პრემიერ-მინისტრი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს” მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის” სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს.
შპს „დელტა-ვებე” საქართველოში დაფუძნდა „დელტას” 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა” და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს.