ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 24 თებერვალს დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომში რუსული ძალების მიერ აღებულ 1800-ზე მეტ დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
ზელენსკიმ დედაქალაქ კიევში უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
მან განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ერთგულ ბრძოლას რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ და თქვა "უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს".
ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას იარაღით უჭერენ მხარს რუსეთის წინააღმდეგ "და პირველად ისტორიაში, ევროკავშირი ასეთი მასშტაბური თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის დახმარებას უზრუნველყოფს".
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მათ ომში დაუჭირეს მხარი და განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ წარმატებული კონტრშეტევები სწორედ ამ იარაღის წყალობით განახორციელა. „ჩვენ მოვახერხეთ უკრაინის 1800-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დამპყრობლებისგან გაგვეთავისუფლებინა“. - თქვა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი აგრძელებს სვლას იმ გამარჯვებისკენ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 15 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის პროდუქტი უკრაინის პორტებიდან გავიდა ექსპორტზე შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის წყალობით, რომელიც შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და თურქეთის მხარდაჭერით.
მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და თქვა, რომ მათ ასევე წამოიწყეს ინიციატივა „მარცვლეული უკრაინიდან“ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაჭირვებული ქვეყნებისთვის მისაწოდებლად და თურქეთთან ერთად სულ 30-მდე ქვეყანა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას.
Related items
-
პარლამენტში საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომაში დიპლომატიურმა კორპუსმაც მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ვალვო, ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი.
სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან ყურადღება კულტურის კომიტეტის საქმიანობასა და საკონსულტაციო საბჭოს როლზე გაამახვილა.
„მიხარია, რომ დატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგის ფონზე, ყოველთვის არის მომენტი, როდესაც კულტურაზე და ისეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, რომელიც საბოლოო ჯამში არის ქვეყნის, ერის, საზოგადოების განვითარების საფუძველი. ამიტომ განსაკუთრებით ვაფასებ კულტურის კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას, სწორედ ეს არის პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში კულტურის კომიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, კულტურას და ხელოვნებას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ქართველობის იდენტობის ნაწილს და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
„მსურს გამოვხატო მხარდაჭერა კულტურის სფეროს მიმართ, წარმატებები ვუსურვო საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემით და გააზრებით, მჯერა, რომ უფრო ჰარმონიულ, განათლებულ და წარმატებულ საზოგადოებას ავაშენებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ კულტურისა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ კულტურის დიპლომატია წარმოადგენს. მისივე თქმით, 2024 წელს პარლამენტი სახელოვნებო განათლების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.
„დღევანდელ მსოფლიოში, ერების დაახლოების კონტექსტში კულტურა დიდ როლს თამაშობს. სხვადასხვა იდენტობის მქონე ერების კულტურული თანამშრომლობა ამდიდრებს ერთიანი ევროპის იდეას და გლობალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ხედვა გულისხმობს კულტურის სფეროს განვითარებას და ხელშეწყობას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს შემდეგი საკითხები: სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში; ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედებითობის ამაღლება თანამედროვე სამყაროში; კულტურის მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში; კულტურის როლი სამშვიდობო პროცესებში.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა.
პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: იუნესკოს ყოფილი გენერალური დირექტორი, სამეცნიერო მისიებისა და მდგრადობის გლობალური კომისიის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა, შვეიცარიის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, ჟენევის უშიშროების პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული ექსპერტი დავით ჩიკვაიძე, ლიდერობის, კულტურისა და განვითარების პროფესორი ღასან ხალილი.
-
დიდი შვიდეული რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად მოლაპარაკებებს აჩქარებს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კვლავ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამ მიზნით ისინი არ წყვეტენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და მკაცრი სანქციებისა თუ სხვა შეზღუდვების დაწესებას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
„ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას სანქციებთან დაკავშირებით, რათა შევზღუდოთ რუსეთის წვდომა უმნიშვნელოვანეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიაზე. ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს იმისათვის, რომ აღვკვეთოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების თუ გვერდის ავლის შემთხვევები“, — ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, — „იმ შემოსავლების შესამცირებლად, რომლებსაც რუსეთი ექსპორტიდან იღებს, ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს კონსულტაციებს ენერგეტიკის, ლითონებისა და ყველა არასამრეწველო ალმასის შესახებ — რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული პროდუქციის ჩათვლით“.
გარდა ამისა, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები მათ იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, „სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა“.
მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ „მიუღებელია რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ“.
„რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას პასუხად მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივ ყოფნას და შეუზღუდავ წვდომას უკრაინის სამოქალაქო დანიშნულების ყველა ბირთვულ ობიექტზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, G7-ის მინისტრებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის მერე მთიანი ყარაბაღიდან სომხების გადასახლების ჰუმანიტარული შედეგების გამო. მათ მოუწოდეს აზერბაიჯანს, სრულყოფილად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები. იმავე დროს, მინისტრები მიესალმნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც იძულებით გადაადგილებულთათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების მიწოდებას ისახავს მიზნად.
დამატებითი ინფორმაცია
-
პუტინმა CNTB-ის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების (CNTB) რატიფიცირებას აუქმებს, რის შემდეგაც მოსკოვის მიმართ კრიტიკამ იმატა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ნაბიჯი არასწორი მიმართულებით“, რომელიც მისი თქმით, ძირს უთხრის იარაღის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმისადმი ნდობას.
კრემლის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირიც გამოეხმაურა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიმ გამოხატა მწუხარება ამ გადაწყვეტილების გამო და მოუწოდა რუსეთს, დარჩეს შეთანხმების მიზნებისა და ამოცანების ერთგული.
ცნობისათვის, ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულებას (CNTB) რუსეთმა და აშშ-მ 1969 წელს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი.
-
გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში დღემდე 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს.
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისის (OCHA) ჟენევის წარმომადგენელმა და საკოორდინაციო განყოფილების დირექტორმა რამეშ რაჯასინჰემმა აქ წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია.
რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი საჭიროებს დახმარებას, რაც საზოგადოების დაახლოებით 40 პროცენტს შეესაბამება.
მანვე განაცხადა, რომ 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ და ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 9 ათას 900 მშვიდობიანი მოქალაქე.
მან გააკეთა გაფრთხილება, რომ რეალური მაჩვენებლები შეიძლება იყოს უფრო მაღალი და თქვა: "ომის გაგრძელებისას გარემო ბევრად უფრო საშიში გახდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის. ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციის 14 მუშაკი დაიღუპა“.
რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 1300 თავდასხმა მოხდა ჯანდაცვის ობიექტებზე, დაიღუპა 111 ჯანდაცვის მუშაკი და პაციენტი.
-
თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!
გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას
თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.
უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.
უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.
უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.
„გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.
„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
"უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.
უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...