ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული რეტროსპექტივა შანხაიში
ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი ჩინეთისთვის ნაცნობ და საყვარელ არქიტექტორთა რიცხვს მიეკუთვნება. ზაჰას დიზაინის ფირმა „Zaha Hadid Architects (ZHA)“ მისი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, სწორედ ამ უკანასკნელის მიერაა აშენებული 2019 წელს ცნობილი პეკინის ტასინგის საერთაშორისო აეროპორტი.
2021 წელს ფირმამ ითანამშრომლა შანხაის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ფართომასშტაბიანი გამოფენის მოსაწყობად. შედეგად მუზეუმში წარმოდგენილი გახლდათ ჰადიდის საკულტო დიზაინის ასობით მოდელი, ფოტო და აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები.
რევოლუციური, კრეატიული, ინოვაციური – ამ და კიდევ სხვა მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ ჰადიდის შემოქმედებას. ჩინეთში თავის პირველ რეტროსპექტივაში, Zaha Hadid Architects-მა ნათელი მოჰფინა მისი გამომგონებლობის ბრწყინვალებასა და სიღრმეს, უნიკალურ არქიტექტურულ ენასა და შეუპოვარ სამუშაო ეთიკას.
გამოფენის მეორე სართული ჰადიდის არქიტექტურული დიზაინის მიმოხილვას მიეძღვნა, რაც მოიცავდა შენობების მოდელებსა და ფოტოებს, რომელიც ფირმამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნა. გარდა სავაჭრო კომპლექსებისა, ძვირადღირებული აპარტამენტებისა და ცათამბჯენებისა, ZHA-მ შექმნა მაღალი დონის საჯარო პროექტების სერია, როგორიცაა ხიდები, მეტროს სადგურები და ფეხბურთის სტადიონები.
მესამე სართული იმ ფილოსოფიასა და ტექნოლოგიებში მოგზაურობას დაეთმო, რომლებიც ჰადიდს მისი ხედვის რეალიზებაში დაეხმარა, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ყოველ ნაბიჯზე. ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური განყოფილება, რომელიც ზაჰა ჰადიდის დიზაინს (ZHD) მიეძღვნა, როგორიცაა ავეჯი, განათება, სამკაულები და მოდა.
საერთო ჯამში, გამოფენა ცოტათი ZHA-ს დიდ სარეკლამო კამპანიას ჰგავდა, რომელიც ჰადიდის მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობისა და კვლევის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
Related items
-
სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა უკვე მეთორმეტედ იმართება და წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. სამზადისი ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს.
მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე შეთავაზებები. ორგანიზატორები ფასდაკლებებს გვპირდებიან.
გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ასევე ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.
-
ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის 10 წლისთავი"
6 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, ჯეოქეისისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათი წლისთავი, ჩინური სტილის მოდერნიზაცია და ახალი შესაძლებლობები ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისთვის."
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. ჩინელმა დიპლომატმა ისაუბრა თანამედროვე ჩინეთზე, ჩინური ინიციატივის "სარტყელი და გზის" მნიშვნელობაზე და ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობაზე.
ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანია ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, ურთიერთგაგების გაძლიერება და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების ჩათვლით. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთგანვითარებას.
კონფერენციას დაახლოებით 120 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აკადემიის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, "ჯეოქეისის", მედიისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრები.
-
VIDEO-ჩინეთის ქ. შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი
ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა აამოქმედა დრონებით მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია თავისი სავაჭრო მიმართულებებით, კომერციული ქალაქითა და ინოვაციებით.დრონით საკვებისა და მედიკამენტების გადაზიდვა შენჭენში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2022 წლის 21 სექტემბრის მონაცემებით, ქალაქ შენჭენში 80,000-ზე მეტი დრონით მიწოდებული შეკვეთა დაფიქსირდა.ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დრონების გამოყენება შენჭენის შემდეგ კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებული გახდება კუანტუნგის პროვინციაში. დრონებით მიტანის სერვისმა მიიღო ნებართვა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისგან სამოქალაქო საჰაერო სატესტო ზონის შექმნის შესახებ.მასალა მოამზადა აკაკი ბალანჩივაძემhttps://sinomedia.ge/დრონით-მიწოდება/ -
11 – 15 აპრილს ხაიქოუ სამომხმარებლო პროდუქტების გამოფენას უმასპინძლებს
11 – 15 აპრილს, ჩინეთი, ხაინანის კუნძული სამომხმარებლო ტექნიკის ფართომასშტაბიან გამოფენას უმასპინძლებს. გლობალური სამომხმარებლო პროდუქტების კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე შესასვლელად საგამოფენო პლატფორმა საუკეთესო შანსია.
რამდენადაც ცნობილია, გამოფენისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა და ფორმდება სხვადასხვა სივრცე კომპანიებისთვის. ექსპონატების პირველი პარტიები კი საბაჟო პროცედურებს გადის.
გამოფენის განუყოფელი ნაწილია თილისმა „იუენსიაო“, რომელიც შედგება ხაინანის ორი გიბონისგან. წელს, თილისმების ახალი გამოსახულებები ცნობილია, როგორც „მექანიკური იუენსიაო“, რაც აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიას, მოწინავე წარმოებასა და ხაინანის კულტურას.
წელს საგამოფენო ფართობი 20 პროცენტით გაიზრდება წინა შეხვედრასთან შედარებით და ჯამში 120,000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს და სადაც 65 ქვეყნიდან და რეგიონიდან 3100 ბრენდი განთავსდება.
ჩინეთის მიერ COVID-19-ის რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ეს პირველი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოფენაა.
როგორც, რესკონფერენციაზე ვაჭრობის მინისტრმა, შენგ ციოუფინგმა განაცხადა, სამომავლოდ, გამოფენა კიდევ უფრო გაზრდის მომხმარებელთა ნდობას და დაეხმარება ხაინანის თავისუფალი ვაჭრობის პორტის მიღწევების სრულ დემონსტრირებას.
წყარო https://sinomedia.ge/ხაიქოუს-გამოფენა34/
-
საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჭოუ ციენის სიტყვა!
ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჭოუ ციენის, სიტყვა 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე:
,,ძვირფასო ჟურნალისტებო, დილა მშვიდობის! მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა.
დღეს მსოფლიოში არამდგრადი სიტუაციაა. უკრაინაში კრიზისის დაწყებიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა. ინფლაცია, ფასების ზრდა და პროტექციონიზმი სერიოზულ დარტყმას აყენებს წარმოებისა და მიწოდების გლობალურ ჯაჭვებს. ჰეგემონიზმი და ცივი ომის მენტალიტეტი გავლენას ახდენს საერთაშორისო წესრიგზე. მშვიდობის, განვითარების, უსაფრთხოების და მმართველობის დეფიციტი კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. დღეს მსოფლიო გზაჯვარედინზე დგას; არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობიან განვითარებას, ომს, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისს შორის. თუ რა გზას უნდა დაადგეს კაცობრიობა, ამ საკითხზე ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. მსოფლიოში არსებული არამდგრადი სიტუაციის პასუხად, ჩინურმა მხარემ გლობალური განვითარების ხედვა წამოაყენა. ჩვენ უნდა შევქმნათ ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო, სადაც იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, საყოველთაო უსაფრთხოება და საერთო კეთილდღეობა.
ჩინეთის პრეზიდენტი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივებითა და წინადადებებით გამოვიდა. მათ შორისაა, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოება“, „სარტყელი და გზა“, „კაცობრიობის საერთო ღირებულებები“ და სხვა. 2021 წლიდან პრეზიდენტ სის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს „გლობალური განვითარების“, „გლობალური უსაფრთხოების“ და „გლობალური ცივილიზაციის“ ინიციატივებიც შეემატა. მსოფლიოში არსებულ არამდგრად სიტუაციაზე ჩინეთის პასუხია „მშვიდობა, განვითარება და ცივილიზაციათა შორის გამოცდილების გაზიარება“.
2021 წელს პრეზიდენტ სის მიერ შემოთავაზებული „გლობალური განვითარების ინიციატივა“ ორიენტირებულია განვითარებასა და ხალხზე. იგი უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ყურადღება დაუთმოს განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და მდგრად განვითარებას. უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, 2022 წლის აპრილში პრეზიდენტი სი „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით“ გამოვიდა. ეს არის უსაფრთხოების ახლებური გზა, რომელიც დაპირისპირების, ალიანსების და ნულოვანი ჯამის მქონე თამაშის საპირისპიროდ - დიალოგს, პარტნიორობასა და საერთო სარგებელს გვთავაზობს. იგი ხელს უწყობს ისეთი მსოფლიოს შექმნას, სადაც იქნება ხანგრძლივი მშვიდობა და საყოველთაო უსაფრთხოება. მიმდინარე წლის 15 მარტს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და მსოფლიოს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, სი ძინფინგმა „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა“ გააჟღერა. იგი მხარს უჭერს მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემას, მთელი კაცობრიობის საერთო ღირებულებების პოპულარიზაციას, ცივილიზაციების მემკვიდრეობითობასა და ინოვაციების დაფასებას, საერთაშორისო კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას, სირთულეების გადასალახად ერთმანეთის მხარდამხარ მოქმედებას, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის ჰარმონიულ თანაცხოვრებას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებასა და ურთიერთდათმობას.
ისტორიამ დაგვანახა, რომ განვითარება მშვიდობის გარეშე იგივეა, რაც უფესვებო ხე; ხოლო მშვიდობა განვითარების გარეშე იმ გემივითაა, რომელიც წინ ვეღარ მიცურავს. სხვადასხვა ცივილიზაციების ინკლუზიური თანაარსებობის, თანასწორობისა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების გარეშე, არასტაბილურობისგან და კონფლიქტებისგან თავის დაღწევა და გრძელვადიანი მშვიდობისა და განვითარების მიღწევა გაჭირდება. ამგვარად, ეს სამი ინიციატივა გამოხატავს ჩინეთის ძალისხმევას, მტკიცედ დაიცვას მშვიდობა; გამოხატავს ჩინეთის, როგორც ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყნის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას.
უკრაინაში კრიზისი გაჭიანურდა და გამწვავდა, რის შედეგებსაც სულ უფრო აშკარად ვხედავთ. მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო შეშფოთებულნი არიან და მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებენ. სულ უფრო მეტი რაციონალური ხმა გვესმის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობას ემხრობა. კრიზისის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი ინარჩუნებს ობიექტურ და სამართლიან პოზიციას და აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა დოკუმენტი - „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე", რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებისგან აღიარება მოიპოვა. გარდა იმისა, რომ უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას ვაწვდით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით, ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნიკური დახმარების პროექტისათვის 200 000 ევროს დონაციაც გავიღეთ. უკრაინულმა მხარემაც დადებითად შეაფასა ჩინეთის ძალისხმევა საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე; განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთთან კომუნიკაცია გაგრძელდება.
ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტი სი ძინფინგი რუსული მხარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია. სი ძინფინგსა და პუტინს შორის უკრაინის კრიზისის შესახებ გულწრფელი და ყოვლსიმომცველი დიალოგი გაიმართა. პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ ისტორიულად კონფლიქტები ყოველთვის დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით წყდებოდა. რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით მეტი სივრცე უნდა დარჩეს მშვიდობისთვის, რაც უფრო მწვავეა დაპირისპირება, მით მეტი ძალისხმევა უნდა დაეთმოს დიალოგს. თუ ყველა მხარე საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფციით იხელმძღვანელებს და დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესში თანასწორობას, გონივრულობას და პრაგმატულობას შეინარჩუნებს, უკრაინაში კრიზისის გადაწყვეტის რაციონალური გზა აუცილებლად გამოინახება. შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის აუცილებლობას. პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე აღდგენის თაობაზე მზადყოფნა და მოწონებით მიიღო ჩინეთის სურვილი აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებაში.
ჩინეთი ამ კრიზისის არც წამომწყებია და არც მასში მონაწილე მხარე, პირიქით, იგი კრიზისის პოლიტიკურად გადაწყვეტის ინიციატორი და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდამჭერია. ზოგიერთი ქვეყანა გეოპოლიტიკური და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ესკალაციისკენ უბიძგებს და განგებ ხელს უშლის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა ბუნებრივად აქვთ, ამიტომ ყველასთვის აშკარაა, ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს და ვინ ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეწყობას. ჩინეთს გამოკვეთილი და თანმიმდევრული პოზიცია აქვს. მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და სანქციებს, ცეცხლის შეკეთებასა და სიტუაციის განმუხტვას შორის, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, დიალოგსა და განმუხტვას. ჩვენ არ გვაქვს პირადი პოლიტიკური ინტერესი, არ ვაკეთებთ გეოპოლიტიკურ მანიპულაციებს, გულწრფელად ვემხრობით სამშვიდობო დიალოგს და ხელს ვუწყობთ ცეცხლის შეწყვეტას. ეს არის ჩინეთის, როგორც დიდი ქვეყნის პასუხისმგებლობა. „ახალ ეპოქაში ჩინეთის დიდი ქვეყნის დიპლომატია“ ასე ხედავს მწვავე საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენი მიდგომა შეესაბამება მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის მოსახლეობის ინტერესებსა და მოლოდინებს. ცოტა ხნის წინ, ჩინეთის შუამავლობით საუდის არაბეთსა და ირანს შორის პეკინში დიალოგი გაიმართა, რომელზეც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყდა. სირია-საუდის არაბეთის ურთიერთობებშიც შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყნები და ხალხები უმრავლესობას წარმოადგენენ და ჯერ კიდევ არსებობს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყვეტის იმედი.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, ცეცხლზე ნავთს ასხამს, რადგან სამხედრო დახმარებით, ცალმხრივი სანქციებითა და სხვა საშუალებებით მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის ესკალაციას. ამას თან ერთვის ცივი ომის დროინდელი ჰეგემონური ქმედებები, როგორიცაა ერთმანეთთან პირის შეკვრა, ზეწოლა, პროვოკაციები, კონფრონტაციისკენ წაქეზება, კარჩაკეტილობა, კავშირების გაწყვეტა (ე.წ. de-coupling) და ა.შ. 29-31 მარტამდე და 4-6 აპრილამდე პერიოდში, თაივანის რეგიონის ლიდერი ცაი ინგვენი გვატემალასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ჩავიდა და ვითომ ტრანზიტით შეერთებულ შტატებში ორჯერ გაჩერდა, რა დროსაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკარტისა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. თაივანი და შეერთებული შტატები იმეორებენ, რომ ცაი ინგ-ვენი მხოლოდ "ტექნიკური მიზეზით გაჩერდა" შტატებში. როდესაც ასეთი მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან ეწყობა შეხვედრები და მთელი რიგი ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი, ასეთი განცხადება დამაჯერებელია? ცაი ინგ-ვენის ე.წ. "ტრანზიტით გაჩერება" არის ფარსი. მისი მიზანია „დიპლომატიური გარღვევა“ და „თაივანის დამოუკიდებლობის“ პროპაგანდირება. აი, ეს არის სიმართლე.
თაივანის საკითხი არის ჩინეთის ცენტრალური ინტერესების ცენტრი, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური ფუნდამენტის ფუნდამენტი და პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით თაივანსა და შეერთებულ შტატებს შორის ოფიციალური ურთიერთქმედების ნებისმიერ ფორმას, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით თაივანის ხელისუფლების ლიდერის ნებისმიერი სახელით თუ საბაბით აშშ-ში ვიზიტს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სახის კონტაქტს თაივანის ხელისუფლებასთან, რომელიც არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ იმ ფაქტს, რომ შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა და მრავალგზის გაფრთხილება, კატეგორიულ პროტესტს გამოვხატავთ ცაი ინგ-ვენისთვის ვითომ "ტრანზიტით" შტატებში ვიზიტის ორგანიზების გამო და მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის კონტრზომა ლოგიკური, გონივრული და ლეგიტიმურია. ჩვენ ვადევნებთ თვალს სიტუაციის განვითარებას და კონსიტუციისა და ანტისეპარატისტული კანონის შესაბამისად, მტკიცედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
წელს ვიწყებთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას. ამასთან, ეს არის ახალი მთავრობის მმართველობის პირველი წელი. მომავალშიც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ძირითად ინტერესებს, მტკიცედ შევეწინააღმდეგებით ჰეგემონიზმის და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაპირისპირებას, შეკავებისა და ზეწოლის მცდელობებს; მტკიცედ დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარების ინტერესებს. ჩვენ პარტნიორობაზე დაყრდნობით ხელს შევუწყობთ დიდ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციასა და ჯანსაღ ურთიერთქმედებას, სახელმწიფოებს შორის მეგობრული თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირებას. ჩვენი მიზანია გახსნილობა და განვითარება. ხელს შევუწყობთ მაღალი სტანდარტებით განვითარებასა და მაღალ დონეზე გახსნას. ჩვენ უარს ვაბობთ „კავშირების გაწყვეტაზე“ (de-coupling), არ ვემხრობით ცალმხრივ სანქციებს, გვინდა შევინარჩუნოთ ღია და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკა, მზად ვართ ჩვენი ქვეყნის განვითარებით ახალი შესაძლებლობები შევქმნათ მსოფლიოში. მულტილატერალიზმის საშუალებით, ხელს შევუწყობთ „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას, საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას, გლობალური მმართველობის სამართლიანი და გონივრული მიმართულებით განვითარებას. მზად ვართ, კაცობრიობის წინაშე არსებული საერთო გამოწვევების გადასაჭრელად უფრო მეტი ჩინური სიბრძნე და ჩინური ხედვა შემოგთავაზოთ."
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...