ტატო გრიგალაშვილმა წლის სპორტსმენობა იერუსალიმის მასტერსის მოგებით აღნიშნა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2022 11:40

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იერუსალიმის მასტერსის მეორე საშეჯიბრო დღე ოქროს მედლით დაასრულა.  წარმატებას მიაღწია ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც 2022 წელს არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მომავალი ჩემპიონი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა უნგრელ და იტალიელ მეტოქეებთან. ნახევარფინალში ფრანგ ალფა ომარ დიალოს ორი ვაზარით გაუმკლავდა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ოქროს ქულით დაამარცხა აზერბაიჯანელი საიდ მოლაი და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, იერუსალიმის მასტერსის მოგებამდე კი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გრიგალაშვილი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.

ოლიმპიური კომიტეტი

წაკითხულია 158 ჯერ

Related items

  • პარიზის "გრანდ სლემი" - 2 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი
    პარიზში დასრულებულ "გრანდ სლემზე" დიდი წარმატებით ისპარეზა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელმაც 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
    ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ტურნირის ბოლო დღეს ოქროს მედალს დაეუფლა ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, სეოკ-ის ვერსიისთ 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ტატო გრიგალაშვილი (- 81 კგ). მან პარიზის ტატამზე 5 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოიგო. საჩემპიონო ბრძოლაში ტატომ ერთ წუთში იპონით აჯობა გერმანელ ტიმო კაველიუსს.
    სამედლო ბრძოლა ასევე იპონით მოიგო ლუკა მაისურაძემ (-90 კგ). მან ჯგუფში ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალი აზერბაიჯანელ ფატიევთან დათმო, მაგრამ ბოლო შეხვედრაში ჩეხ დავიდ კრამერტს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
    შეგახსენებთ, რომ პარიზის ტურნირის სტარტზე ოქროს მედალი აიღო ყველაზე ტიტულიანმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა.
    აღსანიშნავია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად აღიარა და სპეციალური პრიზი სწორედ პარიზში გადასცა. IJF-მა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლაშა გუჯეჯიანს მიაკუთვნა, 2022 წლის საუკეთესო იპონად კი ბექა ღვინიაშვილის გდება დასახელდა.
  • ოქროს და ვერცხლის მედლები ალმადას გრან პრიდან

    ალმადას (პორტუგალია) გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორმა წევრმა ფინალებამდე გაიკვალა გზა, აქედან ერთმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლო, მეორემ ვერცხლის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუმარცხებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ილია სულამანიძე.

    მომავალი ოქროს მედლის მფლობელი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა პორტუგალიელ, ავსტრიელ, უკრაინელ და ჩეხ მეტოქეებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ დოტა არაის ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.

    ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილს. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა რუმინელი, სლოვენიელი, მონღოლი და ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ვაზარით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ კორეელ მინიონ კიმთან.

  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

    ავსტრიის ობერვარტში ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კაცთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ჩვენი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ტატამის დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ), რომელმაც ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა.

    მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში იპონით მოუგო მონტენეგროელ ნოვო რაიჩევიჩს. ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა უნგრელ როლანდ გოზთან და ნახევარფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა. ბექაურმა აქაც იპონით გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბექაურს ასევე ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილის ძმასთან, ვახიდ ბორჩაშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა და აქაც წარმატებას მიაღწია.

    ასევე საუკეთესო შედეგი ჰქონდა ვლადიმერ ახალკაცსაც (81 კგ). ფინალამდე ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა. დაამარცხა ავსტრიელი, შვეიცარიელი, ბრიტანელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ფრანგ ნიკოლა ჩილარის ოქროს ქულით მოუგო და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

    ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) და გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ).

  • ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვეს

    სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჩვენმა გუნდმა ოთხიდან  სამ წონაში  მედლები მოიპოვა. მათ შორის ორი მედალი უმაღლესი სინჯისაა, ორი კი - ბრინჯაოსი.

    მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს დავით ქარელმა (60 კგ) და საბა სამადაშვილმა (66 კგ).

    ქარელმა ფინალამდე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. დაამარცხა პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი, ყაზახი და აზერბაიჯანელი თანატოლები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი წმინდა გამარჯვება მოიპოვა ფრანგ კელვინ რეისთან და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

    სამადაშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა საუდის არაბეთის, ყაზახეთის, იტალიის და საფრანგეთის წარმომადგენლები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ შოჰჯახონ ოტაბოევს იპონით მოუგო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

    საქართველოს ნაკრებმა ერთბაშად ორი მედალი მოიპოვა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში. საბა საბაშვილმა და დავით ლომიტაშვილმა ბრინჯაოს მედლები მიიღეს.

  • საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან სლემზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

    საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან სლემზე ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შეჯიბრებაზე 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ტერაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს კი ლუხუმ ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია 19 წლის გიორგი ტერაშვილის წარმატება, რომელიც მსგავსი რანგის შეჯიბრებაში პირველად მონაწილეობდა და იგი -73 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტთა შორის არც განიხილებოდა. ფინალში მან იტალიელი მანუელ ლომბარდო ლამაზი იპონით დაამარცხა. მანამდე კი 5 შეხვედრა მოიგო, მათ შორის  ტურნირის პირველ ნომერთან ყაზახ ჟანსეი სმაგულოვთან. გიორგი ტერაშვილი ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოს რეიტინგში 101-ე პოზიციაზე იყო. ანტალიის გრან სლემის შემდეგ კი 29-ე პოზიციამდე დაწინაურდა.

    ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც წლეულს უკვე მეორე გრან სლემი მოიგო. +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. გურამ თუშიშვილს ტურნირის მოსაგებად სულ ხუთი შეხვედრის მოგება დასჭირდა.

    ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც -60კგ წონითი კატეგორიის ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. ფინალში კი ვერაფერი გააწყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტთან ტაიპეელ იუნ ვეი იანგთან. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა ჯაბა პაპინაშვილი.

    -90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ლუკამ მთელი ტურნირის განმავლობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მსოფლიო რეიტინგში უკვე მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური