პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 იანვარი 2023 10:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას.
გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 
ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
წაკითხულია 166 ჯერ

Related items

  • ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

    28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარებლად პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით თბილისში კონფერენცია გამართა. კონფერენციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები.

    კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით  ჩატარდა.

    „საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობისა და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, — „ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, რათა  სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩო ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას დაუახლოვდეს. ამ მნიშვნელოვანი სფეროს წარმატებისთვის ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან“. 

    გერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ევროკავშირის LEADER პროგრამა — ქვემოდან ზევით ინიციატივა, რომლის მიზანი ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების მეშვეობით სოფლის განვითარების მხარდაჭერაა. „ველით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ამოქმედდება გამართული მექანიზმი, რაც LEADER ინიციატივით წახალისებული სოფლის განვითარების პროექტების სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყობს ხელს“, — დასძინა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

    ევროკავშირის და UNDP-ის მხრიდან საქართველოს სასოფლო განვითარების მხარდაჭერა ეყრდნობა 234.5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • პრეზიდენტი მედიას: თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რისკენაც ევროპა მოგვიწოდებს, სწორედ ესაა, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი და აზრის გაცვლა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქართული მედიის წარმომადგენლებს  უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

    ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

     ,,მინდა მოგესალმოთ ყველას და მადლობა მოგახსენოთ სასახლეში მობრძანებისთვის. ეს არის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამდენი მედიაა წარმომადგენელი ერთად შეკრებილი პრეზიდენტის სასახლეში - ორბელიანების სასახლეში. დარწმუნებული ვარ, რომ ორბელიანები ხარობენ, მათი სული ხარობს იქ, სადაც არიან, რომ ასეთი საზოგადოება შეიკრიბა დღეს აქ, ჩვენთან.

    მინდა, ასევე განსაკუთრებით მივესალმო რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს მედიას; მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს იმისთვის, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.

    მინდა ვისურვო, რომ ასეთი შემთხვევა ჩვეულებრივი შემთხვევა გახდეს, რადგან ევროპა სწორედ ესაა. ევროპაა ის რომ დღეს, ამ საღამოს სასახლეში აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული და მოწვეული. არ ყოფილა არანაირი გარჩევა რაიმე მიმართულებითა თუ ორიენტაციით და შევადგინეთ რაც შეიძლებოდა ყველაზე სრულყოფილი სია. ვინმე თუ არ არის ამ სიაში ეს რაღაც შეცდომაა, მაგრამ არა განზრახ მიღებული გადაწყვეტილება და მინდა ამისთვისაც ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ერთად ხართ და თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რის მიმართაც მოგვიწოდებს ევროპა - სწორედ ეს არის, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა, ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. ეს გავლილი გვაქვს, ეს წარსულია და აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა ერთნაირად ფიქრი, ერთნაირად საუბარი.

    დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ კამპანიის ფარგლებში ,,ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას!“ და თითოეული ჩვენგანის ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე, ცხადია, მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ; ყველამ ვიცით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს მართლა ყველას ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ამ გზაზე სიარული განვაგრძოთ იმისთვის, რომ თქვენ მოსახლეობამდე მიიტანოთ თუ რა არის რეალურად ევროპის კეთილდღეობა ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტები - ეს არის ის, რაც თქვენ უფრო შეგიძლიათ, ვიდრე მე, როგორც პრეზიდენტს, ან პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის თქვენი განსაკუთრებული როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება შემდეგი წელი იმისათვის, რათა ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს, ასოცირებული ტრიოდან - უკრაინასა და მოლდოვას და მათთან ერთად მივაღწიოთ, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან. ის მოლაპარაკები, რომელიც არის გზა პირდაპირი და უშუალო გაწევრიანებამდე.

    მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლა და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება; ეს არის მათი ბრძოლა ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

    სასახლეში თქვენამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენ ძალიან დიდი იმედით გვიყურებენ, რადგან მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და მათ ჩვენ უნდა უძღვებოდეთ წინ, რადგან ახალგაზრდებს სჭირდებათ არამხოლოდ იმედი, სჭირდებათ ცოდნა, სჭირდებათ დანახვა როგორია ეს გზა, როგორ უნდა გაიარონ და როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა, რათა უცებ არ გადაწყვიტონ საზღვარგარეთ წასვლა. რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება ყველას შეუძლია მიიღოს, რადგან თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ახალგაზრდები და ჩვენ მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ ჩვენს შედეგს.

    კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეკრებები სხვადასხვა მიზნით, ფორმითა და მიზეზით მომავალშიც იქნება - ყველა ერთად ვიქნებით და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა ყველას!“- განაცხადა პრეზიდენტმა მედიისადმი მიმართვაში.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის") ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

    ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

    SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ

    მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის" საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი შეემატა.

    „მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, ძვირფას საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური სასტუმროს გახსნის ცერემონიაში. მინდა ყველას მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის დასრულება. თბილისს, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას შეემატა კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი.

    მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მანამდე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მარიოტის საერთაშორისო ქსელის Autograph Collection-ის ბრენდი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში პირველად და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი" გაიხსნა, რომელიც მართლაც გამორჩეული სასტუმრო არის მთელ რეგიონში. დღეს კი მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება. ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია დედაქალაქის ცენტრში ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური ახალი სასტუმროს ფუნქციონირება. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, 220 ნომერი, 5 სხვადასხვა კატეგორიის რესტორანი და სხვა სივრცეები - ეს ყველაფერი ქმნის ყველა იმ საშუალებას, რომ სასტუმრომ უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს, ბიზნესკონფერენციებს, ვიზიტორებს, დამსვენებლებს, ჩვენს ტურისტებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, „პარაგრაფ თბილისის" ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია.

    „საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და, რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის - როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა თანაინვესტირების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად. ასევე მინდა ვთქვა, რომ თანაინვესტირების ფონდი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს - 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წელში შეიქმნა ახალი 85 000 საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში - 85 000 ახალი საწოლი ადგილი. ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფად ჩვენს ქვეყანაში. შარშან საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. წელს უკვე სამ კვარტალში 3,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო საქართველომ. ეს ყველაფერი გვაძლევს ძლიერი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ახალი პროექტის დასრულებას. დიდი მადლობა!", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

    ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს სასტუმროების მართვის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტოგონიძემ, მარიოტის საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტმა სატია ანანდიმ, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა და სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის" გენერალურმა მენეჯერმა ტომას ვან ოპსტალმა.

    „პარაგრაფ თბილისი" მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის" ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 150 მლნ აშშ დოლარს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში" და „პარაგრაფ შეკვეთილში" ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.

    „პარაგრაფ თბილისი" შეძლებს, უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს და საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნესვიზიტორები თუ დამსვენებლები.

    მარიოტის საერთაშორისო ქსელ Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით 2018 წელს შემოვიდა და ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი" გახსნა.

     მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

     

     

  • პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

    ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.

    საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. 

    საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური