ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 29 დეკემბერი 2022 16:56

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება.

სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მიანიჭა.

China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო, 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.

წაკითხულია 153 ჯერ

Related items

  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.

    საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ. 

    „აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს  შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. 

    მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.

    დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა. 

  • მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.

    „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

    მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად საქმიანობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი სამოქალაქო ავიაციის სექტორში.

    აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9%-იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩინეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებდა.

    ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე – კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო, 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.

    ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

  • Pegasus Airlines-ი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს

    თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ ოპერირებას იწყებს.

    საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 2022 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

    „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, Pegasus-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 19 ოქტომბერს მიანიჭა.

    აღსანიშნავია, რომ ანკარასა და თბილისს შორის ფრენები 2019-2020 წლებში ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ მიერ სრულდებოდა, თუმცა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ გაგრძელდა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

  • ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ვერტმფრენების ოჯახს ახალი წევრი შეემატა (ვიდეო)

    ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ახალმა ვერტმფრენმა AC352, ახლახან მიიღო შესაფერისი ტიპის სერთიფიკატი სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებისგან. ის მალე აფრინდება ცაში სასწრაფო სამაშველო მისიების მხარდასაჭერად.

    ეს თანამედროვე „ჩიტი“ არის აქ, რათა მოგითხროთ ის, რაც უნდა იცოდეთ...

    დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

     

     

  • ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ კომპანია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხს

    საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. 

    შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარების, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალისა და ლიბერალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ მალე დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევები და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებს, საპროგნოზო ზრდის ტემპი დააფიქსიროს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. 

    ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ კორპორაცია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხს. ითქვა, რომ „დონგფანგი“, როგორც ჩინეთში ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უმსხვილესი მწარმოებლების სამეულში შემავალი კორპორაცია, გეგმავს როგორც ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, განახლებად ენერგეტიკაში, ასევე თანამშრომლობას ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.  

    ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „დონგფანგი“ 1984 წელს დაარსდა. ის ჰიდრო, თბო და განახლებადი ენერგოსადგურების მანქანა-დანადგარებსა და მოწყობილობებს აწარმოებს. კორპორაციის წარმომადგენლობები აზიის რეგიონის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური