Items filtered by date: ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად ითამაშებს „მასტერსის“ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში. მან ინდიან უელსში მიმდინარე „მასტერსზე“ მესამე ბარიერი გაიარა – მერვედფინალში საათსა და 57 წუთში აჯობა რუს კარენ ხაჩანოვს – 6:4, 7:6(6).

ბასილაშვილი პირველ სეტში თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მეოთხე გეიმში მისცა მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება. ქართველი სტაბილურად იღებდა ბრეიკპოინტებს მეტოქის მოწოდებაზე და მეშვიდე გეიმში ისევ შეასრულა ბრეიკი და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი ბასილაშვილმს შეასრულა – ეს მეხუთე გეიმში მოხდა, ამასთან, ნიკა საკუთარ გეიმებში შანსს არ აძლევდა ხაჩანოვს და თითქოს იოლი გამარჯვებისკენ მიდიოდა, მაგრამ ჩააგდო მეათე გეიმი, რუსს უკუბრეიკი გააკეთებინა და ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, რომელშიც 6:2 დაწინაურდა და ოთხმაგი მატჩბოლი მიიღო. ხაჩანოვმა ოთხივე მატჩბოლი მოიგერია და ანგარიში გააანაბრა, თუმცა, ბასილაშვილმა 6:6-ზე ზედიზედ ორი ქულის აღება შეძლო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ჩოგბურთელებს ოთხ-ოთხი ეისი, ორ-ორი ორმაგი შეცდომა და ექვს-ექვსი ბრეიკპოინტი ჰქონდათ. ბასილაშვილმა სამი ბრეიკი შეასრულა, ხაჩანოვმა – ორი.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ავსტრალიელ ალექს დე მინორსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის მოგებულს შეხვდება.

წყარო: https://1tv.ge/news/nikoloz-basilashvili-indian-uelsis-mastersis-meotkhedfinalshia-video-1tvsport/ 

გამოქვეყნებულია სპორტი

სახალხო დამცველის აპარატმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დეტალურად ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - სამედიცინო პერსონალთან.

უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ასევე, ადეკვატური ყურადღება ექცევა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

ამავდროულად, სახალხო დამცველი ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა (არტერიული წნევა, პულსი, სატურაცია, გლუკოზა) და სხვა პირადი მონაცემების (მის მიერ შეძენილი ნივთების) თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უწყების ვალდებულებაა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს მხოლოდ გონივრულ ფარგლებში. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დეტალურად გასაჯაროება, პირის ნებართვის გარეშე, ერთის მხრივ ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ - შესაძლოა, ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.

პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. ამიტომ, უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა (შს) მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა, ფრანგ ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარე, ერიკ დე მოულინ-ბოფორი მიიღო და შეხვედრაზე აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ფრანგ ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარესთან საუბარში მინისტრმა განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა, ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და პედოფილიის შემთხვევები, რაც ამ ბოლო წლებში ძალზედ გახშირდა, აუცილებლად  უნდა შეატყობინონ სასამართლოს და ძალოვან სტრუქტურებს, რადგან უსაფუძვლოს წარმოადგენს მისი ადრინდელი განცხადება, თითქოსდა "აღსარების საიდუმლოება" აღემატებოდეს საფრანგეთის კანონებს.

ჟერალდ დარმანინის თქმით, "აღსარების კონფიდენციალურობა" კანონით თითქმის 200 წელია რაც მოქმედებს და ის როგორც ექიმებისა და იურისტების შემთხვევაში, სასულიერო პირებთან მიმართებითაც "პროფესიულ საიდუმლოებად" ითვლება, აქედან გამომდინარე იმ მღვდლებმა, რომლებმაც იციან სექსუალური ძალადობისა და 15 წლამდე ასაკის ბავშვთა დანაშაულის შესახებ, აუცილებლად უნდა შეატყობინონ ამის შესახებ მართლმსაჯულებას და  სასულიერო პირებმა ასეთი შემთხვევების დროს არ უნდა ისარგებლონ და გაამართლონ ეს „აღსარების საიდუმლოება.“

თავის მხრივ, მოულინ-ბოფორტმა კი განაცხადა, რომ ფრანგ ეპისკოპოსებს გადაწყვეტილი აქვთ, საფრანგეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით პრიორიტეტი მიანიჭონ ბავშვების დაცვას და პედოფილიის პრევენციას.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021 08:38

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩნეთ წინდახედულობა და მოთმინება. უმჯობესია დღე საკუთარ თავში გარკვევას ან სასიამოვნო ადამიანების წრეში განტვირთვას დაუთმოთ.

კურო: დღე სასურველია მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ. თავი შეიკავეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებიც თქვენზე არასასურველ ზეგავლენას ახდენენ. არ არის დღე რეკომედებული მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებისთვის.

ტყუპები: შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ, სამსახურში კი აქტუალური იქნება ფინანსური საკითხები. პირადი ურთიერთობებისთვის საინტერესო დღეა.

კირჩხიბი: საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს, დღეც ჩვეულ რიტმში ჩაივლის. მიიყვანეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე. საღამოს კი თქევნს ოჯახის წევრებს დაუთმეთ მეტი ყურადღება.

ლომი: კარგი შესაძლებლობების დღეა, თუმცა შესაძლოა ახალი ფინანსური წყაროების მოძიება დაგჭირდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

ქალწული: დღეს გამართლებულია ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.

სასწორი: შესაძლოა დღე ისე არ წარიმართოს როგორც ეს თქვენ გქონდათ დაგეგმილი, თუმცა ამით ხასიათი არ გაიფუჭოთ. ეცადეთ განიტვირთოთ, გახალისდეთ, მოიფიქრეთ რისი გაკეთება გინდათ ყველაზე მეტად, წინ უქმეები გელით.

მორიელი: დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, გააკეთეთ ადეკვატური დასკვნები იმის მიხედვით თუ რამდენად გაკმაყოფილებთ თქვენი სამსახური ან პირადი ცხოვრება, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ვალდებულებას უკავშირდება, მაშინ დროა ცვლილებებზე იფიქროთ.

მშვილდოსანი: საქმიანი კუთხით მეტად ცვალებადი დღეა, ამიტომ იყავით მზადყოფნაში ნებისმიერი ქმედებისთვის, ნუ გაიფუჭებთ განწყობას. აი პირადი ურთიერთობების მოწყობა მოწესრიგებისთვის უკეთესი დროა.

თხის რქა: მეტი სირბილე და მოთმინება გამოიჩინეთ როგორც კოლეგების, ასევე ოჯახის წევრების მიმართ. გახალისდით, ნუ განმარტოვდებით, გაანებივრეთ ოჯახის წევრები ცოტა მეტი სითბოთი და ყურადღებით.

მერწყული: რომანტიული ვნებათაღელვა, ფლირტი, შეხვედრები, აი ეს თემა უფრო აქტუალურია დღეს თქვენთვის, თუმცა ნებისმიერ ქმედებამდე კარგად დაფიქრდით, მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას.

თევზები: კარგია დღე სულიერებისა თუ სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრაქტიკებისთვის. ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ იქნება ეს იმიჯის, სამსახურის, თუ პირადი ურთიერთობების თემატიკა. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური