საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2022 14:57

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო - აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე.

აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა.

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი.

პრეზიდენტმა ისაუბრა, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც  ადასტურებს იმას,  რომ საქართველო,  ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსარფრხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. 

პრეზიდენტმა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე მომავალ წელს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.

პრეზიდენტის პრეს-სამსახური

წაკითხულია 231 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი მედიას: თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რისკენაც ევროპა მოგვიწოდებს, სწორედ ესაა, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი და აზრის გაცვლა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქართული მედიის წარმომადგენლებს  უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

    ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

     ,,მინდა მოგესალმოთ ყველას და მადლობა მოგახსენოთ სასახლეში მობრძანებისთვის. ეს არის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამდენი მედიაა წარმომადგენელი ერთად შეკრებილი პრეზიდენტის სასახლეში - ორბელიანების სასახლეში. დარწმუნებული ვარ, რომ ორბელიანები ხარობენ, მათი სული ხარობს იქ, სადაც არიან, რომ ასეთი საზოგადოება შეიკრიბა დღეს აქ, ჩვენთან.

    მინდა, ასევე განსაკუთრებით მივესალმო რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს მედიას; მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს იმისთვის, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.

    მინდა ვისურვო, რომ ასეთი შემთხვევა ჩვეულებრივი შემთხვევა გახდეს, რადგან ევროპა სწორედ ესაა. ევროპაა ის რომ დღეს, ამ საღამოს სასახლეში აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული და მოწვეული. არ ყოფილა არანაირი გარჩევა რაიმე მიმართულებითა თუ ორიენტაციით და შევადგინეთ რაც შეიძლებოდა ყველაზე სრულყოფილი სია. ვინმე თუ არ არის ამ სიაში ეს რაღაც შეცდომაა, მაგრამ არა განზრახ მიღებული გადაწყვეტილება და მინდა ამისთვისაც ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ერთად ხართ და თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რის მიმართაც მოგვიწოდებს ევროპა - სწორედ ეს არის, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა, ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. ეს გავლილი გვაქვს, ეს წარსულია და აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა ერთნაირად ფიქრი, ერთნაირად საუბარი.

    დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ კამპანიის ფარგლებში ,,ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას!“ და თითოეული ჩვენგანის ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე, ცხადია, მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ; ყველამ ვიცით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს მართლა ყველას ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ამ გზაზე სიარული განვაგრძოთ იმისთვის, რომ თქვენ მოსახლეობამდე მიიტანოთ თუ რა არის რეალურად ევროპის კეთილდღეობა ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტები - ეს არის ის, რაც თქვენ უფრო შეგიძლიათ, ვიდრე მე, როგორც პრეზიდენტს, ან პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის თქვენი განსაკუთრებული როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება შემდეგი წელი იმისათვის, რათა ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს, ასოცირებული ტრიოდან - უკრაინასა და მოლდოვას და მათთან ერთად მივაღწიოთ, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან. ის მოლაპარაკები, რომელიც არის გზა პირდაპირი და უშუალო გაწევრიანებამდე.

    მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლა და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება; ეს არის მათი ბრძოლა ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

    სასახლეში თქვენამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენ ძალიან დიდი იმედით გვიყურებენ, რადგან მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და მათ ჩვენ უნდა უძღვებოდეთ წინ, რადგან ახალგაზრდებს სჭირდებათ არამხოლოდ იმედი, სჭირდებათ ცოდნა, სჭირდებათ დანახვა როგორია ეს გზა, როგორ უნდა გაიარონ და როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა, რათა უცებ არ გადაწყვიტონ საზღვარგარეთ წასვლა. რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება ყველას შეუძლია მიიღოს, რადგან თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ახალგაზრდები და ჩვენ მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ ჩვენს შედეგს.

    კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეკრებები სხვადასხვა მიზნით, ფორმითა და მიზეზით მომავალშიც იქნება - ყველა ერთად ვიქნებით და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა ყველას!“- განაცხადა პრეზიდენტმა მედიისადმი მიმართვაში.

  • პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

    ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.

    საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. 

    საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით.

  • დიდი შვიდეული რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად მოლაპარაკებებს აჩქარებს

    იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კვლავ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამ მიზნით ისინი არ წყვეტენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და მკაცრი სანქციებისა თუ სხვა შეზღუდვების დაწესებას. 

    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

    „ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას სანქციებთან დაკავშირებით, რათა შევზღუდოთ რუსეთის წვდომა უმნიშვნელოვანეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიაზე. ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს იმისათვის, რომ აღვკვეთოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების თუ გვერდის ავლის შემთხვევები“, — ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, — „იმ შემოსავლების შესამცირებლად, რომლებსაც რუსეთი ექსპორტიდან იღებს, ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს კონსულტაციებს ენერგეტიკის, ლითონებისა და ყველა არასამრეწველო ალმასის შესახებ — რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული პროდუქციის ჩათვლით“.

    გარდა ამისა, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები მათ იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, „სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა“. 

    მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ „მიუღებელია რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ“. 

    „რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას პასუხად მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივ ყოფნას და შეუზღუდავ წვდომას უკრაინის სამოქალაქო დანიშნულების ყველა ბირთვულ ობიექტზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

    რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, G7-ის მინისტრებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის მერე მთიანი ყარაბაღიდან სომხების გადასახლების ჰუმანიტარული შედეგების გამო. მათ მოუწოდეს აზერბაიჯანს, სრულყოფილად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები. იმავე დროს, მინისტრები მიესალმნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც იძულებით გადაადგილებულთათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების მიწოდებას ისახავს მიზნად. 

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“?

    როგორ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინიციატივაზე, რომელიც გუშინ საღამოს დაიწყო და რომელსაც ხელი პირველმა თავად საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა.

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ.

    როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკემბერში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

    „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

    მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ, ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

    საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნულია პეტიციაში.

    პეტიციაზე ონლაინ მიერთების მსურველებმა იხილეთ ბმული.

  • პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა მოსახლეობას

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას.

    პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკამ, რომელიც გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს, დაასრულა თავისი პირველი საუკუნე და აფრა აუშვა მეორე საუკუნისკენ, რომელსაც მათ თურქეთის საუკუნე უწოდეს.

    „ჩვენი რესპუბლიკა, რომელიც ათასწლოვანი სახელმწიფო ტრადიციის ახალი რგოლია, არის არა პირველი, არამედ უკანასკნელი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ამ მიწებზე დავაარსეთ“. – განაცხადა მან.

    პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკა მათთვის როგორც სიამაყის, ასევე შთაგონების წყაროა.

    „დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა“. - განაცხადა ერდოღანმა.

    მისივე თქმით, ყველგან, სადაც ჩაგრული და გაჭირვებული ადამიანი თვალცრემლიანია, კავკასიიდან აზიამდე, თურქესტანიდან პალესტინამდე, სწორედ თურქეთი მიდის მის დასახმარებლად და ხელს ჰკიდებს.

    „ვერც ერთი იმპერიალისტური ძალა ვერ შეუშლის ხელს თურქეთის რესპუბლიკას იყოს ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური