დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2023 12:06

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.

საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ. 

„აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს  შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა. 

წაკითხულია 179 ჯერ

Related items

  • ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

    28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარებლად პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით თბილისში კონფერენცია გამართა. კონფერენციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები.

    კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით  ჩატარდა.

    „საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობისა და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, — „ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, რათა  სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩო ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას დაუახლოვდეს. ამ მნიშვნელოვანი სფეროს წარმატებისთვის ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან“. 

    გერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ევროკავშირის LEADER პროგრამა — ქვემოდან ზევით ინიციატივა, რომლის მიზანი ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების მეშვეობით სოფლის განვითარების მხარდაჭერაა. „ველით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ამოქმედდება გამართული მექანიზმი, რაც LEADER ინიციატივით წახალისებული სოფლის განვითარების პროექტების სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყობს ხელს“, — დასძინა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

    ევროკავშირის და UNDP-ის მხრიდან საქართველოს სასოფლო განვითარების მხარდაჭერა ეყრდნობა 234.5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებულ კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებულ კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით, გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებული კიბერდანაშაულებრივი ბანდის Trickbot-ის 11 წევრს.

    რუსეთი დიდი ხანია არის უსაფრთხო თავშესაფარი კიბერკრიმინალებისთვის, მათ შორის Trickbot-ისთვის, ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

    განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ დღევანდელი სანქციები სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განახორციელა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ერთდროულად გამოაცხადებს ბრალდებებს 9 პირის, მათ შორის 7 სანქცირებული პირის მიმართ.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქცირებული 11 ადამიანი არის ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობენ Trickbot-ის ჯგუფის მართვასა და მომარაგებაში, რომელსაც კავშირები აქვს რუსულ დაზვერვის სამსახურებთან და რომ ჯგუფი თავს დაესხა ბევრ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვის პროვაიდერს აშშ-ში Covid-19-ის გავრცელების დროს.

    განცხადების მიხედვით, აღნიშნული სანქციები წარმოადგენს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილს რუსული კიბერდანაშაულისა და გამოსასყიდის აღკვეთის მიზნით და რომ ორმა ქვეყანამ ასევე დააწესა ერთობლივი სანქციები Trickbot-ის ჯგუფის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ თებერვალში.

    აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მდივანმა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონმა,  ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა გამოსასყიდის პროგრამებთან საბრძოლველად და მის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში არსებულ შეფერხებებზე რეაგირება.

    ნელსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ისინი გააგრძელებენ საერთო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენებას მავნე კიბერ აქტივობის წინააღმდეგ.

     

  • საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

    საქართველოს მთავრობამ, თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის თაობაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

    ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

    100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.

    ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.

  • თურქეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი გამოიყო

    საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო.

    განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას.
    გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის.
    მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 
    ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური