ჯო ბაიდენი: „ამერიკა ნატოს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 24 თებერვალი 2023 13:04

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: „ამერიკა ნატოს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

მან ამის შესახებ, პოლონეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ იგი ძლიერ მოკავშირეებთან ერთად ყოფნის გამო ძალიან ბედნიერია რა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღემდე „შესანიშნავი სამუშაოები შეასრულა“.

„დღეს, როდესაც ვუახლოვდებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ წლისთავს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ერთად დგომა და ვფიქრობ, ეს იმის დასტურია, თუ რამდენად ძლიერად ვგრძნობთ თავს. თქვენ (აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნები) ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის წინა ხაზზე. ეს კონფლიქტი მნიშვნელოვანია დემოკრატიის თავისუფლებისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში და მსოფლიოში. უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერა, ფაქტიურად მილიონობით ლტოლვილის მხარდაჭერაა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას. ნატოს მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. ასე, რომ ჩვენ დავიცავთ ნატოს ფაქტიურად ყველა სანტიმეტრს,“ განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა: „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ემზადებოდა მშვიდობისთვის. პირიქით, ის ემზადება უფრო მეტი ომისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავზარდოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის“.

ცნობისათვის, „ბუქარესტის ცხრიანი“ (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი), რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ფრთის ქვეყნების ნაწილია, 2015 წლის 4 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიქმნა.

 

წაკითხულია 155 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი მედიას: თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რისკენაც ევროპა მოგვიწოდებს, სწორედ ესაა, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი და აზრის გაცვლა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქართული მედიის წარმომადგენლებს  უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

    ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

     ,,მინდა მოგესალმოთ ყველას და მადლობა მოგახსენოთ სასახლეში მობრძანებისთვის. ეს არის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამდენი მედიაა წარმომადგენელი ერთად შეკრებილი პრეზიდენტის სასახლეში - ორბელიანების სასახლეში. დარწმუნებული ვარ, რომ ორბელიანები ხარობენ, მათი სული ხარობს იქ, სადაც არიან, რომ ასეთი საზოგადოება შეიკრიბა დღეს აქ, ჩვენთან.

    მინდა, ასევე განსაკუთრებით მივესალმო რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს მედიას; მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს იმისთვის, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.

    მინდა ვისურვო, რომ ასეთი შემთხვევა ჩვეულებრივი შემთხვევა გახდეს, რადგან ევროპა სწორედ ესაა. ევროპაა ის რომ დღეს, ამ საღამოს სასახლეში აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული და მოწვეული. არ ყოფილა არანაირი გარჩევა რაიმე მიმართულებითა თუ ორიენტაციით და შევადგინეთ რაც შეიძლებოდა ყველაზე სრულყოფილი სია. ვინმე თუ არ არის ამ სიაში ეს რაღაც შეცდომაა, მაგრამ არა განზრახ მიღებული გადაწყვეტილება და მინდა ამისთვისაც ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ერთად ხართ და თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რის მიმართაც მოგვიწოდებს ევროპა - სწორედ ეს არის, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა, ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. ეს გავლილი გვაქვს, ეს წარსულია და აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა ერთნაირად ფიქრი, ერთნაირად საუბარი.

    დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ კამპანიის ფარგლებში ,,ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას!“ და თითოეული ჩვენგანის ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე, ცხადია, მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ; ყველამ ვიცით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს მართლა ყველას ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ამ გზაზე სიარული განვაგრძოთ იმისთვის, რომ თქვენ მოსახლეობამდე მიიტანოთ თუ რა არის რეალურად ევროპის კეთილდღეობა ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტები - ეს არის ის, რაც თქვენ უფრო შეგიძლიათ, ვიდრე მე, როგორც პრეზიდენტს, ან პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის თქვენი განსაკუთრებული როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება შემდეგი წელი იმისათვის, რათა ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს, ასოცირებული ტრიოდან - უკრაინასა და მოლდოვას და მათთან ერთად მივაღწიოთ, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან. ის მოლაპარაკები, რომელიც არის გზა პირდაპირი და უშუალო გაწევრიანებამდე.

    მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლა და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება; ეს არის მათი ბრძოლა ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

    სასახლეში თქვენამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენ ძალიან დიდი იმედით გვიყურებენ, რადგან მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და მათ ჩვენ უნდა უძღვებოდეთ წინ, რადგან ახალგაზრდებს სჭირდებათ არამხოლოდ იმედი, სჭირდებათ ცოდნა, სჭირდებათ დანახვა როგორია ეს გზა, როგორ უნდა გაიარონ და როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა, რათა უცებ არ გადაწყვიტონ საზღვარგარეთ წასვლა. რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება ყველას შეუძლია მიიღოს, რადგან თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ახალგაზრდები და ჩვენ მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ ჩვენს შედეგს.

    კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეკრებები სხვადასხვა მიზნით, ფორმითა და მიზეზით მომავალშიც იქნება - ყველა ერთად ვიქნებით და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა ყველას!“- განაცხადა პრეზიდენტმა მედიისადმი მიმართვაში.

  • პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

    ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.

    საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. 

    საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით.

  • დიდი შვიდეული რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად მოლაპარაკებებს აჩქარებს

    იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კვლავ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამ მიზნით ისინი არ წყვეტენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და მკაცრი სანქციებისა თუ სხვა შეზღუდვების დაწესებას. 

    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

    „ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას სანქციებთან დაკავშირებით, რათა შევზღუდოთ რუსეთის წვდომა უმნიშვნელოვანეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიაზე. ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს იმისათვის, რომ აღვკვეთოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების თუ გვერდის ავლის შემთხვევები“, — ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, — „იმ შემოსავლების შესამცირებლად, რომლებსაც რუსეთი ექსპორტიდან იღებს, ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს კონსულტაციებს ენერგეტიკის, ლითონებისა და ყველა არასამრეწველო ალმასის შესახებ — რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული პროდუქციის ჩათვლით“.

    გარდა ამისა, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები მათ იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, „სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა“. 

    მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ „მიუღებელია რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ“. 

    „რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას პასუხად მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივ ყოფნას და შეუზღუდავ წვდომას უკრაინის სამოქალაქო დანიშნულების ყველა ბირთვულ ობიექტზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

    რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, G7-ის მინისტრებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის მერე მთიანი ყარაბაღიდან სომხების გადასახლების ჰუმანიტარული შედეგების გამო. მათ მოუწოდეს აზერბაიჯანს, სრულყოფილად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები. იმავე დროს, მინისტრები მიესალმნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც იძულებით გადაადგილებულთათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების მიწოდებას ისახავს მიზნად. 

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა მოსახლეობას

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას.

    პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკამ, რომელიც გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს, დაასრულა თავისი პირველი საუკუნე და აფრა აუშვა მეორე საუკუნისკენ, რომელსაც მათ თურქეთის საუკუნე უწოდეს.

    „ჩვენი რესპუბლიკა, რომელიც ათასწლოვანი სახელმწიფო ტრადიციის ახალი რგოლია, არის არა პირველი, არამედ უკანასკნელი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ამ მიწებზე დავაარსეთ“. – განაცხადა მან.

    პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკა მათთვის როგორც სიამაყის, ასევე შთაგონების წყაროა.

    „დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა“. - განაცხადა ერდოღანმა.

    მისივე თქმით, ყველგან, სადაც ჩაგრული და გაჭირვებული ადამიანი თვალცრემლიანია, კავკასიიდან აზიამდე, თურქესტანიდან პალესტინამდე, სწორედ თურქეთი მიდის მის დასახმარებლად და ხელს ჰკიდებს.

    „ვერც ერთი იმპერიალისტური ძალა ვერ შეუშლის ხელს თურქეთის რესპუბლიკას იყოს ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

  • სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა
    2023 წლის 15-16 სექტემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა.
    აღნიშნულ სამიტზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობა.
    თურქეთის ბიზნეს საბჭოს სამიტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი თურქეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური და დიასპორული კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
    აღნიშნულ ღონისძიებას, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დესწრო და მონაწილეობა მიიღო B2B შეხვედრებში. ბატონმა ოსმანმა ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
    თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური