საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ ს. ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მან ხელი მოაწერა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს.
"ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ს. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას პრეს-კონფერენციას გამართვას გეგმავს, რა დროსაც სხვადასხვა საკითხებს განიხილავს.
„მომავალ კვირას მექნება სრული პრეს-კონფერენცია. ცოტა ახალი ფორმატით იქნება. ყველანი იქნებით მოწვეული და ყველა საკითხის განხილვას შევძლებთ, თუნდაც დღევანდელი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების“, – დაამატა ს. ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.