პარიზის "გრანდ სლემი" - 2 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი
გამოქვეყნებულია
სპორტი
ორშაბათი, 06 თებერვალი 2023 15:51
პარიზში დასრულებულ "გრანდ სლემზე" დიდი წარმატებით ისპარეზა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელმაც 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ტურნირის ბოლო დღეს ოქროს მედალს დაეუფლა ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, სეოკ-ის ვერსიისთ 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ტატო გრიგალაშვილი (- 81 კგ). მან პარიზის ტატამზე 5 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოიგო. საჩემპიონო ბრძოლაში ტატომ ერთ წუთში იპონით აჯობა გერმანელ ტიმო კაველიუსს.
სამედლო ბრძოლა ასევე იპონით მოიგო ლუკა მაისურაძემ (-90 კგ). მან ჯგუფში ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალი აზერბაიჯანელ ფატიევთან დათმო, მაგრამ ბოლო შეხვედრაში ჩეხ დავიდ კრამერტს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ტურნირის სტარტზე ოქროს მედალი აიღო ყველაზე ტიტულიანმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად აღიარა და სპეციალური პრიზი სწორედ პარიზში გადასცა. IJF-მა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლაშა გუჯეჯიანს მიაკუთვნა, 2022 წლის საუკეთესო იპონად კი ბექა ღვინიაშვილის გდება დასახელდა.