ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2022 15:18

19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქართული ავიაციის გაძლიერებისა და ავიაციის პარკის განახლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. სამხედრო ავიაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. ქართული ავიაციის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მათ უწყებრივი მედლები - “გენერალი კვინიტაძე” და “სამშობლოსთვის თავდადებული” გადასცეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების განახლებული ავიაციის პარკის გამოფენა მოეწყო. სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ განახლებული და სრულად მოდერნიზებული მი-24, სუ-25, იროკეზი (UH-1H) და ან-2 ტიპის საფრენი აპარატები.

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

წაკითხულია 236 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა

    აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ჰასანოვმა გიულერს მიაწოდა ინფორმაცია ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მიერ დაწყებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შესახებ.

    გიულერმა განაცხადა, რომ თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში კონსტიტუციური წყობის აღდგენის, სომხური შეიარაღებული ძალების დანაყოფების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით.

  • ნატო-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
    6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების ადმინისტრაცია იუწყება.
    ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
    ავტომობილებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზირებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ნატოს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს.
    პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია.
  • თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.
    უკრაინის თავდაცვის საკონტქატო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

     საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძევიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

    შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ  საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

    მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა.  

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს,  თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.  მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში.

    აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. აღინიშნა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული. თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური