IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ჩქოტუამ განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური კორპუსის, პოტენციური დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა არის ერთადერთი საქართველოში, რომელშიც ინტეგრირებულია ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის საშუალებას მისცემს.
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა მადლობას უხდის პროგრამის განვითარებაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.
ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.