აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქები მუნიციპალური განვითარების ახალ გზებს სახავენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022 13:30

ქუთაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 300 მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენელთა მონაწილეობით რეგიონული შეხვედრა, მაჩვენე & მიამბე (Show&Tell) გაიმართა. დამსწრეებმა განიხილეს გზები, რომლებითაც რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრა და მდგრადი სისტემების დანერგვისა და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნის შესახებ ცოდნის გაზიარებაა შესაძლებელი. 

ქუთაისში გამართულ შეხვედრაში ის მუნიციპალიტეტები მონაწილეობდნენ, რომლებიც პროგრამაში, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), არიან გაერთიანებულები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.

შეხვედრას ფიზიკურად M4EG ქსელში გაერთიანებული 56 მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხოლო აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ღონისძიებაში ონლაინ რეჟიმში ჩაერთნენ.

მაჩვენე & მიამბეს მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. შეხვედრის მსვლელობისას ცამეტმა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროგრამებით მხარდაჭერილი ორი ინოვაციური მიდგომის, „მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებისა“ და „ურბანული ხედვის“ დანერგვის საქმეში თავისი საქმიანობის მიმდინარე შედეგები წარადგინა. ამ საგრანტო პროგრამათა მიზანი იმ ინიციატივების დახმარებაა, რომლებიც ადგილობრივი ცხოვრების ძირითადი ასპექტების გარდაქმნასა და განახლებას ცდილობენ.

შეხვედრაზე საკუთარი გამოცდილება არაერთმა ქალაქმა წარმოადგინა. მათ შორის იყვნენ: სომხეთის ქალაქი არენი, რომელიც მდგრად ტურიზმზე ორიენტირდება; ბათუმი, რომელიც სტარტაპების ისეთ ეკოსისტემას აყალიბებს, როგორიც განახლებული ურბანული იდენტობისა და სამეწარმეო კულტურის შექმნას უწყობს ხელს; ქუთაისი, რომელიც ნერგავს ჭკვიანი ეკო-ქალაქის მოდელს, რათა ბუნებაზე დამყარებული ურბანული ინოვაციის გამოყენებით მუნიციპალიტეტი მეტად ეკომეგობრული გახადოს; მოლდოვის ქალაქი ჩადირ-ლუნგა, რომელიც მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტიანობას აუმჯობესებს და ენერგიის მიწოდების ხელმისაწვდომ სისტემას ქმნის. 

„ურბანული ხედვის“ პროგრამაში ჩართულმა ცხრა მუნიციპალიტეტმა რეგიონულ შეხვედრაზე თავიანთ საქმიანობაზე ისაუბრეს. მათ ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის მხრივ მიღწეული შედეგები წარადგინეს. ამასთან, უკრაინის ქალაქების ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მართავენ ქალაქებს ომის ფონზე განვითარებული კრიზისის პირობებში.

„ეკონომიკურ პრობლემებთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ერთად, რეგიონის ბევრი ქალაქი უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად განვითარებულ ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა კრიზისსაც უმკლავდება. ინოვაციური გადაწყვეტები ამ ქალაქებს დაეხმარება, მოაგვარონ მიმდინარე გამოწვევები ისე, რომ მმართველობის სისტემებმა შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსიმ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), 2017 წლიდან მიმდინარეობს. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მას 2021 წლიდან მოყოლებული ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ახორციელებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

წაკითხულია 276 ჯერ

Related items

  • საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები ეწვევიან

    2023 წლის 6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება.

    ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

    ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

    აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებას.

    ამ ფონზე, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს ვიზიტის ფარგლებში საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებსა და ამ მხრივ უკვე არსებულ მნიშვნელოვან შედეგებს.

  • ჩინეთში „ჩინეთის ყველაზე ბედნიერი ქალაქები 2022“ დაასახელეს

    ჰანჯოუ, 21 დეკემბერი (სინხუა) -- ორთვიანი სოციალური კვლევის საფუძველზე, ქ. ჰანჯოუში, /ჟეჯიანგის პროვინცია, აღმოსავლეთ ჩინეთი/ ოთხშაბათს გამოაქვეყნდა „ჩინეთის ყველაზე ბედნიერი ქალაქები 2022“-ის სია.

    სიაში შედის 10 პროვინციის დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქი, მათ შორის ჩენდუ, ჰანჯოუ, ნინბო, სინინგი, გუანჯოუ, ჩანგშა, შენიანი, ჰეფეი, ცინდაო და ნანჯინგი.

    გარდა ამისა, ამ სიაში ასევე მოხვდა ქვეყნის საოლქო დონის 11 ქალაქი, ქვეყნის მაზრის დონის 10 ქალაქი და რაიონული დონის 10 ქალაქი.

    „2022 წლის ყველაზე ბედნიერი ქალაქების“ შერჩევა შეგროვილი მონაცემების ანალიზის, სოციალური გამოკითხვების, სასწავლო ტურებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე განხორციელდა.

    ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ყოველკვირეული გაზეთი "Liaowang Dongfang" /"Oriental Outlook"/ და ანალიტიკური ცენტრი "Liaowang" /Liaowang Institute/. ორივე მათგანი საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ეკუთვნის. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შერჩევის პროცესში ძირითადად გათვალისწინებული იყო ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ქალაქის ძალისხმევის ეფექტურობა მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მაღალი ხარისხის განვითარების სურვილი, მწვანე განვითარების დონე და ქალაქის ეკოლოგიური წარმატება, ასევე მენეჯმენტი.

    „ყველაზე ბედნიერი ქალაქების“ შერჩევა ჩინეთში 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

  • G7 ქვეყნების მოწოდება რუსეთს!

    დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) მოუწოდებენ რუსეთს დაუყონებლივ გაუხსნას კორიდორი რათა მიწოდებულ იქნას ჰუმანიტარული დახმარება მარიუპოლსა და სხვა ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქებში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    G7-ის საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „მარიუპოლში და სხვა ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების უარყოფა მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების მიხედვით. რუსეთის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება მარიუპოლში და სხვა ალყაში მოქცეულ ქალაქებში“.

    განცხადებაში ასევე რუსეთი და ბელარუსია უკრაინის პოლიტიკასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ იქნა დაგმობილი.  

  • დიდი ქალაქების ხმაური, ადამიანების სიკვდილს იწვევს

    გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მიერ მომზადებულ 2022 წლის ანგარიშში განხილულ იქნა და ყურადღება გამახვილებულ იქნა ევროპის დიდ მეტროპოლებში როგორც ყოველწლიურად მზარდი ხმაურის დაბინძურებაზე, ასევე ტყის ხანძრების ზეგავლენაზე კლიმატურ ცვლილებებსა და მათგან გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამ ანგარიშის მიხედვით, მზარდი ქალაქების პარალელურად, გარემო ხმაურის დაბინძურების ზრდაც ხელს უწყობს ადამიანების ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხედ გადაქცევას, რადგან, დადგინდა, რომ ქალაქებში გარემო ხმაურის დეციბელის თანაფარდობის ზრდა, ადამიანებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ხოლო ცხოველებში კი ქცევის დარღვევას. ამავე კვლევის მიხედვით, ევროპაში დაახლოებით 22 მილიონ ადამიანს აწუხებს გარემოდან მომდინარე დიდი ხმაური, ხოლო 6,5 მილიონ ადამიანს კი, ამ ხმაურის გამო ძილის პრობლემები აქვს. მოკლედ, ევროპის დიდ ქალაქებში ხმაურიანი დაბინძურება საშუალოდ წელიწადში 48 ათასი ახალი გულის იშემიურ დაავადებას, ხოლო 12 ათასამდე კაცის კი, უდროო სიკვდილს იწვევს.

    ამავე ანგარიშით მსოფლიოს ყველაზე ხმაურიანი ქალაქებში შედის ბანგლადეშის დედაქალაქი დაკა, სადაც ხმაურის დეციბელი 119 პუნქტს აჭარბებს, მას 105 დეციბელით პაკისტანის დედაქალაქი ისლამაბადი მოჰყვება, ნიუ-იორკის ხმაური 95 დეციბელია, ხოლო თურქეთში კი ყველაზე ხმაურიანი ქალაქი თოქათია, სადაც ხმაური 82 დეციბელს აჭარბებს. დიდ ქალაქებში ხმაურის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, რეკომენდაცია ეწევა გზატკეცილების გვერდებზე ხმის ბარიერების აშენებას და შენობების სახურავების გამწვანებას, ხოლო ამის პარალელურად ითხოვება ელექტრონული მანქანების გამოყენების გაზდა-გაფართოებაც.

    ამავე ანგარიშის მიხედვით, 2002 წლიდან 2016 წლამდე, მთელ მსოფლიოში ტყის ხანძრების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 423 მილიონი ჰექტარი მიწა განადგურდა.

  • პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა. 

    მთავრობის მეთაურმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის სიმტკიცეს, ასევე ისაუბრა ასოცირებული ტრიოს შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - დიფერენციაციის ნათელი გამოხატულებაა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ტრიოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებებით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას. 
    ირაკლი ღარიბაშვილმა, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის აუცილებლობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით  დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების მიმართულებით.
    სამიტზე ევროკავშირის მხრიდან დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოხდა ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების აღიარება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვრონ ევროკავშირთან ურთიერთობების სიღრმე და თანამშრომლობის ხარისხი. 
    სამიტი მიესალმა სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ე.წ. „ასოცირებული ტრიოს" ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან  თანამშრომლობის  გაღრმავებისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს ამ პროცესში ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებების შესრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. 
    ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას, რაც ევროკავშირის ძლიერ ჩართულობასაც გულისხმობს. 
    სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის  ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - დიფერენციაციის მიმართ, რომლის საფუძველზეც ხდება პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ინდივიდუალურად მინიჭება. ამ კონტექსტში განიხილება „ასოცირებული ტრიოსთვის" ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია. 

    სამიტზე ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალური პრიორიტეტული საკითხების მიმართ. დეკლარაციის ნაწილია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველო. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი  და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას. 

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის მედეგობის ზოგადი ინსტრუმენტების მაქსიმალური გაძლიერებისა,  გულისხმობს მნიშვნელოვანი მოკლე და საშუალოვადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი, 2.3  მილიარდი ევროს ოდენობის  (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო  გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც მოქალაქეებისთვის ხელშესახები იქნება. მათ შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა" და „ჰორიზონტი ევროპის" პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ. 
    აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და შეთანხმება მხარეებს შორის.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური