შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2023 12:28

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ვმასპინძლობთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას. პირველ რიგში, ქალბატონ კაუმას კიდევ ერთხელ ვულოცავ პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებ, რომ გამოწვევებით სავსე პერიოდში წარმატებით შეძლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაძღოლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელიც საპარლამენტთაშორისო დიალოგის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელთა გარშემოც ის ჩამოყალიბდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პია კაუმასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

ვაფასებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში. ხაზი გავუსვით შემდგომი თანამშრომლობის მზაობას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საქართველოს მზადყოფნა, განვაგრძოთ თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე, დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ქალბატონ კაუმასა და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობას ვუხდი ჩამობრძანებისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ ბრიფინგზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მსურს, საქართველოს მივულოცო ის დადებითი სიახლეები, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა ატარებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

წაკითხულია 350 ჯერ

Related items

  • პარლამენტში საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომაში დიპლომატიურმა კორპუსმაც მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. 

    ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ვალვო, ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი.

    სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან ყურადღება კულტურის კომიტეტის საქმიანობასა და საკონსულტაციო საბჭოს როლზე გაამახვილა.

    „მიხარია, რომ დატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგის ფონზე, ყოველთვის არის მომენტი, როდესაც კულტურაზე და ისეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, რომელიც საბოლოო ჯამში არის ქვეყნის, ერის, საზოგადოების განვითარების საფუძველი. ამიტომ განსაკუთრებით ვაფასებ კულტურის კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას, სწორედ ეს არის პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    პარლამენტში კულტურის კომიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, კულტურას და ხელოვნებას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ქართველობის იდენტობის ნაწილს და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

    „მსურს გამოვხატო მხარდაჭერა კულტურის სფეროს მიმართ, წარმატებები ვუსურვო საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემით და გააზრებით, მჯერა, რომ უფრო ჰარმონიულ, განათლებულ და წარმატებულ საზოგადოებას ავაშენებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ კულტურისა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ კულტურის დიპლომატია წარმოადგენს. მისივე თქმით, 2024 წელს პარლამენტი სახელოვნებო განათლების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

    „დღევანდელ მსოფლიოში, ერების დაახლოების კონტექსტში კულტურა დიდ როლს თამაშობს. სხვადასხვა იდენტობის მქონე ერების კულტურული თანამშრომლობა ამდიდრებს ერთიანი ევროპის იდეას და გლობალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ხედვა გულისხმობს კულტურის სფეროს განვითარებას და ხელშეწყობას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

    პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს შემდეგი საკითხები: სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში; ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედებითობის ამაღლება თანამედროვე სამყაროში; კულტურის მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში; კულტურის როლი სამშვიდობო პროცესებში.

    დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა.

    პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: იუნესკოს ყოფილი გენერალური დირექტორი, სამეცნიერო მისიებისა და მდგრადობის გლობალური კომისიის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა, შვეიცარიის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, ჟენევის უშიშროების პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული ექსპერტი დავით ჩიკვაიძე, ლიდერობის, კულტურისა და განვითარების პროფესორი ღასან ხალილი.

  • შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩ დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

    შალვა პაპუაშვილმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

    შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განვითარებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. მან თურქმენულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

    შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე. აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის პოზიტიური კავშირები. აგრეთვე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ამ მხრივ ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო კარია ევროპისკენ და ხაზი გაუსვა ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.

    ელჩმა შალვა პაპუაშვილს თურქმენი კოლეგის თურქმენეთში ვიზიტად ჩასვლის მოწვევა გადასცა.

  • დმანისის ყოფილი მერს, გიორგი ტატუაშვილს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლეს

    დღეს, 1 ნოემბერს, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, თავს დაესხა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული და მმართველი პარტიის მიერ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი. ყოფილ მერს, სოფელ დიდ დმანისთან აედევნა „მერსედესის“ მარკის მანქანა, რომლის მგზავრების მხრიდან დაფიქსირდა 4 გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით. ყოფილი მერის მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც გიორგი ტატუაშვილი იხსნა ფიზიკური დაზიანებისგან. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ტატუაშვილის ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორის მიერ. მასალები დაოყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.   

    უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭრა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, - აცხადებს დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი.   

  • საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

    საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ცნობს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

    სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

    „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს 2023 წლის 9 სექტემბერს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“. - ნათქვამია განცხადებაში.

  • შალვა პაპუაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანის შეხვდა.

    შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუიარ ოსმანის ვიზიტისთვის და ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის გეოპოლიტიკურად რთულ პერიოდში.

    შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

    ბუიარ ოსმანიმ მადლიერება გამოხატა ეუთოს საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდამჭერი და რეგიონული ინიციატივების ცენტრია.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

    მხარეებმა დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შენარჩუნების მნიშვნელობა. 

    ისაუბრეს საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

    ბუიარ ოსმანიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ევროინტეგრაციის ხანგრძლივ გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მიღებული, რომლის გაზიარების მზაობა გამოხატა.

    შეხვედრას, შალვა პაპუაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, თინათინ ბოკუჩავა და ქეთევან თურაზაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური