მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში დღეს იწყება!

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 აგვისტო 2023 12:31

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს იწყება. 2023 წლის პლანეტის პირველობას აზიის სამი ქვეყანა – ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებს. ტურნირის ხილვა საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე იქნება შესაძლებელი.

FIBA-მ ტურნირის დაწყებამდე სტატია გამოაქვეყნა, სადაც მუნდიალის წინ ყველა საინტერესო დეტალი მიმოიხილა.

მასპინძელი არენები:

ჩემპიონატი 25 აგვისტოს გაიხსნება და პირველივე დღეს ასპარეზობაში 16 გუნდი ჩაერთვება. A და B ჯგუფის გუნდები თავიანთ თამაშებს ფილიპინებზე, SMART Araneta Coliseum-ზე ჩაატარებენ. C და D ჯგუფის ნაკრებები ერთმანეთს Mall of Asia (MoA) Arena-ზე დაუპირისპირდებიან.

ტურნირის პირველი რაუნდის 2 შეხვედრა Philippine Arena-ზე გაიმართება, რომელიც 52 000 მაყურებელს იტევს.

საქართველოს ნაკრები, რომელიც F ჯგუფშია, იაპონიაში, Okinawa Arena-ზე ითამაშებს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. აღნიშნული დარბაზი ასევე მიიღებს E ჯგუფის მატჩებს.

დარჩენილი ორი ჯგუფის, G და H-ის ნაკრებები კი ინდონეზიაში შეიკრიბებიან, Indonesia Arena-ზე.

ტურნირის ფინალური ეტაპი 5-10 სექტემბერს შედგება და ყველა შეხვედრა MoA Arena-ზე ჩატარდება.

ტურნირის ფორმატი:

მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი იასპარეზებს. სულ არის 8 ჯგუფი, ხოლო თითოეულში 4 ნაკრებია. ყოველი ჯგუფიდან 2-2 გუნდი გავა მეორე ეტაპზე, ხოლო დანარჩენები 17 დან 32 ადგილების ჩათვლით გაინაწილებენ პოზიციებს.

მეორე ეტაპზე 4 ჯგუფი დაკომპლექტდება, საიდანაც 2-2 გუნდი მეოთხედფინალში გავა. მაგალითად, თუ საქართველოს ნაკრები F ჯგუფიდან გააღწევს, K ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ასევე ითამაშებენ E ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები. აღნიშნული 4 ჯგუფიდან ვერ გასული გუნდები 9-17 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

მოქმედი ჩემპიონი:

2019 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ესპანეთმა მოიპოვა. იმ ტურნირის MVP-ი რიკი რუბიო გახდა, ხოლო ესპანელებმა ფინალში არგენტინის ნაკრები 96:75 დაამარცხეს.

 

წაკითხულია 130 ჯერ

Related items

  • ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა

    FİFA-ს ოფიციალურ საიტზე  2026 წლის მსოფლიოს  ჩემპიონატის ფორმატი გამოქვეყნდა, რომელიც 48 ნაკრებზეა გათვლილი. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    თავიდან იგეგმებოდა სამ-სამ გუნდიანი 16 ჯგუფის შექმნა, თუმცა ოფიციალურ პირებს ასეთი მოდელი არ აწყობდათ, რადგან გუნდების ნაწილს ტურნირზე მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოუწევდათ.

    ამიტომ, გადაწყდა, შეიქმნას 12 ჯგუფი ოთხ-ოთხი გუნდით. ამის შემდეგ იქნება პლეი-ოფი, ანუ 1/16 ფინალი, რომელსაც შეადგენენ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები და 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

    ტურნირი, სადაც 64-ის ნაცვლად 104 მატჩი გაიმართება, 39 დღეს გაგრძელდება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს არის დაგეგმილი.

    შეგახსენებთ, რომ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მუნდიალს სამი ქვეყანა - მექსიკა, აშშ და კანადა უმასპინძლებს. 32-გუნდიანი ფორმატი 1998 წლიდან შემოიღეს და კატარის მუნდიალის მოქმედებდა.

  • ჩვენ შევქმენით ისტორია! საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

    ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, რისთვისაც ილიას ზუროსის გაწვრთნილ ნაკრებს 2 წლის მანძილზე ორი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოუხდა და გადატანილი დიდი ბრძლების შედეგად სანუკვარ მიზანს მიაღწია.

    საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2021-2022 წლების სეზონში ჩატარდა, 6 მატჩიდან 4 მოიგო და 4-გუნდიან ჯგუფში ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ასევე 6 მატჩიდან 4-ში იმარჯვა და ესპანეთთან და იტალიასთან ერტად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 

    საქართველო შეუერთდა ევროპიდან მსოფლიოზე გასულ შემდეგ გუნდებს: ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, გერმანიას, სლოვენიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ფინეთს, ლატვიას…

    ბოლო აკორდი იყო ისლანდიასთან დღეს, თბილისი არენაზე. გამარჯვებული გუნდი მსოფლიოზე გადიოდა, თუმცა ჯგუფში შექმნილი სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე ისლანდიას 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა. ჩვენმა ნაკრებმა ისტორია შექმნა, მატჩი 77:80 დასრულდა და პირველად საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა!

    აქვე აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასადა ფილიპინებზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშებს სამივე ქვეყანა უმასპინძლებს, ხოლო პლეი ოფის მატჩები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართბა. სწორედ მანილა უმასპინძლებს 29 აპრილს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრას, ორმელიც ფინალურ ეტაპზე გასულ 32 ნაკრებს ჯგუფებში გადაანაწილებს. 

  • საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე ისლანდიური ბარიერი დარჩა

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდები დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი გზა კიდევ უფრო დაიმოკლა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა, თავად მთავარი მწვრთნელის თქმით, ნიდერლანდებთან პროფესიონალურად მოიგო და ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე ერთადერთი გამარჯვების მოპოვება მართებს. გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში, თბილისი არენაზე, 26 თებერვალს დაიწყება და ჩვენი სურვილია, 2 საათის შემდეგ ქართული კალათბურთისა და ზოგადად, სპორტის მოყვარულებს საზეიმოდ ჰქონოდეთ საქმე. მეტოქე ისლანდია იქნება, რომელიც საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში, რეიკიავიკში დაძაბულ ბრძოლაში, 88:85 დაამარცხა და თუკი ზუროსის გუნდი გაიმარჯვებს, წლეულს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.

    ამასობაში სასიამოვნო ამბები მოვიდა იმ ქალაქებიდან, სადაც ჩვენი ჯგუფის მატჩებში საქართველოს მეტოქეები თამაშობდნენ. იტალიამ უკრაინას 85:75 მოუგო და სლავებს მსოფლიოზე გასვლის შანსები გადაუწურა, ხოლო ჩვენმა კიდევ ერთმა და უფრო რეალურმა კონკურენტმა ისლანდიამ შინ ესპანეთთან 61:80 წააგო და ჯგუფში მათემატიკურად ასეთი ვითარება შეიქმნა: საქართველოს ნაკრებმა 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან 2 ქულაზე მეტით თუ არ წააგო, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, თუმცა, წაგების გაგონება ნაკრების არც ერთ წევრს არ სურს. ილიას ზუროსი მხოლოდ მოსაგებად გაიყვანს ბიჭებს მოედანზე, ხოლო 2-ქულიანი წაგება ფურცელზე, მათემატიკურად და დაზღვევის მიზნით იარსებებს.

    თავში ნათქვამი ზუროსის სიტყვები, რომ საქართველომ პროფესიონალურად მოიგო ნიდერლანდებში. მთავარმა მწვრთნელმა იგულისხმა ის, რომ ჩვენს ნაკრებმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოგება მეტოქეზე მეტად სჭირდებოდა და კლასის ხარჯზე სასურველს შედეგ მიაღწია. საქართველოს ნაკრები რომ ჰოლანდიაზე მაღალი კლასის გუნდია, ეს შემადგენლობიდანაც ჩანდა. ბენილუქსელებს ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშე აკლდათ და რაკი ამ მსოფლიოს საკვალიფიკაციოში არავითარი შანსი არ აქვთ, ნაკრებში ახალგაზრდებს უხმეს. უხმეს და 20 წლის იანიკ კრააგმა 3 სამიანი და 23 ქულა ჩააგდო, ხოლო 21 წლის კეი ვან დერ ვურსტმა 4 სამქულიანი და 21 ქულა. 

    სწორედ სამქულიანები იყო ის იარაღი, რითაც მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს და ზოგადად, მთელი თამაში გვანერვიულეს. თავად განსაჯეთ: პირველ ნახევარში ნიდერლანდელებმა 9 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ 1 და ამის ფონზე, მასპინძლები დიდ შესვენებაზე მხოლოდ 7 ქულით იგებდნენ. აშკარა იყო, რომ სხვა კომპონენტში ნიდერლანდელებს შანსი არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი შერმადინზე ბევრად მაღალი ცენტრით დაიწყეს თამაში, სამწამიანში მასპინძლებს არაფრის შანსი არ ჰქონდათ. ერთადერთი იარაღი სამქულიანი სროლები ჰქონდათ და ბედად, ჩვენს კალათბურთელებს შორიდან სროლა არ წაუვიდათ, ხოლო დიდი მცდელობის მიუხედავად, პერიტიმეტრი სათანადოდ ვერ გადაკეტეს.

    როცა მასპინძლები რამდენიმე შეტევას გააცუდებდნენ, საქართველოს ნაკრები ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს ნიდერლანდელებმა სამქულიანიც ჩააგდეს, ეგრეთწოდებული AND1-ის და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მეორე ნახევარი წამების განახლებული იყო, როცა მასპინძლებმა 2+1-ქულიანი შეტევა განახორციელეს და 10-ქულით დაწინაურდნენ – 45:35. ეს უკვე განგაშის ზარს ჰგავდა, თუმცა როგორც გამოჩნდა, ქართველები დიდი შესვენებიდან ისეთი მომართულნი დაბრუნდნენ, მესამე პერიოდში შეუჩერებლები გახდნენ. თად მაკფადენმა წამებში 2 ერთნაირი სამქულიანი ჩააგდო, შენგელია და შერმადინიც ტრადიციულად სტაბილურად თამაშობდნენ და არასრულ 3 წუთში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

    მალე ანგარიშიც გათანაბრდა და 31:20 მოგებული მესამე პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრები 4 ქულით – 66:62 დაწინაურდა. გადამწყვეტ მეოთხედში მასპინძლებს სამქულიანი სროლების მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ანგარიში ისევ გაათანაბრეს, თუმცა მეტი კლასისა და გამოცდილების მქონე საქართველომ მოგება ხელიდან აღარ გაუშვა. ჩვენმა ნაკრებმა შენგელიასა და შერმადინის ლიდერობით, რომლებსაც ზურგს დუდა სანაძე, თად მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი და ჩვენი გუნდის წევრები უმაგრებდნენ, ბოლო წუთებზე მოპოვებული უპირატესობა კომფორტულად შეინარჩუნეს და დამაჯერებელ გამარჯვებამდე მივიდნენ – 88:80 (სტატისტიკა).

    ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა, რომელიც გასახდელიდან პირდაპირ აეროპორტში წავიდა და ბოლონიაში გაფრინდა, სადაც 24 თებერვალს ევროლიგაში ბასკონიასთან მატჩი ელის. შენგელიამ 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინის ანგარიშზე 22 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. 20 ქულა მიითვალა თად მაკფადენმა, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა. ბექა ბურჯანაძე ნაკრებს მნიშვნელოვანი 4 ქულით შეეწია, დუდა სანაძემ შეხვედრა 3-3 ქულით, მოხსნითა და პასით დაასრულა.

    საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებიდან ჩარტერული რეისით გამოფრინდება და თბილისში დილის 11:00 საათზე იქნება. პარასკევს და შაბათ ილიას ზუროსი ჩვენს გუნდს თბილისი არენაზე ავარჯიშებს, ხოლო 26-ში ისტორიული მნიშვნელობის მატჩი გაიმართება: საქართველო – ისლანდია! 

  • საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში დღეს ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება

    23 თებერვალს, ქალაქ ალმერეში კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი გაიმართება ნიდერლანდებსა და საქართველოს ნაკრებებს შორის. 

    ბოლო ვარჯიში ნიდერლანდებთან მატჩამდე – ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები თამაშის წინა დღეს სრული დატვირთვის ავარჯიშა.ეს გახლდათ თორნიკე შენგელიას პირველი ვარჯიში, რომელმაც ძირითადად სათამაშო დეტალების დამუშავებით, კომბინაციების გათამაშებით და ბლომად ფარში სროლების ფონზე ჩაიარა.

    საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ნიდერლანდებთან ასე გამოიყურება: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე.

    თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში რომ ჩამოვიდა. Topsportscentrum არენა, რომელიც 3000 მაყურებელს იტევს, სავსე იქნება. მასპინძლებს დიდი მხარდაჭერა ექნებათ და ჩვენს ნაკრებს იოლი გასეირნება რომ არ ელის, ეს ჩვენი გუნდის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს.

    გენერალური ვარჯიშის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა – გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ.  

    მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 22:30 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

     

  • "სამოყვარულო გოლფის ახალი მწვერვალი"

    5-6 ნოემბერს, Ambassadori Kachreti Golf Resort მა "საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის" მთავარ ტურნირს, "Askaneli Taste and Play 2022"-ს უმასპინძლა. ტურნირი, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და პირველივე ივენთიდან იქცა როგორც გოლფერების, ასევე მრავალრიცხოვანი პარტნიორი ორგანიზაციების საყვარელ მოვლენად.

    ორი დღის განმავლობაში საუკეთესო ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენებმა ათამდე კატეგორიაში გამოავლინეს გამარჯვებულები. ჯილდოები დაიმსახურეს : სოფო კლიფორდმა, სოფო ტატიშვილი - გრიმლიმ, ზაურ გაბაიძემ, ქართლოს დიასამიძემ, მაკა გოცირიძე-პოუპმა, ხოლო საერთო ჩათვლაში პირველი ადგილები თამარ გერვეისს და ჯეიკ შუმახერს ერგოთ.

    როგორც ნომინანტები, ასევე ყველა მონაწილე დასაჩუქრდნენ სპონსორების: Toyota Caucasia, Lexus, World Class, Askaneli Winery, Reforma Construction Management, GPC, Renew Active ს მიერ გამოყოფილი პრიზებით. საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ ბოქოლიშვილის მიერ დაანონსდა 2023 წლის პროგრამა, Golf 4Business Global, რომელიც უნიკალური მოვლენა გახდება სამოყვარულო გოლფის სამყაროში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური