდარტების შესაბამისად.
მასალა მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში