ისტორიაში პირველად - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 01 მაისი 2023 13:53
ისტორიაში პირველად - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
ქართველმა ხელბურთელებმა გადამწყვეტი მატჩი სტუმრად უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში (31:30) დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენება ისევ ცხოვრებაძემ მოახერხა და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:30.

საქართველოს ნაკრებმა მე-6 ჯგუფში ასპარეზობა 4 ქულით დაასრულა და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველი ხელბურთელები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში ჩატარდება.
წაკითხულია 1082 ჯერ

Related items

  • თბილისში სტარტი აიღო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატმა

    გუშინ თბილისში სტარტი აიღო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა (U21) ჩემპიონატმა. გუშინვე გაიმართა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობით.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი  ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა და ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან, „დინამო არენაზე“ 2:0 მოიგო.

    მატჩის პირველ ტაიმში, წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გაგუამ მცველს წამიერი დაბნეულობა არ აპატია, კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა – 1:0. ტაიმის ბოლოს კი იგივე წიტაიშვილის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის კართან საზონოვი დარჩა უმეთვალყურეოდ და შესვენებამდე, საქართველოს ნაკრები კომფორტული უპირატესობით დააწინაურა – 2:0.

    მეორე ტაიმში პორტუგალიამ სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა შესძლეს მოგერიება და ამ თამაშის მოგება.

    ჯგუფის მეორე თამაში ნიდერლანდები-ბელგია 0:0 დასრულდა.

    საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე მატჩს 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

    გიორგი ოთინაშვილი

  • გორ აივაზიანმა და დემურ ქაჯაიამ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

    ერევანში მიმდინარე ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვი - მედლები მოიპოვეს როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდის წარმომადგენლებმა.

    ყველაზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ გორ აივაზიანს (54 კგ) და დემურ ქაჯაიას (67 კგ), რომლებმაც ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხეს და შემდეგ ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს.

    ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა თათია ბუკიას (75 კგ). იგი გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს სამივე ფინალში რუსს მოკრივეებთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა.

    მესამე ადგილებით საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შესძინეს დავით ჯაფარიძემ (51 კგ), ლევან დემუროვმა (57 კგ) და გიორგი ნატროშვილმა (75 კგ). 

  • ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეშვიდე ოქროს მედლით დააგვირგვინა

    საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის ერევნის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე, მოლოდინისამებრ, საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა მეშვიდედ მოიპოვა. წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ქალთა ნაკრების ლიდერს, მსოფლიოს ჩემპიონს და ევროპის ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებულ ანასტასია გოტფრიდსაც, რომელმაც ასევე მედლები დაისაკუთრა.

    ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ექვსგზის და ასევე ექვსგზის ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მნიშვნელოვანი უპირატესობა ატაცში მოიპოვა. 222 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი დაიბევა. ასეთივე სინჯის მედალი ერგო აკვრაში დაძლეული 252 კილოგრამით. ჩემპიონი გახდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 474 კილოგრამითაც.

    ასე რომ, ქართველმა მძიმეწონოსანმა მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატზე  ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები დაისაკუთრა.

    ამავე წონაში იყო წარმოდგენილი ბაქარ თურმანიძე, რომელსაც ორჭიდის ჯამით (392 კგ) მეხუთე შედეგი ჰქონდა.

    წარმატებით იასპარეზა ანასტასია გოტფრიდმა(+87 კგ). მან ატაცში 117 კგ დაძლია, რამაც ოქროს მედალი მოუტანა. ვერცხლის მედალი ერგო აკვრაში დამორჩილებული 135 კილოგრამით. ასევე ვერცხლის მედალი დაიმსახურა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 252 კილოგრამითაც.

    რამდენიმე დღით ადრე ერევნის ფიცარნაგზე ორჭიდის ჯამში ჩემპიონობა იზეიმა შოთა მიშველიძემ (61 კგ), ვერცხლის მედლები ერგოთ რამინ შამილიშვილს (55 კგ), ირაკლი ჩხეიძეს (102 კგ) და გიორგი ჩხეიძეს (109 კგ), ხოლო აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაზა ლომთაძემ (109 კგ).

  • ევრო 2023 | 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში!

    2023 წლის 20 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, ფეხბურთში, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა საბჭომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
    გახსნით მატჩს რუმინეთი, ხოლო ფინალურ მატჩს საქართველო - კერძოდ კი ბათუმის (დასავლეთ საქართველო) აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.

    საქართველოში თამაშები 4 სტადიონზე გაიმართება: აჭარაბეთ არენა (ბათუმი), რამაზ შენგელიას სტადიონი (ქუთაისი), დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (თბილისი).
    ტურნირზე წარმოდგენილი იქნება 4 ჯგუფი:

    ჯგუფი A
    საქართველო
    პორტუგალია
    ბელგია
    ნიდერლანდები

    ჯგუფი B
    რუმინეთი
    ესპანეთი
    უკრაინა
    ხორვატია

    ჯგუფი C
    ჩეხეთი
    ინგლისი
    გერმანია
    ისრაელი

    ჯგუფი D
    ნორვეგია
    შვეიცარია
    საფრანგეთი
    იტალია

    5 ივლისს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.

    ტურნირის ფინალური მატჩი 8 ივლისს, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

    გიორგი ოთინაშვილი

  • ახალგაზრდა ტყვიის მსროლელებმა ევროპის ჩემპიონატი 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

    ტყვიის სროლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტალინის ევროპის ჩემპიონატი ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.ჩვენმა სპორტსმენებმა მედლები მოიპოვეს როგორც შერეულ წყვილებში, ისე გოგონათა გუნდურში და პირად პირველობაში.

    შერეულ წყვილებში 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს მარიამ ფროდიაშვილის და იოანე ხვარეშიას და მარიამ აბრამიშვილის და გიორგი მუმლაძის შერეულმა წყვილებმა.

    სალომე ფროდიაშვილი პირად პირველობაში გავიდა მესამე ადგილზე.გუნდურში ასეთივე შედეგს მიაღწია მარიამ და სალომე ფროდიაშვილების და მარიამ აბრამიშვილის სამეულმა, რომელმაც სამედლო შეხვედრაში 17:9 დაამარცხა უკრაინა.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური