გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე
77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გაეროს ქარტია და ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
წელს, გაეროს დღე ასევე არის საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავის აღნიშვნის დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა.
გაეროს დღისა და გაერო-საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
გაეროს დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და მიღება
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში საზეიმო კონცერტი და მიღება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეულ მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე, საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამა ასევე მოიცავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი". ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორიის გახსნა
27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნება მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალურ მიზნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის კულტურის დანერგვას. ღონისძიებას გაუძღვება ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვაქტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და გაეროს მუდმივი კოორდინატორი დოქტორი საბინე მახლი. დოქტორი ნამსუკ კიმი, გაეროს DESA EAPD-ის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი, წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვით გამოვა.
ფოტოგამოფენა
საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ვაკის პარკის მახლობლად მოეწყობა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „გაერო სურათებში“. საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 30-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები გაეროსა და გაეროს სააგენტოების ფოტობიბლიოთეკიდან.
თელავის ისტორიულ მუზეუმში მდგრადი განვითარების მიზნების სივრცის გახსნა
31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში მდგრადი განვითარების მიზნების სივრცეგაიხსნება, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა გლობალური მიზნების შესახებ. ღონისძიების პროგრამა მოიცავს: გახსნის ცერემონიას; შეჯიბრებსა და თამაშებს ახალგაზრდებისთვის; ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და სხვ. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი პოეტის, დრამატურგისა და მწერლის ალექსანდრე ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია.
Related items
-
ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარებლად პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით თბილისში კონფერენცია გამართა. კონფერენციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები.
კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ჩატარდა.
„საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობისა და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, — „ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, რათა სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩო ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას დაუახლოვდეს. ამ მნიშვნელოვანი სფეროს წარმატებისთვის ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან“.
გერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ევროკავშირის LEADER პროგრამა — ქვემოდან ზევით ინიციატივა, რომლის მიზანი ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების მეშვეობით სოფლის განვითარების მხარდაჭერაა. „ველით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ამოქმედდება გამართული მექანიზმი, რაც LEADER ინიციატივით წახალისებული სოფლის განვითარების პროექტების სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყობს ხელს“, — დასძინა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
ევროკავშირის და UNDP-ის მხრიდან საქართველოს სასოფლო განვითარების მხარდაჭერა ეყრდნობა 234.5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაცია
-
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ავსტრიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, იტალიის, კანადის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის საელჩოები საქართველოში.
ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ყველას მოვუწოდებთ საერთო ქმედებისკენ ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად - დაწყებული სექსუალური შევიწროებით და ძალადობით, ბავშვთა ქორწინებითა და ფემიციდით დამთავრებული. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამიდან დაახლოებით ერთ ქალს მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა თუნდაც ერთხელ, უმეტეს შემთხვევაში, თავისი ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.[1] საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებების ამ საშინელი დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთი ძალადობა სათავეს გენდერული უთანასწორობიდან იღებს და, თავის მხრივ, ქალების და გოგოების მიმართ დისკრიმინაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შედეგად კი ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მშვიდობიანი და სამართლიანია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა - ნაკლებად წარმატებული.
ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება, და ძალადობის მსხვერპლთა სრული დაცვა და მხარდაჭერა. ამას გარდა, არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ყოველივე ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და აღმოფხვრა, რადგანაც ამგვარი ძალადობა ხელს უშლის ქალებს იყვნენ პოლიტიკურად აქტიურნი და ეფექტური წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა და შევიწროება თავიანთ საარჩევნო კამპანიის, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.[2] პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში; ქალებს აკრიტიკებენ, გენდერული იდენტობის, გარეგნობის, ჩაცმულობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მორალისტური პრიზმით.[3]
ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ სახედ რჩება ეკონომიკური ძალადობა, რომელიც მსხვერპლს აიძულებს დარჩეს მოძალადესთან. გამოწვევად რჩება ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირება,[4] ფინანსურ რესურსებზე, მემკვიდრეობის უფლებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე, შრომის უხილავ და აუნაზღაურებელი ზრუნვის აღიარებასა და გადანაწილებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ბავშვთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მოზარდებისთვის ხელსაყრელი ჯანდაცვის სერვისები ასევე უმნიშვნელოვანესია გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ, რათა მათ სრულად და თანასწორად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის ან შევიწროების შიშის გარეშე.
__________________
[1] „ფაქტები და რიცხვები: ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.unwomen.org/en/what-we-do/ending-violence-against-women/facts-and-figures
[2] „პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://georgia.unwomen.org/en/digital-library/publications/2023/08/violence-against-women-in-politics-in-georgia
[3] არჩევნების მონიტორინგის ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.undp.org/georgia/publications/gender-bias-social-media-2020
[4] 2022 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 23.0 პროცენტია. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.geostat.ge/media/57459/Adjusted-gender-pay-gap---2022.pdf
-
ევროკავშირმა და გაერომ შეაჯამეს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები
5.1 მილიონის ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამა პარტნიორობის, მეწარმეობის, ეკონომიკური მდგრადობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნებს ემსახურება
თბილისი. 14 ნოემბერი 2023 – ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეაჯამეს 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგები „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.
ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, რომელიც 2019-2023 წლებში ხორციელდებოდა, შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.
პროგრამის განხორცილება უშუალოდ აისახა 100-მდე მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობაზე. მან ხელი შეუწყო საქართველოში ოთხი ბიზნეს კლასტერის ჩამოყალიბებას და კლასტერული ანალიზის ევროპულ ინიციატივაში (ECEI) ინტეგრირებას.
ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, 1,500-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი ჩაერთო სხვადასხვა სასწავლო და ქოუჩინგ პროგრამაში, რამაც გააუმჯობესა მათი მეწარმეობის უნარები და გაზარდა წარმატების პერსპექტივები საერთაშორისო ბაზრებზე.
კერძო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
ამ პარტნიორული და თანამონაწილეობითი ინიციატივის შედეგების შეჯამება 14 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ევროკავშირის ინოვაციურმა პროექტმა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში შექმნა მრავალმხრივი ეკონომიკური შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ წარმატებას. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში. ჩვენი ხელშეწყობა ითვალისწინებს უფრო მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას, რაც საფუძველს ჩაუყრის ქართული ბიზნესისა და წარმოების წარმატებას“, - განაცხადა კატალინ გერმანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.
დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ეკონომიკური და სოციალური უფლების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში.
„ევროკავშირთან და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, ვეხმარებით მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა ხელი შევუწყოთ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ადამიანებისა და პლანეტის ინტერესებს გაითვალისწინებს. ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ბიზნეს კლასტერმა, შემფუთველთა კლასტერმა PMAG, საგრძნობლად გააფართოვა თავისი ქსელი, რომელიც ამჟამად 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, წარმატებით დანერგა ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესის წარმოებაში და ასევე დაიწყო გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკის, მათ შორის, მდგრადი წარმოებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის გამოყენება. ეს ცვლილებები შესამჩნევ ფინანსურ წარმატებაშიც აისახა. 2018 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, PMAG კლასტერის წევრი კომპანიების გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა“, - აღნიშნა დაგლას უებმა.
„ამ პროექტის ფარგლებში, FAO-მ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ჩარჩო რითაც, ხელი შეუწყო ნერგების ადგილობრივ წარმოებას. მან, ასევე ტექნიკური დახმარება გაუწია და აღჭურვა 20-მდე სანერგე მეურნეობა. უფრო მეტიც, FAO-ს მხარდაჭერით 1000-მდე მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგი თანამედროვე, მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, ჩვენ ხელი შევუწყვეთ მეწარმეების ინტეგრაციას ადგილობრივ საბაზრო სისტემაში. საბოლოო ჯამში, პროექტის მიღწევები დიდ როლს ითამაშებს უფრო მდგარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, რაც დადებითად აისახება პროდუქტის რაოდენობაში, ხარისხსა და გარემოზე ზეგავლენაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.
„UNIDO პირდაპირ დაეხმარა 36 მცირე და საშუალო მეწარმეს და ტრენინგების/ინდივიდუალური დახმარების გზით გადაამზადა 300-მდე ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში. UNIDO-ს ჩართულობით მწარმოებლებმა გადალახეს წარმოებასთან და ხარისხის მართვასთან დაკავშირებული შეფერხებები, და შეძლეს გაეგრძელებინათ ბაზარზე მდგრადად ოპერირება. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელსაც UNIDO დაეხმარა, გახდა GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიცირებული და მოიპოვა ბაზარზე პროდუქციის გაყიდვის უფლება. UNIDO-ს დახმარებით საქართველოს საზღვაო თევზჭერისა და ბიოფარმაცევტულმა კლასტერებმა შეძლეს მწარმოებლების გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მიზნების მიღწევა, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დახმარების გარეშე გადაულახავი დარჩებოდა“, - თქვა UNIDO-ს პროექტების ეროვნულმა კოორდინატორმა გიორგი ანდღულაძემ.
„დიასპორასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის დინამიური ურთიერთობის განვითარების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შექმნა მაღალ-პროფილური დიასპორის წარმომადგენელთა მონაცემთა ბაზა, რომელიც ევროკავშირისა და მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ 4000-მდე დიასპორის პროფილს აერთიანებს. დიასპორის ინტერესების, უნარებისა და გამოცდილების იდენტიფიცირების მიზნით, IOM-ი ასობით დიასპორის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ადგილობრივ ბიზნესსა და დიასპორას შორის ძლიერი კავშირების დამყარება, დიასპორის რესურსების, ცოდნისა და იდეების ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობა. აღნიშნულმა ინიციატივამ არა მხოლოდ გააძლიერა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, არამედ ხელი შეუწყო შესაძლებლობების განვითარებას და თანამშრომლობის სტიმულირებას. ინიციატივის ფარგლებში, წარმატებით წარმოჩინდა დიასპორის როლი ადგილობრივ განვითარებაში“, - აღნიშნა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
ბიზნეს კლასტერების ჩამოყალიბება და განვითარება ევროკავშირისა და გაეროს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთ საყურადღებო მიღწევაა. ამ ხელშეწყობის შედეგად, შეიქმნა ოთხი ძლიერი კლასტერი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში:
- შემფუთველთა კლასტერი, PMAG, რომელმაც კლასტერული ანალიზის ევროპული ინიციატივის (ECEI) ბრინჯაოს ნიშანი (Bronze Label) მოიპოვა და შემფუთველთა მსოფლიო ორგანიზაციაში (WPO) სრული წევრის სტატუსით გაწევრიანდა. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNDP
- ჩითილებისა და სანერგე მეურნეობების კლასტერი, რომლის ფარგლებში შემუშავდა სანერგე მასალების სერტიფიცირების სისტემა და განხორციელდა სანერგე მეურნეობების ტექნიკური მხარდაჭერა, ჩატარდა ტრენინგები ფერმერებისთვის და გაიმართა აგრარული ბაზრების სერია. მხარდამჭერი ორგანიზაცია: FAO
- საქართველოს ბიო-ფარმაცევტული კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO
- საქართველოს საზღვაო თევზჭერის კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO
პროგრამამ ასევე შეუწყო ხელი საჯარო და კერძო პარტნიორობის განმტკიცებას ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობის სხვადასხვა საკვანძო სფეროში, მათ შორის, ნარჩენების მდგრადი მართვის გაუმჯობესებაში მუნიციპალურ დონეზე. 2023 წელს, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხელი მოაწერეს განზრახულობათა შესახებ დეკლარაციებს კერძო კომპანიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.
გარდა ამისა, პროგრამის განხორციელებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქმიანი კავშირების განმტკიცებაში საქართველოს მცირე და საშუალო მწარმოებლებსა და ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ დიასპორას შორის. ევროკავშირისა და გაეროს მიერ შეთავაზებულმა პარტნიორულმა მიდგომამ ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველ მეწარმეთა დამკვიდრებას ევროპულ ბაზრებზე.
ხუთწლიანი პროგრამამ „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შექმნა ახალი სივრცე და თანამედროვე შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში. ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებენ პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მდგრადი ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას.
###
დამატებითი ინფორმაცია:
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.
-
ევროკავშირი და გაერო შეაჯამებენ კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შედეგებს
14 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ (პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი), ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეაჯამებენ 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგებს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.
ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების განვითარებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.
პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
###
ღონისძიებას დაესწრებიან:
- კატალინ გერმანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე
- გენადი არველაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
- ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
- დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
- გიორგი ანდღულაძე, UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი
- სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
- საქართველოს კერძო სექტორისა და ბიზნეს კლასტერების წარმომადგენლები
-
ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა
ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა
ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” (,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“) რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს - UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.
,,საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ შეგვეჯამებინა ლიბერთის მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, რომლებიც მდგრადი მიზნების მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორთან ერთად ხორციელდება. პარტნიორებთან ერთად შესაძლებლობა გვაქვს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი, შედეგებზე ორიენტირებული პროექტები განვახორციელოთ” - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
„არც ერთი რეფორმა, განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი სექტორის ჩართულობით. მდგრადი შედეგების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში არსებული გამოცდილების გაერთიანება და ერთობლივი მუშაობა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან მათ აქვთ ის წვდომა და რესურსი ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რომელიც ასე სჭირდება დღეს მდგრადი მიზნების მიღწევას.
ეს კონფერენცია მიზნად ისახავს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორების თავმოყრას და განვითარების საკითხებზე დეტალურ დისკუსიას. დიდი მადლობა კერძო სექტორს მონაწილეობისთვის, მზაობისთვის და ღია თანამშრომლობისთვის. საქართველოს გაეროს ასოციაცია აქტიურად აპირებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან განვითარების მიზნებთან მიმართებაში. თანამშრომლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი და რასაც მომავალში ვიმედოვნებთ უფრო გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ." - ანა კვერნაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის სექტორთაშორისი თანამშრომლობის მენეჯერი.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პარტნიორების - USAID, ADB, EBRD -ის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს სტარტაპები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატის, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები.
ბიზნეს ნიუსი

IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა!
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! IWSC კონკურს...

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარ...

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...