ფოტოკონკურსი: გაეცანით 18 ფინალისტის ნამუშევრებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 31 მარტი 2023 11:09

„ოჯახური კავშირების“ თემაზე გამოცხადებული EU NEIGHBOURS EAST – FOTOFESTIWAL-ის ფოტოკონკურსის 18 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მოკლე სიაში მოსახვედრად თითოეული ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან — სამ-სამი ფოტოგრაფი შეირჩა. 

18-ვე ფინალისტი თბილისში 31 მარტს დაგეგმილ საზეიმო დაჯილდოებაზეა მიწვეული. ღონისძიებაზე გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული — თითო თითოეული ქვეყნიდან — და ყველა მათგანს 1,000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცემა.

საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც სფეროს ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შედგება, ფინალური ტურისთვის 400-ზე მეტ კონკურსანტს შორის თითოეული ქვეყნიდან სამი ფოტოგრაფი შეარჩია. 

კონკურსანტებს ევალებოდათ, წარედგინათ 8-20 ფოტოსგან შემდგარი სერიები, რომლებშიც „ოჯახური კავშირების“ თემა საკუთარი ინტერპრეტაციით უნდა გაეშალათ: როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

ფინალში მოხვედრილი თითოეული კონკურსანტის ფოტოსერიათა ხილვა EU NEIGHBOURS EAST-ის ვებსაიტის სპეციალურ გვერდებზეა შესაძლებელი. 18 ფინალისტისგან შემდგარი სია ასე გამოიყურება:

სომხეთი

ნაზიკ არმენაკიანი – ჩემი ომი (ფრაგმენტული გამოცდილება)

მანე ჰოვჰანისიანი – ფაბულა

ჰრანტ ხაჩატრიანი – ახლად შობილი

აზერბაიჯანი

ორხან აზიმოვი – განათლებისგან დაშორებული

აზიზ კარიმოვი – აზერბაიჯანი კორონავირუსის აფეთქებასთან გასამკლავებელ ზომებს მიმართავს 

ილკინ იაგუბოვი – გადახლართულობა

ბელარუსი

პაშა კრიტჩკო – ბელარუსული კავშირები

ვერანიკა მალიაუკა – მოგონებები სახლზე

ტაციანა ტკაჩოვა – დედასამშობლო

საქართველო

ნათელა გრიგალაშვილი – ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები

ეკატერინე კოლესნიკოვა – დილა ზედმეტად სწრაფად მოდის

თაკო რობაქიძე – „მშვიდობისმყოფელნი“

მოლდოვა

მარია გუცუ – სამშობლო

რამინ მაზური – მარცხენა სანაპირო

კატერინა შოშევა – Sem’ya

უკრაინა

არტემ ჰუმილევსკი – ფესვები

ოლენა მოროზოვა – ბებო

მარისია მიანოვსკა – ო, ძმაო, სად ხარ?

კონკურსი ორგანიზებულია EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ, Fotofestiwal-თან პარტნიორობით. EU NEIGHBOURS EAST ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამაა, რომელიც ზრდის ცნობადობას ევროკავშირზე, მის პოლიტიკაზე და მხარდამჭერ პროექტებზე მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. Fotofestiwal ფოტოგრაფიასთან მომუშავე პროფესიონალების კოლექტივად 2001 წელს დაარსდა. მას მერე ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფიულ ფესტივალად იქცა. 

წაკითხულია 146 ჯერ

Related items

  • IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა!

    18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო!

    IWSC კონკურსის  გამარჯვებულები დღეს გახდება ცნობილი.  კომპეტენტური  ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები და თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა. კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 520  ღვინოდან წინასწარი მონაცემებით მედალი 310 მათგანს გადაეცა.  18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა.

    მნიშვნელოვანია,  რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი  რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური  საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობებმა, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე. 

    ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

    IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

    ცნობისათვის, შარშან კონკურსზე 150 -ზე მეტი კომპანიის 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. IWSC-ის მედლები კი ასე განაწილდა: 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო. პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს. IWSC 2024 Wine Judging in Georgia, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო დღეს, 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

    საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

  • ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს

    23 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას. რეზოლუცია, ამასთან, ამ და სხვა მკვლელობების დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

    რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სოფელ კირბალში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაშაულები ჩაიდინეს 2023 წლის 6 ნოემბერს — ანუ ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის წარდგენამდე ერთი დღით ადრე. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მისცემოდა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

    ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

    პარლამენტი დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები და გაათავისუფლოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე.

    გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, სანქციები დაუწესოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს და დაგმოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.

    რეზოლუციის ტექსტი 495 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით დამტკიცდა, წინააღმდეგი იყო 7, ხოლო 50-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტის სრულად ნახვა აქაა შესაძლებელი.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსში გამარჯვებულის დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის, „მუჰაჯირების მემკვიდრეობა — აფხაზები აჭარიდან“, პრემიერა გაიმართა. 

    ფილმის რეჟისორია ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) 2022 წლის სპეციალური პრიზის მფლობელი. 

    დოკუმენტური ფილმი EUMM-ის 2022 წლის მშვიდობის პრიზის ფულადი ჯილდოს საშუალებით დაფინანსდა. 

    ის აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმი ქალის, ნერიმანის შესახებ გვიყვება. ნერიმანი აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალია. მუჰაჯირები იმ მუსლიმ ხალხს ეწოდება, რომელთაც აფხაზეთი მე-19 საუკუნეში პოლიტიკური მიზეზების გამო იძულებით დაატოვეს. ნერიმანის ისტორია მოგვითხრობს, თუ როგორ იცავს აფხაზურ ტრადიციებს მისი ოჯახი აჭარაში მათი წინაპრების ჩასვლიდან 150 წლის შემდეგაც კი. ამას გარდა, ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ მუსლიმი თემის წევრები და აჭარლები.

    ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანაორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ 60-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. დამსწრეთა შორის იყვნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და ექსპერტები.

    „მნიშვნელოვანია ისეთი ისტორიების მოყოლა, სადაც თანაგრძნობა და პატივისცემა სჭარბობს სიძულვილის ენას იმ ყველაფრის მიმართ, რაც განსხვავებულია, ან, თუნდაც, მხოლოდ ჩანს განსხვავებულად. კონფლიქტები და ომები ხომ ძალიან ხშირად იწყება რაიმე უცნობის ან უცხოს ‘სხვად’, ‘მტრად’ წარმოჩენით“, — აღნიშნა ფილმის ჩვენების წინ საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა. 

    EUMM-ის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ჟურნალისტიკის კონკურსის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთია. EUMM ამ პრიზს 2013 წლიდან მოყოლებული გასცემს იმ ჟურნალისტური ნაშრომებისთვის, რომლებიც  საქართველოში თემებს შორის ნდობის აღდგენასა და გრძელვადიან მშვიდობას უწყობს ხელს. 

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ევროკავშირმა და გაერომ შეაჯამეს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები

    5.1 მილიონის ევროს ღირებულების ხუთწლიანი  პროგრამა პარტნიორობის, მეწარმეობის, ეკონომიკური მდგრადობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნებს ემსახურება

    თბილისი. 14 ნოემბერი 2023 – ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეაჯამეს 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგები „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.

    ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, რომელიც 2019-2023 წლებში ხორციელდებოდა, შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

    პროგრამის განხორცილება უშუალოდ აისახა 100-მდე მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობაზე. მან ხელი შეუწყო საქართველოში ოთხი ბიზნეს კლასტერის ჩამოყალიბებას და კლასტერული ანალიზის ევროპულ ინიციატივაში (ECEI) ინტეგრირებას.

    ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, 1,500-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი ჩაერთო სხვადასხვა სასწავლო და ქოუჩინგ პროგრამაში, რამაც გააუმჯობესა მათი მეწარმეობის უნარები და გაზარდა წარმატების პერსპექტივები საერთაშორისო ბაზრებზე.

    კერძო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

    ამ პარტნიორული და თანამონაწილეობითი ინიციატივის შედეგების შეჯამება 14 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    „ევროკავშირის ინოვაციურმა პროექტმა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში შექმნა მრავალმხრივი ეკონომიკური შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ წარმატებას. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში. ჩვენი ხელშეწყობა ითვალისწინებს უფრო მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას, რაც საფუძველს ჩაუყრის ქართული ბიზნესისა და წარმოების წარმატებას“, - განაცხადა კატალინ გერმანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.

    დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ეკონომიკური და სოციალური უფლების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში.

    „ევროკავშირთან და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, ვეხმარებით მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა ხელი შევუწყოთ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ადამიანებისა და პლანეტის ინტერესებს გაითვალისწინებს. ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ბიზნეს კლასტერმა, შემფუთველთა კლასტერმა PMAG, საგრძნობლად გააფართოვა თავისი ქსელი, რომელიც ამჟამად 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, წარმატებით დანერგა ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესის წარმოებაში და ასევე დაიწყო გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკის, მათ შორის, მდგრადი წარმოებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის გამოყენება. ეს ცვლილებები შესამჩნევ ფინანსურ წარმატებაშიც აისახა. 2018 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, PMAG კლასტერის წევრი კომპანიების  გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა“, - აღნიშნა დაგლას უებმა.

    „ამ პროექტის ფარგლებში, FAO-მ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ჩარჩო რითაც, ხელი შეუწყო ნერგების ადგილობრივ წარმოებას. მან, ასევე ტექნიკური დახმარება გაუწია და აღჭურვა 20-მდე სანერგე მეურნეობა. უფრო მეტიც, FAO-ს მხარდაჭერით 1000-მდე მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგი თანამედროვე, მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, ჩვენ ხელი შევუწყვეთ მეწარმეების ინტეგრაციას ადგილობრივ საბაზრო სისტემაში. საბოლოო ჯამში, პროექტის მიღწევები დიდ როლს ითამაშებს უფრო მდგარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, რაც დადებითად აისახება პროდუქტის რაოდენობაში, ხარისხსა და გარემოზე ზეგავლენაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა

    „UNIDO პირდაპირ დაეხმარა 36 მცირე და საშუალო მეწარმეს და ტრენინგების/ინდივიდუალური დახმარების გზით გადაამზადა 300-მდე ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში. UNIDO-ს ჩართულობით მწარმოებლებმა გადალახეს წარმოებასთან და ხარისხის მართვასთან დაკავშირებული შეფერხებები, და შეძლეს გაეგრძელებინათ ბაზარზე მდგრადად ოპერირება. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელსაც UNIDO დაეხმარა, გახდა GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიცირებული და მოიპოვა ბაზარზე პროდუქციის გაყიდვის უფლება. UNIDO-ს დახმარებით საქართველოს საზღვაო თევზჭერისა და ბიოფარმაცევტულმა კლასტერებმა შეძლეს მწარმოებლების გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მიზნების მიღწევა, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დახმარების გარეშე გადაულახავი დარჩებოდა“, - თქვა UNIDO-ს პროექტების ეროვნულმა კოორდინატორმა გიორგი ანდღულაძემ.

    „დიასპორასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის დინამიური ურთიერთობის განვითარების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შექმნა მაღალ-პროფილური დიასპორის წარმომადგენელთა მონაცემთა ბაზა, რომელიც ევროკავშირისა და მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ 4000-მდე დიასპორის პროფილს აერთიანებს. დიასპორის ინტერესების, უნარებისა და გამოცდილების იდენტიფიცირების მიზნით, IOM-ი ასობით დიასპორის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ადგილობრივ ბიზნესსა და დიასპორას შორის ძლიერი კავშირების დამყარება, დიასპორის რესურსების, ცოდნისა და იდეების ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობა. აღნიშნულმა ინიციატივამ არა მხოლოდ გააძლიერა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, არამედ ხელი შეუწყო შესაძლებლობების განვითარებას და თანამშრომლობის სტიმულირებას. ინიციატივის ფარგლებში, წარმატებით წარმოჩინდა დიასპორის როლი ადგილობრივ განვითარებაში“, - აღნიშნა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

    ბიზნეს კლასტერების ჩამოყალიბება და განვითარება ევროკავშირისა და გაეროს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთ საყურადღებო მიღწევაა. ამ ხელშეწყობის შედეგად, შეიქმნა ოთხი ძლიერი კლასტერი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში:

    1. შემფუთველთა კლასტერი, PMAG, რომელმაც კლასტერული ანალიზის ევროპული ინიციატივის (ECEI) ბრინჯაოს ნიშანი (Bronze Label) მოიპოვა და შემფუთველთა მსოფლიო ორგანიზაციაში (WPO) სრული წევრის სტატუსით გაწევრიანდა. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNDP
    2. ჩითილებისა და სანერგე მეურნეობების კლასტერი, რომლის ფარგლებში შემუშავდა სანერგე მასალების სერტიფიცირების სისტემა და განხორციელდა სანერგე მეურნეობების ტექნიკური მხარდაჭერა, ჩატარდა ტრენინგები ფერმერებისთვის და გაიმართა აგრარული ბაზრების სერია. მხარდამჭერი ორგანიზაცია: FAO
    3. საქართველოს ბიო-ფარმაცევტული კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO
    4. საქართველოს საზღვაო თევზჭერის კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO

    პროგრამამ ასევე შეუწყო ხელი საჯარო და კერძო პარტნიორობის განმტკიცებას ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობის სხვადასხვა საკვანძო სფეროში, მათ შორის, ნარჩენების მდგრადი მართვის გაუმჯობესებაში მუნიციპალურ დონეზე. 2023 წელს, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხელი მოაწერეს განზრახულობათა შესახებ დეკლარაციებს კერძო კომპანიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

    გარდა ამისა, პროგრამის განხორციელებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქმიანი კავშირების განმტკიცებაში საქართველოს მცირე და საშუალო მწარმოებლებსა და ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ დიასპორას შორის. ევროკავშირისა და გაეროს მიერ შეთავაზებულმა პარტნიორულმა მიდგომამ ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველ მეწარმეთა დამკვიდრებას ევროპულ ბაზრებზე.

    ხუთწლიანი პროგრამამ „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შექმნა ახალი სივრცე და თანამედროვე შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში. ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებენ პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მდგრადი ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას.

    ###

    დამატებითი ინფორმაცია:

    „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.

  • ევროკავშირი და გაერო შეაჯამებენ კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შედეგებს

    14 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ (პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი),  ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეაჯამებენ 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგებს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.

    ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების განვითარებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

    პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

    ###

    ღონისძიებას დაესწრებიან:

    • კატალინ გერმანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე
    • გენადი არველაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
    • ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
    • დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
    • გიორგი ანდღულაძე, UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი
    • სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
    • საქართველოს კერძო სექტორისა და ბიზნეს კლასტერების წარმომადგენლები

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური