საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2023 21:48

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ ს. ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მან ხელი მოაწერა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. 

"ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ს. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას პრეს-კონფერენციას გამართვას გეგმავს, რა დროსაც სხვადასხვა საკითხებს განიხილავს.

„მომავალ კვირას მექნება სრული პრეს-კონფერენცია. ცოტა ახალი ფორმატით იქნება. ყველანი იქნებით მოწვეული და ყველა საკითხის განხილვას შევძლებთ, თუნდაც დღევანდელი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების“, – დაამატა ს. ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

წაკითხულია 148 ჯერ

Related items

  • ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას

    ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება რამოდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორცილებაში.

    „გარდა ამისა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და, უფრო მეტიც, თქვა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, გამოდის, რომ, მისი აზრით, წელსაც არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

    30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.

  • ქალბატონ კატრინ კოლონას, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფრაგლებში 26-დან 28 აპრილამდე და გამოხატავს მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ.

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი 26-დან 28 აპრილამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრება. ის აღნიშნავს საფრანგეთის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთოშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემით. ის ასევე მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და დაუყოვნებლივ აღდგეს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მიმოსვლა.

    ბაქოში, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგა ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს. ის აგრეთვე პატივს მიაგებს 1990 წლის 20 იანვრის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.

    ერევანში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და თავის კოლეგა ბატონ არარატ მირზოიანთან. იგი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში და ქედს მოიხრის სომეხთა გენოციდის მემორიალთან, რომლის 108 წლისთავსაც საფრანგეთი 24 აპრილს აღნიშნავს.

    თბილისში, მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად.

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მიმდინარეობს

    საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართა.

    საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს, უკრაინაში, ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. „მიმართვას ვიდრე დავიწყებ, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

    პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

  • საქართველოს პრეზიდენტი - კატეგორიულად ვგმობ ყველანაირ შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "შემაშფოთებელია, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხავა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ჩემთვის გაუგებარია ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა როგორც ადამიანურად, ასევე, მორალურად, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.

    კატეგორიულად ვგმობ ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი.

    ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. და რამაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და კიდეც იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალებს არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე, პოლიტიკური ზიანი.

    იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ქალთა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორეთი ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!", - ნათქვამია პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს

    31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.
    რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.

    მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური