გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 მაისი 2023 12:32

გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

წაკითხულია 93 ჯერ

Related items

  • თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: ივანიშვილმა გამოაგორა, იდეაში, თავისუფალი, დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის მმართველი, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტური მონა და მორჩილი, ქალბატონი თურნავა, რომელიც გადაეფარა ამერიკის შეერთებული შტაბების მიერ რუსეთის აგენტობაში ბრალდებული ფარცხალაძის საბანკო ფინანსურ ინტერესებს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ პრორუსული პარტიაა, არამედ ის რუსული აგენტურით გატენილი დანაშაულებრივი, მაფიოზური დაჯგუფებაა.
    უამრავი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ამას მაფიოზური „რუსული ოცნება“ განზრახ აკეთებს, რადგან ასეთ ბრძანებებს იღებს მოსკოვიდან.
    მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირის წევრობა, ქვეყანას კი მართავს დანაშაულებრივი რუსული დაჯგუფება, ანუ ხალხი არის ერთ მხარეს, ხელისუფლება - მეორე მხარეს. ეს არის კლასიკური რევოლუციური მდგომარეობა!
    მე, როგორც ქართველი პატრიოტი, იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელისუფლებიდან არჩევნების გზით გავუშვებთ. მაგრამ თუ ისევ გაბედეს არჩევნების გაყალბება, ყველაფერი რევოლუციით და არა „ქოცბანდის“ მშვიდობიანი წასვლით დასრულდება!", - ნათქვამია განცხადებაში.
  • ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა!

    ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს. 

    მათი ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების გასამართად საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოსულ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდა.

    ბორელმა, რომელიც ევროკავშირის თბილისის ოფისში მივიდა, განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი პირველად ექნება და ხვალ (დღეს) მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს.

    მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, და რამდენიმე კვირის შემდეგ შესაბამისი შეფასებები გაკეთდება საქართველოსთვის „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე.

    ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და დაამატა: "ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ ამ გზაზე."

    ბორელმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანი კრიტერიუმები, რომლებიც მათ ევროკავშირმა მისცა, რათა საქართველოს მიენიჭოს „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსი და რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

    „მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის (თბილისის) ქუჩებში და ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“. - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

    მან აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას და რომ ქართველ ლიდერებთან შეხვედრებზე ისინი ასევე განიხილავენ რეგიონზე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის უარყოფით გავლენას.

    ბორელი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ჩავა საოკუპაციო ხაზთან.

  • აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი საქართველოში

    საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუნ ალიევსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა  აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ყურადღება კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა. 

    ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონს ეწვივნენ, სადაც ბაზაზე წარმოდგენილი ტექნიკა, შეიარაღება და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს და მათ შესაძლებლობებს გაეცნენ. სტუმრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის ფუნქცია-მოვალეობებზე, მიზნებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. 

  • ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში 7-8 სექტემბერს შედგება

    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

    როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

    ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

    ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

    „ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

    უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს

    ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

    ევროპული საბჭოს ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. აღნიშნული თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.

    „ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

    ევროპული საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს. ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით.

    საბჭოს ცნობით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, ხოლო 2021 წლის დეკემბერში – 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი.

    ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური