აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე სომხური პროვოკაციების შედეგად 50 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილით, სომხეთის არმიამ საზღვრის გასწვრივ, დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 50 ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთაგან 42 აზერბაიჯანის არმიიდან და 8 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან იყვნენ.
ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
თავის მხრივ, სამინისტროს ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად დილის 09:00 საათიდან (გუშინ, ადგილობრივი დროით) გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სომხეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და საზღვრის გასწვრივ არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღის გამოყენებას პერიოდულად აგრძელებს.