დღეის მდგომარეობით, უკვე საქართველოს 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2022 15:33

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები შეაჯამეს.

ალექსანდრე დარახველიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევები, ასევე, მათ საპასუხოდ საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები.
"ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ, ჩვენი ქვეყნის ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს იმ წესებს, რაც დადგენილია ამ შეთანხმებით, თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები, როდესაც ხდება გარკვეულ შემთხვევაში ვადების დარღვევა, ასევე, ადგილი აქვს უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევებს. სწორედ ამ გამოწვევებზე იყო შეხვედრის დროს საუბარი. ჩვენ დავსახეთ გეგმები თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ქალბატონ სახელმწიფო მდივანს ასევე გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები ევროპის 19 ქვეყანაში ახორციელებენ თავიანთ მანდატს, ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციებს. ასევე, საქართველოს საზღვრებზე და აეროპორტებში აქტიურად მოქმედებს გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს ევროპაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის საქართველოს საზღვრებზე შემოწმებას და დღეის მდგომარეობით, უკვე საქართველოს 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში.
უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნა არ არის ახალი პრობლემა. აღნიშნული პრობლემის წინაშე ჩვენი ქვეყანაც დგას. ბოლო 8 წლის განმავლობაში გაათმაგდა საქართველოში უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები.
ჩვენ სრულად განვაახლეთ საქართველოს კანონმდებლობა და იგი დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან, რათა საქართველომ თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებაში სწორი და სამართლიანი პოლიტიკა აწარმოოს.
შეხვედრის ფარგლებში, ქალბატონ სახელმწიფო მდივანთან დავსახეთ გეგმები, რა მიმართულებით შეიძლება ვითანამშრომლოთ ორივე სახელმწიფომ იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ვადის დარღვევის შემთხვევები, ასევე, თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნის რაოდენობა", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
წაკითხულია 299 ჯერ

Related items

  • VIDEO/პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

    ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.

    ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს.

    განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

     

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საუდის არაბეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საუდის არაბეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს მთავრობის სახელით, საუდელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა. 

    მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროში. ამ კუთხით, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა გასულ წელს, საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის მნიშვნელობას. 

    „მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ღრმავდება და ვითარება მრავალი მიმართულებით. დინამიკური ურთიერთობები გვაქვს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ისე სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის. 

    აღსანიშნავია, რომ ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის. შექმნილია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები და ხორციელდება მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტები. დარწმუნებული ვართ, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი რიადში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და მეგობრობის  განმტკიცების კუთხით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
    ამასთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ვითარდება კულტურული ურთიერთობები და ხალხთაშორისი კავშირები: „გვიხარია, რომ საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება საუდის არაბეთში და ყოველწლიურად ჩვენ  უფრო მეტი საუდელი ვიზიტორი გვსტუმრობს.“

    სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის მხარეს მიმდინარე წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებისათვის, რომლის თანახმადაც, ქართველი ტურისტებისთვის გამარტივდა სავიზო პროცედურები (დაწესდა ელექტრონული ვიზა). მან აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებისათვის და ქვეყნებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციისთვის.

    გარდა ამისა, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზეც.

    ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის

    31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Visa-ს გათამაშებაში და მოიგონ მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მიმართულებებით დაუვიწყარი მოგზაურობა.

    გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც უკვე არის 18 წლის და აქვს ლიბერთის Visa ბარათი.

    გათამაშებაში მონაწილეობას იღებს ტელეფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს ციფრული საფულის საშუალებით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება, რომელიც აღემატება 40 ლარს ნებისმიერ ვალუტაში - თითოეულ ტრანზაქციას მიენიჭება გათამაშების 1 ვირტუალური ბილეთი.

    თამაშდება 35 სამოგზაურო ვაუჩერი, თითოეული 2 ადამიანისთვის.

    გათამაშება ჩატარდება 23 ივნისს და მისი ტრანსლირება მოხდება Visa-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live რეჟიმში.

    დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/429qvqg

  • ცხოველთა ამერიკელი უფლებადამცველი: გვსურს, საქართველოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია დავაფუძნოთ, ასევე, გვაქვს ძაღლებისთვის განკუთვნილი თავშესაფრის გახსნის იდეა

    ცხოველთა უფლებადამცველი, ამერიკაში მოქმედი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PEACE FOR PAWS RESCUE-ს ხელმძღვანელი, აშშ-ის მოქალაქე მარკ ლოპესი აცხადებს, რომ სურს, საქართველოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია დააფუძნოს. ლოპესს ასევე აქვს იდეა, საქართველოში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარი გახსნას. ამის შესახებ ლოპესმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    მისი თქმით, ორგანიზაცია ამერიკული ორგანიზაცია The society for the prevention of cruelty to animals (SPCA) მსგავსი უნდა იყოს, სადაც ცხოველთა მოყვარულები, მოხალისეები არიან გაწევრიანებულები და ცხოველებზე ზრუნავენ. მისი თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციას ამერიკაში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრებიც აქვს. მისივე თქმით, ამერიკელების უმრავლესობას ძაღლები თავშესაფრებიდან აჰყავს და მათზე ზრუნავს.

    “საქართველოში 2 წელია, ვიმყოფები. მე და ჩემი მეუღლე ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეს შევეჩეხეთ. ქუჩებში, გზატკეცილებზე ბევრი დაავადებული და გამხდარი ძაღლია. ყოველდღიურად მიუსაფარი ძაღლების გამოკვება გადავწყვიტეთ და დიდი რაოდენობით საკვები შევიძინეთ. ეს პრობლემა საქართველოში ყველგან გვხვდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ძაღლების გამოკვება რუსთავიდან დაგვეწყო, სადაც ისინი საკვებს ნაკლებად მოიპოვებენ და ლილომდე ჩავსულიყავით, მოგვევლო ყველა ლოკაცია, სადაც ძაღლები არიან შეფარებულები. ჩემი გოგონა ექიმია, მოეწონა იდეა და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ორგანიზაცია, რომელიც მათ გამოკვებაზე, მკურნალობაზე იზრუნებდა. ვისაც ცხოველებზე გული შეგვტკივა, გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ხარჯებით ყოველდღიურად 100-120 ძაღლს ვკვებავთ.
    გვაქვს იდეის დონეზე კონცეფცია, რომელიც საქართველოში თავშესაფრის გახსნას ეხება. ამერიკაში მუშაობს ორგანიზაცია The society for the prevention of cruelty to animals (SPCA). გვინდა, მსგავსი ორგანიზაცია საქართველოშიც გავაკეთოთ, რომელიც ცხოველთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის იმუშავებს. The society for the prevention of cruelty to animals -ს ამერიკაში თავშესაფრებიც აქვს”, – განაცხადა მარკ ლოპესმა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.

    სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

    სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.

    გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

    მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

    პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

    პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
    პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
    მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.

    აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

    აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

    შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.

    სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური