ფოტოგრაფიის დიდოსტატების თვალით დანახული იტალია

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2022 12:18

19 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ "ქოლგა თბილისი ფოტოსთან" თანამშრომლობით ხორციელდება.

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75 ფოტოგრაფი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შექმნილ ფოტოსურათებზე იტალიის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, მისი ბუნება, კრეატიულობა და ხალხი აღბეჭდეს.

გამოფენა, რომლის კურატორები რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი არიან, სამ სექციად იყოფა ("პეიზაჟები“, „ნამუშევრები“ და „პორტრეტები"). თითოეული სექცია სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სრულყოფილი მხატვრული, ისტორიული და დოკუმენტური ექსკურსია, რომელიც ერთ საექსპოზიციო სივრცეში უყრის თავს იტალიური ფოტოგრაფიის 160 წლიან ისტორიას ფოტოატელიეს სურათებიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ნამუშევრებამდე, და მათი მეშვეობით ქმნის უჩვეულო კუთხით დანახული ლანდშაფტის, მოვლენებისა და ადამიანების პორტრეტების გალერეას, რომელიც შესანიშნავად გადმოგვცემს მუდმივ ევოლუციაში მყოფი ქვეყნის მრავალსახეობასა და იტალიური ფოტოგრაფიის გასაოცარ კომპლექსურობას.

გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოგრაფებს შორისაა: ვიტორიო სელა, ჯანი ბერენგო გარდინი, პიერჯორჯო ბრანცი, ფრანკო ფონტანა, ალექს მაიოლი, ნინო მილიორი, პაოლო პელეგრინი, ფერდინანდო შანა, მარიო ჯაკომელი, ჯან პაოლო ბარბიერი და სხვები.

გამოფენა გაიხსნება 19 სექტემბერს, ორშაბათს, 19:00სთ-ზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 27).

წაკითხულია 223 ჯერ

Related items

  • ევროკავშირის ფოტოკონკურსი „ოჯახური კავშირები“: გაიცანით გამარჯვებული ფოტოგრაფი საქართველოდან

    ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებული საქართველოდან ნათელა გრიგალაშვილი გახდა პროექტით, „ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“. მასთან ერთად, EUNEIGHBOURS EAST - FOTOFESTIWAL ფოტოკონკურსის სხვა გამარჯვებულების ვინაობა 31 მარტს თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი.

    ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მათ „ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოსერიები წარადგინეს და თითოეული ქვეყნიდან თითო გამარჯვებულმა 1,000 ევროს ოდენობის ჯილდო მიიღო.

    დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლეს პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და  ნესტან ნიჟარაძემ, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელმა. ცერემონიას დაესწრნენ ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები საქართველოდან და ბლოგერები მთლიანი რეგიონიდან.

    „ჩვენ ამ ფოტოკონკურსის დახმარებით სიამაყით ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთობას და ფოტოგრაფიის, როგორც რეალობის ასახვისა და ცვლილებების იარაღის, ძალის წარმოჩენას“, — განაცხადა ცერემონიაზე ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, — „ოჯახისა და ოჯახური კავშირების თემა ხაზს უსვამს ჩვენი საზიარო ღირებულებების მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც ოჯახი საზოგადოებათა ფორმირებაში ასრულებს. ვულოცავ ყველა ფოტოგრაფს, რომ მათ ამ თემის ასე შემოქმედებითად და შთამბეჭდავად ინტერპრეტირება შეძლეს“.

    ფოტოკონკურსის მონაწილეებს „ოჯახური კავშირების“ თემა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა წარმოეჩინათ: როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

    ქართველი გამარჯვებული, ნათელა გრიგალაშვილი, თბილისში მცხოვრები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. ის, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა სოფელში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს. მისი გამარჯვებული პროექტი, “ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები”, მაღალმთიანი აჭარის მომთაბარე ოჯახების ცხოვრებას იკვლევს.

    ნათელა გრიგალაშვილი ამ პროექტს ასე აღწერს:

    „მაღალმთიანი აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციები და ცხოვრების ძველი წესები. თუმცა ამ მაღალმთიან მხარეში მცხოვრებთა იზოლაცია და გაუცხოება უკვე დიდი ხანია, მუდმივ პრობლემადაა ქცეული. ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მძიმე ბოლო რამდენიმე ათწლეული აღმოჩნდა. ქვეყანაში არსებულმა რთულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ რეგიონის განვითარება და აქ მცხოვრებთა დანარჩენ ქვეყანასთან ინტეგრაცია შეაფერხა.

    „უკვე წლებია, რაც აჭარის მკვიდრებს არ მიუწვდებათ ხელი სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა მრავალ სერვისზე. სოფლებში ხშირად ითიშება ელექტროენერგია და ზამთრის დიდთოვლობების დროს გზებიც იკეტება. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო აჭარის მრავალი სოფელი დღეს დაცარიელებულია. მრავალი ოჯახი ეკომიგრანტი გახდა, რადგან ისინი იძულებულები გახდნენ, გადასულიყვნენ საქართველოს სხვა რეგიონებში ან საზღვარგარეთ — ძირითადად, თურქეთში. ხულო და ღორჯომის ხეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველაზე მაღალი დასახლებებია. ხეობაში სხვადასხვა სიდიდის 18 სოფელი მდებარეობს. ზოგ სოფელში, მცირე მოსახლეობის გამო, მხოლოდ დაწყებითი სკოლებია გახსნილი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასასწრებლად სხვა სოფლებში სიარული უწევთ. სოფლებს შორის გზები დაზიანებულია, ინფრასტრუქტურა კი გაუმართავია.

    „ამ სოფლების თითქმის ყველა მცხოვრები მუსლიმია და ყველა მოზრდილ სოფელში მეჩეთი დგას. ადგილობრივები, ძირითადად, მესაქონლეები არიან, მაგრამ საძოვრების სიმწირის გამო, მათ თავიანთი ნახირი ზაფხულში მთებში აჰყავთ და იქ გვიან შემოდგომამდე რჩებიან. მომთაბარე აჭარლებს წელიწადში რამდენჯერმე უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამის მიუხედავად, კაცების უმრავლესობა თურქეთშიც მუშაობს და დამატებითი შემოსავლისთვის სეზონურ სამუშაოს ასრულებს. ასეთი მძიმე მდგომარეობის გამო ამ მაღალმთიანი რეგიონის უნიკალური ტრადიციები ნელ-ნელა ქრება, ხოლო მისი გამორჩეული ცხოვრების წესი დავიწყებას ეცემა“.

    ნათელასთან ერთად, საქართველოდან არჩეულ სამ ფინალისტ ფოტოგრაფს შორის იყვნენ ეკატერინე კოლესნიკოვა (მალე თენდება) და თაკო რობაქიძე („სამშვიდობოები“).

    ექვსი გამარჯვებული ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ 400-ზე მეტ მონაწილეს შორის არჩეული 18 ფინალისტისგან გამოავლინა. თითოეული ქვეყნიდან არჩეული სამ-სამი ფინალისტი თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს.

    ფოტოკონკურსის დანარჩენი გამარჯვებულები არიან ნაზიკ არმენაკიანი (სომხეთი), ორხან აზიმოვი (აზერბაიჯანი), პაშა კრიტჩკო (ბელარუსი), კატერინა შოშევა (მოლდოვა) და მარისია მიანოვსკა (უკრაინა).

    დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ასევე ფოტოგრაფები, მედიის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სახეები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

    დაჯილდოების ცერემონიის წინა დღეს, 30 მარტს, ფინალისტმა ფოტოგრაფებმა კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრებთან მასტერკლასი გაიარეს.

    კონკურსი ორგანიზებული იყო EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ პოლონურ Fotofestiwal-თან პარტნიორობით.

    დამატებითი ინფორმაცია:

    ნათელა გრიგალაშვილის შესახებ

    ნათელა გრიგალაშვილი თბილისში მცხოვრები შტატგარეშე დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. წარსულში გრიგალაშვილს უმუშავია ფოტორეპორტიორად და კინო ოპერატორად. კარიერის დასაწყისში ის, მეტწილად, შავ-თეთრი ფირით იღებდა, მაგრამ უკვე ათ წელზე მეტია, რაც გრიგალაშვილი ციფრული ფოტოაპარატით მუშაობს და ფერად ფოტოებს იღებს. ის ახლა, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს და სოფლებსა თუ პატარა ქალაქებში მცხოვრებთა ყოფას და პრობლემებს აღბეჭდავს. ფოტოსერიებზე მუშაობისას გრიგალაშვილი ფოკუსირდება ისტორიაზე, რომელიც კადრებით გადმოიცემა.

  • იტალიის ქ. ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა!

    იტალიის ქ. ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

    „იტალიაში, ნეაპოლში, ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით - პიაცა ენრიკო დე ნიკოლა #46, სკალა - A. ასობით ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა. უზარმაზარი დარბაზი იყო სავსე. დიდი მადლობა სიყვარულისთვის და მზაობისთვის, გამომყვეთ იმ გზაზე, რომელიც განათლების გავრცელებას გულისხმობს“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გ. კეკელიძე.

    ეროვნული ბიბლიოთეკაში ასევე აზუსტებენ, რომ, ისინი წლებია ამ პროექტს ახორციელებენ და სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ბიბლიოთეკებს ხსნიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის. 

  • იტალიაში Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის საჰაერო ძალების (Aeronautica Militare) კუთვნილი Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი სიცილიის კუნძულის დასავლეთით ზღვაში ჩამოვარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონტაქტი დაიკარგა იტალიის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავთან, რომელიც სასწავლო ფრენის შემდეგ ბრუნდებოდა თავის ბაზაზე, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ტრაპანი ბირგის აეროპორტში.

    ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ავიაბაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 მილის დაშორებით ზღვაში ჩამოვარდა და სამაშველო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ დაიწყო.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ მრავალფუნქციური თვითმფრინავის, Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის რეგიონში სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც, თვითმფრინავი იყო ერთადგილიანი მოდელი და მიახლოების ფაზაში ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო ჩამოვარდა.

    იქვე ნათქვამია, რომ პილოტი შესაძლოა თვითმფრინავიდან კატაპულტირების საშუალებით გადარჩენილი იყოს.

  • ალპებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

    იტალიის ალპებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. იტალიური სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, მარმოლადის რაიონში ალპებში ყინულის დიდი მასა ჩამოიშალა. შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, რომელთაგან 1-ის მდგომარეობა მძიმეა.

    ამავე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 10 ადამიანი დაიკარგა, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. პროცესში, 5 ვერტმფრენიც არის ჩართული.

    შეგახსენებთ, რომ იტალიის პადოვას უნივერსიტეტის მეცნიერებმა  2020 წლის სექტემბერში გაკეთებულ განცხადებაში გააფრთხილეს, რომ მარმოლადაში ყინულის მასა შეიძლება გაქრეს 15 წელიწადში.

  • საქართველოს პრეზიდენტმა რომში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო უცნობი ჯარისკაცის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

    საქართველოს პრეზიდენტი „ვენეციის მოედანზე“ მდებარე უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ლორენცო გუერინისთან და გენერალური შტაბის უფროს ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონესთან ერთად იმყოფებოდა.

    ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და სამხედრო მარში

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური