პარლამენტში საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 ნოემბერი 2022 11:51

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლა.

მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით შემიძლია მოგესალმოთ საქართველოს პარლამენტში. მიხარია, რომ თქვენი თვალები ასე ბრწყინავს იმ სიხარულით, რომელიც თქვენს ასაკში უნდა ჰქონდეს ადამიანს. ქართველმა ერმაც არაერთი განსაცდელი გამოიარა ბოლო ათწლეულებში. ჩვენც ბავშვობაში გვქონდა მომენტები, როდესაც არ იყო მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. მაშინ ჩვენი თვალებიც ასე ბრწყინავდა მომავლის იმედით და ეს იმედები ყოველთვის მართლდება, ვინაიდან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და თქვენი გმირი ქალების და კაცების დამსახურებით ეს სიკეთე გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელიც დღეს არის უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აგრესიას და აგრესორს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„თქვენ ახლა გაქვთ შესაძლებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცოტა განიტვირთოთ, იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად ლამაზია ეს ცხოვრება და ეს სილამაზე რა მალე აღდგება უკრაინაში სწორედ იმ გმირი ხალხის დამსახურებით, რომელიც დღეს იბრძვის არამარტო საკუთარი, არამედ ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და იმისთვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ აგრესიას და აგრესორს გაეცეს პასუხი. გმირი უკრაინელი ქალები და კაცები, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე არიან იბრძვიან სწორედ ამ იდეისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ყველაზე ცხელ დღეებში ირპენს, ბუჩას, კიევს და სხვა რეგიონებს ეწვია. მოგესალმებით ამ გმირი ქალაქების წარმომადგენლებს. ეს დიდი განსაცდელი ქართველმა ხალხმა ბევრჯერ იწვნია. ქართველი ხალხის ისტორია არის ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ უკრაინელ ხალხთან. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ გმირებს, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან. მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დღეს აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს თავისუფალი სამყაროსათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატმა მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

„ვიდრე იქნება ეს მდგომარეობა, ომი, ყველა ადამიანი ვისაც ექნება საჭიროება, რომ საქართველოში ჰპოვოს საშველი და დახმარება, დიასპორის კომიტეტი და მე, მზად ვართ ყველას დავეხმაროთ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

„დღეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, ეს არის დიდი სიყვარული, ცხოვრების და სიცოცხლის სიყვარული. დღევანდელი დღე მინდა, რომ დაგამახსოვრდეთ. გავა დრო და მოიგონებთ, რომ პარლამენტში მოგიწყვეს შეხვედრა. სულ ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ბედნიერები იყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატებმა უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. ბავშვების ერთი ნაწილი მრავალშვილიან, ხოლო ნაწილი - უკრაინაში ომით დაზარალებულთა და მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ოჯახებს ეკუთვნიან. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.

10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევიან და ქართულ ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ეწვევიან მთაწმინდის პარკს. ასევე, მოინახულებენ მცხეთას, დაათვალიერებენ თბილისის კულტურისა და ხელოვნების კერებსა და ისტორიულ ძეგლებს.

წაკითხულია 183 ჯერ

Related items

  • გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

    დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

    პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

    რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

  • შალვა პაპუაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანის შეხვდა.

    შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუიარ ოსმანის ვიზიტისთვის და ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის გეოპოლიტიკურად რთულ პერიოდში.

    შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

    ბუიარ ოსმანიმ მადლიერება გამოხატა ეუთოს საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდამჭერი და რეგიონული ინიციატივების ცენტრია.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

    მხარეებმა დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შენარჩუნების მნიშვნელობა. 

    ისაუბრეს საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

    ბუიარ ოსმანიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ევროინტეგრაციის ხანგრძლივ გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მიღებული, რომლის გაზიარების მზაობა გამოხატა.

    შეხვედრას, შალვა პაპუაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, თინათინ ბოკუჩავა და ქეთევან თურაზაშვილი.

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მიმდინარეობს

    საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართა.

    საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს, უკრაინაში, ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. „მიმართვას ვიდრე დავიწყებ, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

    პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

  • 31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს

    31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.
    რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.

    მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.

  • კახა ოქრიაშვილი: „საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ამილახვარს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან!

    „აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ დრო ამოიწურა.

    ბატონები, თქვენი დრო ამოწურულია და ისე მოიქეცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ტოტალურად ყველანი ციხეში არ აღმოჩნდეთ!", ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური