განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (25 ნოემბერი)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 ნოემბერი 2022 16:07

წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალიზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს,გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის,  ჩეხეთის, ხორვატიისსაელჩოები საქართველოში.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას.

სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის  საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად  გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც.

ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის  პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.

როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები.  შედეგად,   ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.  ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის  სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა.

თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან.

ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი  აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის  გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ.

წაკითხულია 226 ჯერ

Related items

  • ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს

    23 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას. რეზოლუცია, ამასთან, ამ და სხვა მკვლელობების დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

    რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სოფელ კირბალში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაშაულები ჩაიდინეს 2023 წლის 6 ნოემბერს — ანუ ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის წარდგენამდე ერთი დღით ადრე. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მისცემოდა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

    ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

    პარლამენტი დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები და გაათავისუფლოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე.

    გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, სანქციები დაუწესოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს და დაგმოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.

    რეზოლუციის ტექსტი 495 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით დამტკიცდა, წინააღმდეგი იყო 7, ხოლო 50-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტის სრულად ნახვა აქაა შესაძლებელი.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

    წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში,  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატოს სამეკავშირეო ოფისი  და  ავსტრიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, იტალიის, კანადის, ნიდერლანდების, ნორვეგიის,  პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის საელჩოები საქართველოში.

    ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ყველას მოვუწოდებთ საერთო ქმედებისკენ ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად - დაწყებული სექსუალური შევიწროებით და ძალადობით, ბავშვთა ქორწინებითა და ფემიციდით დამთავრებული. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამიდან დაახლოებით ერთ ქალს მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა თუნდაც ერთხელ, უმეტეს შემთხვევაში, თავისი ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.[1] საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებების ამ საშინელი დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთი ძალადობა სათავეს გენდერული უთანასწორობიდან იღებს და, თავის მხრივ, ქალების და გოგოების მიმართ დისკრიმინაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შედეგად კი ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მშვიდობიანი და სამართლიანია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა - ნაკლებად წარმატებული.

    ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება, და ძალადობის მსხვერპლთა სრული დაცვა და მხარდაჭერა. ამას გარდა, არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ყოველივე ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და აღმოფხვრა, რადგანაც ამგვარი ძალადობა ხელს უშლის ქალებს იყვნენ პოლიტიკურად აქტიურნი და ეფექტური წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა და შევიწროება თავიანთ საარჩევნო კამპანიის, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.[2] პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში; ქალებს აკრიტიკებენ, გენდერული იდენტობის, გარეგნობის, ჩაცმულობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მორალისტური პრიზმით.[3]

    ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ სახედ რჩება ეკონომიკური ძალადობა, რომელიც მსხვერპლს აიძულებს დარჩეს მოძალადესთან. გამოწვევად რჩება ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირება,[4] ფინანსურ რესურსებზე, მემკვიდრეობის უფლებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე,  შრომის უხილავ და აუნაზღაურებელი ზრუნვის  აღიარებასა და გადანაწილებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ბავშვთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მოზარდებისთვის ხელსაყრელი ჯანდაცვის სერვისები ასევე უმნიშვნელოვანესია გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

    ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ, რათა მათ სრულად და თანასწორად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის ან შევიწროების შიშის გარეშე.

    __________________

    [1] „ფაქტები და რიცხვები: ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.unwomen.org/en/what-we-do/ending-violence-against-women/facts-and-figures

    [2] „პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://georgia.unwomen.org/en/digital-library/publications/2023/08/violence-against-women-in-politics-in-georgia

    [3] არჩევნების მონიტორინგის ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.undp.org/georgia/publications/gender-bias-social-media-2020

    [4] 2022 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 23.0 პროცენტია. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.geostat.ge/media/57459/Adjusted-gender-pay-gap---2022.pdf

  • თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსში გამარჯვებულის დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის, „მუჰაჯირების მემკვიდრეობა — აფხაზები აჭარიდან“, პრემიერა გაიმართა. 

    ფილმის რეჟისორია ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) 2022 წლის სპეციალური პრიზის მფლობელი. 

    დოკუმენტური ფილმი EUMM-ის 2022 წლის მშვიდობის პრიზის ფულადი ჯილდოს საშუალებით დაფინანსდა. 

    ის აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმი ქალის, ნერიმანის შესახებ გვიყვება. ნერიმანი აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალია. მუჰაჯირები იმ მუსლიმ ხალხს ეწოდება, რომელთაც აფხაზეთი მე-19 საუკუნეში პოლიტიკური მიზეზების გამო იძულებით დაატოვეს. ნერიმანის ისტორია მოგვითხრობს, თუ როგორ იცავს აფხაზურ ტრადიციებს მისი ოჯახი აჭარაში მათი წინაპრების ჩასვლიდან 150 წლის შემდეგაც კი. ამას გარდა, ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ მუსლიმი თემის წევრები და აჭარლები.

    ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანაორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ 60-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. დამსწრეთა შორის იყვნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და ექსპერტები.

    „მნიშვნელოვანია ისეთი ისტორიების მოყოლა, სადაც თანაგრძნობა და პატივისცემა სჭარბობს სიძულვილის ენას იმ ყველაფრის მიმართ, რაც განსხვავებულია, ან, თუნდაც, მხოლოდ ჩანს განსხვავებულად. კონფლიქტები და ომები ხომ ძალიან ხშირად იწყება რაიმე უცნობის ან უცხოს ‘სხვად’, ‘მტრად’ წარმოჩენით“, — აღნიშნა ფილმის ჩვენების წინ საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა. 

    EUMM-ის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ჟურნალისტიკის კონკურსის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთია. EUMM ამ პრიზს 2013 წლიდან მოყოლებული გასცემს იმ ჟურნალისტური ნაშრომებისთვის, რომლებიც  საქართველოში თემებს შორის ნდობის აღდგენასა და გრძელვადიან მშვიდობას უწყობს ხელს. 

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ევროკავშირმა და გაერომ შეაჯამეს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები

    5.1 მილიონის ევროს ღირებულების ხუთწლიანი  პროგრამა პარტნიორობის, მეწარმეობის, ეკონომიკური მდგრადობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნებს ემსახურება

    თბილისი. 14 ნოემბერი 2023 – ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეაჯამეს 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგები „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.

    ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, რომელიც 2019-2023 წლებში ხორციელდებოდა, შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

    პროგრამის განხორცილება უშუალოდ აისახა 100-მდე მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობაზე. მან ხელი შეუწყო საქართველოში ოთხი ბიზნეს კლასტერის ჩამოყალიბებას და კლასტერული ანალიზის ევროპულ ინიციატივაში (ECEI) ინტეგრირებას.

    ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, 1,500-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი ჩაერთო სხვადასხვა სასწავლო და ქოუჩინგ პროგრამაში, რამაც გააუმჯობესა მათი მეწარმეობის უნარები და გაზარდა წარმატების პერსპექტივები საერთაშორისო ბაზრებზე.

    კერძო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

    ამ პარტნიორული და თანამონაწილეობითი ინიციატივის შედეგების შეჯამება 14 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    „ევროკავშირის ინოვაციურმა პროექტმა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში შექმნა მრავალმხრივი ეკონომიკური შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ წარმატებას. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში. ჩვენი ხელშეწყობა ითვალისწინებს უფრო მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას, რაც საფუძველს ჩაუყრის ქართული ბიზნესისა და წარმოების წარმატებას“, - განაცხადა კატალინ გერმანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.

    დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ეკონომიკური და სოციალური უფლების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში.

    „ევროკავშირთან და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, ვეხმარებით მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა ხელი შევუწყოთ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ადამიანებისა და პლანეტის ინტერესებს გაითვალისწინებს. ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ბიზნეს კლასტერმა, შემფუთველთა კლასტერმა PMAG, საგრძნობლად გააფართოვა თავისი ქსელი, რომელიც ამჟამად 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, წარმატებით დანერგა ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესის წარმოებაში და ასევე დაიწყო გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკის, მათ შორის, მდგრადი წარმოებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის გამოყენება. ეს ცვლილებები შესამჩნევ ფინანსურ წარმატებაშიც აისახა. 2018 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, PMAG კლასტერის წევრი კომპანიების  გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა“, - აღნიშნა დაგლას უებმა.

    „ამ პროექტის ფარგლებში, FAO-მ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ჩარჩო რითაც, ხელი შეუწყო ნერგების ადგილობრივ წარმოებას. მან, ასევე ტექნიკური დახმარება გაუწია და აღჭურვა 20-მდე სანერგე მეურნეობა. უფრო მეტიც, FAO-ს მხარდაჭერით 1000-მდე მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგი თანამედროვე, მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, ჩვენ ხელი შევუწყვეთ მეწარმეების ინტეგრაციას ადგილობრივ საბაზრო სისტემაში. საბოლოო ჯამში, პროექტის მიღწევები დიდ როლს ითამაშებს უფრო მდგარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, რაც დადებითად აისახება პროდუქტის რაოდენობაში, ხარისხსა და გარემოზე ზეგავლენაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა

    „UNIDO პირდაპირ დაეხმარა 36 მცირე და საშუალო მეწარმეს და ტრენინგების/ინდივიდუალური დახმარების გზით გადაამზადა 300-მდე ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში. UNIDO-ს ჩართულობით მწარმოებლებმა გადალახეს წარმოებასთან და ხარისხის მართვასთან დაკავშირებული შეფერხებები, და შეძლეს გაეგრძელებინათ ბაზარზე მდგრადად ოპერირება. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელსაც UNIDO დაეხმარა, გახდა GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიცირებული და მოიპოვა ბაზარზე პროდუქციის გაყიდვის უფლება. UNIDO-ს დახმარებით საქართველოს საზღვაო თევზჭერისა და ბიოფარმაცევტულმა კლასტერებმა შეძლეს მწარმოებლების გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მიზნების მიღწევა, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დახმარების გარეშე გადაულახავი დარჩებოდა“, - თქვა UNIDO-ს პროექტების ეროვნულმა კოორდინატორმა გიორგი ანდღულაძემ.

    „დიასპორასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის დინამიური ურთიერთობის განვითარების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შექმნა მაღალ-პროფილური დიასპორის წარმომადგენელთა მონაცემთა ბაზა, რომელიც ევროკავშირისა და მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ 4000-მდე დიასპორის პროფილს აერთიანებს. დიასპორის ინტერესების, უნარებისა და გამოცდილების იდენტიფიცირების მიზნით, IOM-ი ასობით დიასპორის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ადგილობრივ ბიზნესსა და დიასპორას შორის ძლიერი კავშირების დამყარება, დიასპორის რესურსების, ცოდნისა და იდეების ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობა. აღნიშნულმა ინიციატივამ არა მხოლოდ გააძლიერა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, არამედ ხელი შეუწყო შესაძლებლობების განვითარებას და თანამშრომლობის სტიმულირებას. ინიციატივის ფარგლებში, წარმატებით წარმოჩინდა დიასპორის როლი ადგილობრივ განვითარებაში“, - აღნიშნა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

    ბიზნეს კლასტერების ჩამოყალიბება და განვითარება ევროკავშირისა და გაეროს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთ საყურადღებო მიღწევაა. ამ ხელშეწყობის შედეგად, შეიქმნა ოთხი ძლიერი კლასტერი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში:

    1. შემფუთველთა კლასტერი, PMAG, რომელმაც კლასტერული ანალიზის ევროპული ინიციატივის (ECEI) ბრინჯაოს ნიშანი (Bronze Label) მოიპოვა და შემფუთველთა მსოფლიო ორგანიზაციაში (WPO) სრული წევრის სტატუსით გაწევრიანდა. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNDP
    2. ჩითილებისა და სანერგე მეურნეობების კლასტერი, რომლის ფარგლებში შემუშავდა სანერგე მასალების სერტიფიცირების სისტემა და განხორციელდა სანერგე მეურნეობების ტექნიკური მხარდაჭერა, ჩატარდა ტრენინგები ფერმერებისთვის და გაიმართა აგრარული ბაზრების სერია. მხარდამჭერი ორგანიზაცია: FAO
    3. საქართველოს ბიო-ფარმაცევტული კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO
    4. საქართველოს საზღვაო თევზჭერის კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO

    პროგრამამ ასევე შეუწყო ხელი საჯარო და კერძო პარტნიორობის განმტკიცებას ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობის სხვადასხვა საკვანძო სფეროში, მათ შორის, ნარჩენების მდგრადი მართვის გაუმჯობესებაში მუნიციპალურ დონეზე. 2023 წელს, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხელი მოაწერეს განზრახულობათა შესახებ დეკლარაციებს კერძო კომპანიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

    გარდა ამისა, პროგრამის განხორციელებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქმიანი კავშირების განმტკიცებაში საქართველოს მცირე და საშუალო მწარმოებლებსა და ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ დიასპორას შორის. ევროკავშირისა და გაეროს მიერ შეთავაზებულმა პარტნიორულმა მიდგომამ ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველ მეწარმეთა დამკვიდრებას ევროპულ ბაზრებზე.

    ხუთწლიანი პროგრამამ „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შექმნა ახალი სივრცე და თანამედროვე შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში. ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებენ პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მდგრადი ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას.

    ###

    დამატებითი ინფორმაცია:

    „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.

  • ევროკავშირი და გაერო შეაჯამებენ კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შედეგებს

    14 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ (პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი),  ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეაჯამებენ 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგებს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.

    ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების განვითარებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

    პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

    ###

    ღონისძიებას დაესწრებიან:

    • კატალინ გერმანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე
    • გენადი არველაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
    • ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
    • დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
    • გიორგი ანდღულაძე, UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი
    • სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
    • საქართველოს კერძო სექტორისა და ბიზნეს კლასტერების წარმომადგენლები

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური