პროკურატურამ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა
საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა იტყობინება.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.ც.-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.
აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია კიდევ ორი პირი - შ.წ. და ზ.წ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,,IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.
აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ე.ც.-მ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.
ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ე.ც.-მ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შ.წ., ზ.წ. და წავიდნენ აბაშის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ სახლში.
29 სექტემბერს, დღის საათებში, ე.ც. დაუკავშირდა მის მეგობარს გ.ნ.-ს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. გ.ნ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა. პარალელურად, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის „TRANSIT“-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.
29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ.ნ. და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ. ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ე.ც., რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ.ნ.-მ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ე.ც. საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დადგენილია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, შესწავლილია 112-ს სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეოჩანაწერი, ასევე, კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერები. გამოკითხულია საქმესთან კავშირში მყოფი 69 პირი, გამოთხოვილი და შესწავლილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების მობილურ ტელეფონებზე მომსახურე ანძების და მათი ადგილმდებარეობის, დაფარვის ზონის და რადიუსის შესახებ ინფორმაციები. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მეშვეობით უკრაინის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნილია შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ; ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკები და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები; საქმეზე ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და ამავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია 4 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე ამოღებულ ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ “SCANIA”- ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე დანიშნულია ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სტამბულში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური სხდომა გაიმართა
თურქეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური სხდომა გაიმართა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციების წევრებს მიმართა და მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის პროცესში სამი ქვეყნის როლი.
ამ კუთხით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთადერთ გზაზე.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურა, თავდაცვა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხალხთაშორისი კავშირები.
ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.
ამ კონტექსტში, მხარეებმა ახალი მექანიზმებისა და ფორმატების შექმნის საკითხიც განიხილეს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვეს მზაობა, რომ გადადგან კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
„დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევასა თუ პროცესზე, რაც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო თანამშრომლობას, რადგან ეს მექანიზმი გვაძლევს საშუალებას, რომ საკანონმდებლო დონეზე რეგულარულად გავცვალოთ მოსაზრებები და შევიმუშავოთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნების წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობაში“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს, თქვენ არა მხოლოდ პრობლემის არასტანდარტული გადაწყვეტის შეთავაზება, არამედ საკუთარი ძალებით მისი განხორციელებაც მოგიწევთ. ამის გარეშე, წარმატების იმედი ნუ გექნებათ.
კურო
ამ დღეს კომუნიკაციის დამყარება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ - ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
ტყუპები
თქვენს თავთან რაღაცის აღიარება მოგიწევთ. რაც მალე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი იქნება. უბრალოდ იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი.
კირჩხიბი
საჭიროა, ახლებურად გადახედოთ მიმდინარე მოვლენებს. ასტროლოგები თვლიან, რომ თქვენ ერთ ადგილს ტკეპნით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სიტუაციას ერთი კუთხით უყურებთ.
ლომი
შესაძლოა, ამ დღეს რაღაც არ მოგეწონოთ. ვარსკვლავები არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი საკითხები. სასურველია, თავი გააკონტროლოთ. გაფიცხებით თქვენ სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებთ.
ქალწული
თუ ამ დღეს რაღაც არ წავა გეგმის მიხედვით, დაუყოვნებლივ გადაწყვეტთ, ნუ ეცდებით, ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დააბრუნოთ. გარემოებების შესაბამისად იმოქმედეთ.
სასწორი
შესაძლოა, საკუთარ თავში ისე ჩაიკეტოთ, რომ რაღაც უნიკალური შესაძლებლობა გამოტოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, პერიოდულად საქმეებს მოწყდეთ და გარშემო მიმოიხედოთ.
მორიელი
ამ დღეს ვარსკვლავები წარმატებას ყველა ფრონტზე გიწინასწარმეტყველებენ. ამიტომ, თუ დიდი ხანია რაღაცის გაკეთება გინდათ, მაგრამ ვერ ბედავთ, ამის დრო ახლა მოვიდა.
მშვილდოსანი
დღევანდელ დღეს შეუძლია, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოს. ამისათვის შეეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ, რას ამბობენ გამოცდილი ამხანაგები. მათი სიტყვები სწორ დასკვნამდე გიბიძგებთ და პერსპექტივას გაჩვენებთ.
თხის რქა
ამ დღეს, ვიღაცას შეუძლია გაგაბითუროთ. ამიტომ, თუ შესაძლებელია, ყველაფერი მარტომ გააკეთეთ. არ გადააბაროთ სხვას უფლებამოსილებას იქ, სადაც ეს არ არის საჭირო.
მერწყული
დღეს შესაძლოა ბევრი საქმე მოგეყაროთ. თუ თქვენ მას ახლობელს არ გაუზიარებთ, რისკავთ, რომ მასში ყელამდე ჩაიძიროთ. შედეგი კი უღიმღამო იქნება.
თევზები
ეს შესაძლებლობების დღე იქნება. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, არის საკუთარი ძალების რწმენა. არ შეშინდეთ და სცადეთ რამე ახალი, თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ.