საფრანგეთში ირანელმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2022 15:51

ირანში ახალგაზრდა ქალის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები სხვადასხვა წერტილში ისევ გრძელდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

მათი ინფორმაციით, საფრანგეთში მცხოვრებმა ირანელმა მოჰამად მორადიმ ქალაქ ლიონში მდინარე რონში გადახტა და თავი მოიკლა, რათა ყურადღება მიექცია მის ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისადმი.

სანამ თავს მოიკლავდა, მორადიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იწყება სიტყვებით „ეს არის ჩემი თვითმკვლელობის ვიდეო“.

მასში მორადი ამბობს, რომ თვითმკვლელობის მიზანია „ევროპის ქვეყნებისა და ხალხების ყურადღების მიქცევა ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი“.

"სანამ ამ ვიდეოს უყურებთ, მე მდინარეში მოვკვდები. თვალი ვერ დავხუჭე ჩემი ხალხის პრობლემებზე. მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ვიცხოვრო დამცირებით." - ამბობს ირანელი ახალგაზრდა.

ფრანგული მედიის ცნობით, გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე, გამვლელების ჩარევის მიუხედავად, 38 წლის მორადი მდინარე რონში გადახტა და ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მდინარეში ცხედარი იპოვეს.

ირანის დედაქალაქ თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციის მიერ თავსაბურავის წესების დარღვევის გამო დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის მაჰსა ამინის, 16 სექტემბერს გარდაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქცების დაწყება გამოიწვია.

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ანტირეჟიმულ გამოსვლებში გადაიზარდა, ასობით ადამიანი დაიღუპა და 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

წაკითხულია 190 ჯერ

Related items

  • საქართველო ისეთივე ღვინის ქვეყანაა, როგორიც იტალია და საფრანგეთი

    ქართული ღვინის უკან დიდი ისტორია დგას და მსოფლიომ  უნდა გაიცნოს

    18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! - ასეთი შედეგებით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია - კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები, თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.

    კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს. ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

    კონკურსის ყველაზე მაღალი ქულით დაჯილდოვდა “კარდანახი 1888-ის” წარაფი 2020. მსაჯებმა ღვინოს, “სუპერ ვარსკვლავი” ღვინო უწოდეს: “ოქროსფერი ქიშმიშის, ახალგამომცხვარი ნამცხვრების, გარგრისა და ტკბილი სანელებლების სურნელება ძალიან მკაფიოდ იგრძნობა ღვინოში. მისი ხავერდოვნება და კომპლექსური არომატები მოხალული თხილისა და დაშაქრული ფორთოხლის ნოტებსაც მოგაგონებთ.” - აღნიშნავდნენ მსაჯები.

    შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს - ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.

    მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.

    კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე.

    ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

    სალვატორე კასტანო ღვინის მაგისტრი და ამჟამად fiarwood-ის ღვინის “ბაიერია”, ის 2019 წელს ინგლისის მეორე ახალგაზრდა სომელიე, ხოლო 2021 წელს ევროპისა და აფრიკის საუკეთესო სომელიე გახდა. IWSC-ის ჟიურის წევრი კი საქართველოში უკვე მეორედაა, როგორც ტავად აღნიშნავს კონკურსში მონაწილე ქართული ღვინის ხარისხი ამ ერთ წელიწადში საკმაოდ გაიზარდა: “წელს უკეთეს ხარისხთან ერთად უფრო მეტი მედალიც არის, მათ შორის ბევრად მეტი ოქრო და ვერცხლი. აქედან კარგად ჩანს, რომ ხარისხი მეტად იზრდება. მეღვინეები ძალიან ყურადღებით ისმენენ და, რაც მთავარია, აინტერესებთ ჟიურის აზრის. ქართულ ქვევრის ღვინოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით, ევროპაში. წელს და შარშან, მაგალითად, London Wine Fair-ზე ქართული ღვინის სტენდი იყო, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მიდიოდა. იტალიური, ფრანგული და ესპანური ღვინის მიღმა კიდევ უფრო მეტი რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ქართული ღვინის უკან დიდი ისტორია დგას, მთავარია, ხალხმა ის უკეთ გაიცნოს“.

    ჟიურის ერთ-ერთი წევრი ინგლისის ტოპ 100 სომელიეს შორის გამარჯვებულ და Annabel’s London-ის ხელმძღვანელი გეორგიოს იორდანიდისი IWSC-თან 4-5 უკვე წელია თანამშრომლობს, მათ შორის Decanter-თან და London Wine Competition-თან: “ძალიან მიხარია, რომ ამ უნიკალურ ღონისძიებაზე წამოვედი, ღვინოები მართლაც უნიკალური იყო, ძალიან მომეწონა. არ იყო მხოლოდ ქარვისფერი ღვინოები, წინ მეტად მინერალური, სუფთა ღვინოები წამოვიდა. მე ძალიან მომეწონა რქაწითელი და რქაწითელი/მწვანეს ბლენდი, ასევე საფერავის ქვევრის რეზერვები, ძირითადად 2019-იანები, უმეტესესობა ძალიან კარგი იყო. ევროპაში ბევრი ქართულ ღვინოს amber wine-ს, ანუ ქარვისფერ ღვინოს ეძახის, რაც არ არის სიმართლე, ის მთლიანი ბაზრის 5%-ზე ნაკლებს წარმოადგენს. აქ ყველანაირი ღვინის პოტენციალია, ტკბილის, მინერალურის, ყველა ღვინის კატეგორიის. ვფიქრობ, მესიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გაჟღერდეს, სწორედ ეს არის, რომ საქართველო მხოლოდ ქვევრის ღვინის ქვეყანა არ არის. აქ მეტი და მეტი ახალგაზრდა ღვინის მცოდნე იზრდება. იმედი მაქვს, ისინი მსოფლიოს უფრო აშკარად დაანახებენ, რომ საქართველო ისეთივე ღვინის ქვეყანაა, როგორიც იტალია ან საფრანგეთი.”

    IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებს შორის იყვნენ  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

    საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

    მნიშვნელოვანია, რომ  კონკურსი მომავალ წელს ისევ საქართველოში, თუმცა ამჯერად უკრაინულ და მოლდოვურ ღვინოებთან ერთად ჩატარდება. ახლა ოქროს მედალოსან ღვინოებსაც გაგაცნობთ:

    “კარდანახი 1888”, წარაფი, 2020.

    “ბედობა” orange 2021.

    “მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ქვევრი ხიხვი თაიგული 2019.

    “მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, მუკუზნის ნაკრძალი, 2018.

    “მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ბრუტ რეზერვი, 2015.

    “მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავის რეზერვი, 2013

    “ლიონიძის ზვარი”, საფერავი (რეზერვი), 2019.

    “ბადაგონი”, საფერავი კოშერი, 2018.

    “ალაზანი”, წინანდალი, 2022.

    “ქართველი”, გვარიანი წინანდალი, 2022.

    “საწნახელი”, კახური მცვივანი, 2020.

    LTD Brica , ქისი ქვევრი, 2022.

    “ასკანელი ძმები”, მუზა, 2019.

    “უფლისციხის მამული”, გორული მწვანე, 2022.

    “ვაზისუბნის მამული”, ქისი ქვევრი, 2021.

    “ვარდიაშვილის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავი, 2021.

    “ასკანელი ძმები”, კახური მწვანე ქვევრი, 2021.

    “ექიმის ბიო მარანი”, რქაწითელი, 2021.

  • საფრანგეთში სახის ამოცნობის პროგრამა არალეგალურად გამოიყენება

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები 2015 წლიდან არალეგალურად იყენებენ Briefcam-ის სახის ამოცნობის პროგრამას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    ფრანგული საგამოძიებო საიტი Disclose-ი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ფარულად შეიძინა სახის ამოცნობის პროგრამა ისრაელის კომპანია Briefcam-ისგან 2015 წელს.

    ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის შიდა კორესპონდენციისა და Disclose-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, პოლიცია წლების განმავლობაში იყენებდა Briefcam-ის პროგრამულ უზრუნველყოფას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვალი დახუჭა კანონის ამ დარღვევაზე.

    კვლევის საიტზე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით გზა გაუხსნა იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აქამდე მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში იყო დაშვებული, ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა.

    Disclose-ის თანახმად, ეს კანონი უშიშროების ძალებს უხსნის კარს, პროგრამა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც გამოიყენონ.

    შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, სამართალდამცავების მიერ ბიომეტრიული იდენტიფიკაციისა და სახის ამოცნობის ტექნიკის გამოყენება აკრძალულია განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

  • საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

    ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ინციდენტი კვირას შუადღისას საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მონ ბლანთან ახლოს არმანცეტის მყინვარზე მოხდა.

    რაიონის მერის მოადგილის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 2 მთის მეგზური იყო.

    დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია.

    გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი მთის წვერიდან ჩამოვარდნილმა თოვლის ფენამ გამოიწვია.

    2 დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ დღეს განახლდება.

  • ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას ერთგულება დემოკრატიისადმი და შეახსენებს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას

    ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ავრცელებს.

    „სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს არის ძალიან ცუდი განვითარება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით ქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებისთვის შემაკავებელი ეფექტის რისკს ნეგატიური შედეგებით მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან.

    ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენი ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ და ახსენებს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ერთად მივაგოთ პატივი ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის, უდანაშაულო მოხუცებისა და ბავშვების ხსოვნას!

    რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია არ შევანელოთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ამიტომ, გთხოვთ მონიშნოთ თქვენს კალენდრში 24 თებერვალი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად, დილის 11:00 საათზე შემოერთდით უკრაინის საელჩო წინ დაგეგმილ სოლიდარობის აქციას.

    ღონისძიება ხელმისაწვდომია ყველასთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის ბრძოლა რუსი აგრესორის წინააღმდეგ.

    საკონტაქტო პირი: ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი, ილია ზუკაკიშვილი

    მობ: 597 34 55 00

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური