საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 აგვისტო 2022 11:20

2022 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.  დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.
ამ ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მისიის მანდატის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ აბრკოლებს საოკუპაციო ძალა. 
ამ მძიმე ფონზე, გარდამტეხი როლი ჰქონდა 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი და სწორედ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგელობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის რუსეთის-საქართველოს ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, ცხადყოფს, რომ ამაოა რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობა, თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხისმგელობა უკანონო ოკუპაციასა და მის შედეგებზე.
საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.
საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერისთვის და  დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, განაგრძობს უხეშ დარღვევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.  
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წელს დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს. 

წაკითხულია 271 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ბანკის განცხადება!

    გვინდა გამოვეხმაუროთ სს ლიბერთი ბანკის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას. კერძოდ, სანქცირებული კომპანიის მიერ სს ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გახდა საფუძველი პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მიერ და მთავარი არხისა და ტვ პირველის ეთერებში გაჟღერებული სრულიად უსაფუძვლო ბრალდებისა, რომლის მიხედვითაც თითქოს ადგილი ჰქონდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სანქციების დარღვევას.

    სს ლიბერთი ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს. ამის პირდაპირი დასტურია სწორედ ზემოთ ხსენებული სარჩელიც, რომლის მიხედვითაც დასანქცირებული კომპანია სს ლიბერთი ბანკს ედავება საერთაშორისო სანქციების ზედმეტად ფართო და მკაცრ ინტერპრეტაციას.

    სს ლიბერთი ბანკის მიმართ დღეს გაჟღერებული ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სანქცირებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ ალიშერ უსმანოვი, რომელიც ინდივიდუალურად დასანქცირდა 2022 წლის მარტში, ხოლო მის კომპანიას კი ჰქონდა წვდომა საბანკო აქტივებზე (მათ შორის სს ლიბერთი ბანკში) უშუალოდ ამ კომპანიის დასანქცირებამდე - 2023 წლის აპრილამდე.

    მიგვაჩნია რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება სანქიების დარღვევად იმ მიზეზით, რომ 2022 წლის მარტშივე ალიშერ უსმანოვის დასანქცირებისას გამოიცა ე.წ General License #15 (მოქმედებდა 2023 წლის აპრილამდე), რომლის მიხედვითაც OFAC-მა (The Office of Foreign Assets Control) მკაფიოდ განმარტა, რომ სანქცირებული ალიშერ უსმანოვის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა სანქციები, თუ ეს კომპანიები თავად არ მოხვდებოდნენ სანქცირებულთა სიაში, რაც მოსარჩელე კომპანიის შემთხვევაში მოხდა მხოლოდ 2023 წლის აპრილში. მოსარჩელე სანქცირებული კომპანია 2023 წლის აპრილამდე სარგებლობდა არა მხოლოდ სს ლიბერთი ბანკის, არამედ სხვა ევროპული ბანკების მომსახურებითაც. 2023 წლის აპრილიდან, უშუალოდ კომპანიის დასანქცირების დღიდანვე, კომპანიას მყისიერად შეეზღუდა წვდომა სს ლიბერთი ბანკში განთავსებულ აქტივებზეც.

    სს ლიბერთი ბანკისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბანკის რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამებლური კამპანიები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში სისტემატიურად აწარმოებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები თუ მედია არხები.

    ბანკის რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში სს ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  • გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში დღემდე 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

    გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს.

    გაეროს ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისის (OCHA) ჟენევის წარმომადგენელმა და საკოორდინაციო განყოფილების დირექტორმა რამეშ რაჯასინჰემმა აქ წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია.

    რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი საჭიროებს დახმარებას, რაც საზოგადოების დაახლოებით 40 პროცენტს შეესაბამება.

    მანვე განაცხადა, რომ 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ და ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 9 ათას 900 მშვიდობიანი მოქალაქე.

    მან გააკეთა გაფრთხილება, რომ რეალური მაჩვენებლები შეიძლება იყოს უფრო მაღალი და თქვა: "ომის გაგრძელებისას გარემო ბევრად უფრო საშიში გახდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის. ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციის  14 მუშაკი დაიღუპა“.

    რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 1300 თავდასხმა მოხდა ჯანდაცვის ობიექტებზე, დაიღუპა 111 ჯანდაცვის მუშაკი და პაციენტი.

  • ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 4 %-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო 92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, რომელიც ეკონომიკის ზრდის ტემპებით 2003 წლიდან ყოველთვის ჩამოგვრჩებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით 24-ე ადგილზეა. სომხეთს, რომელიც ბოლო ორი წელია, მისთვის წარუმატებელ ომშია ჩართული, ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს!
    რატომ, რა ხდება? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
    შეგახსენებთ, გოლდა მეირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელმაც უდაბნოში სახელმწიფო შექმნა: „კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე!“
    სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი, სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის ყველა მუხრუჭი - კორუფცია, ტოტალური ქურდობა, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.
    ზუსტად ვიცი, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის სვლას პროგრესული მომავლისკენ", ნათქვამია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: „ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ“!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: კიდევ ერთხელ ვეხმაურები რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს - ამ საკითხზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში. სამედიცინო უნივერსიტეტი და რესპუბლიკური საავადმყოფო გვერდიგვერდ სწორედ იმის გათვალისწინებით აშენდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყო  ქართული მედიცინის მთავარი სასწავლო ბაზა. საკითხი, ეს შენობა დაინგრეს, თუ მოხდეს მისი რენოვაცია, უნდა გადაწყვიტოს სამედიცინო უნივერსიტეტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურება და სტუდენტების აღზრდა არ შეჩერდეს და არ შეფერხდეს.    

    მითქმა-მოთქმა ისმის იმაზეც, რომ ქალაქის ცენტრში არსებული 8  ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის მინიმალური ღირებულება 80-100 მილიონი დოლარია, სასურველი ლუკმაა და არსებული შენობის დანგრევის შემდეგ, იქ საავადმყოფო აღარ აშენდება. საზოგადოებამ ისიც იცის, როგორ ღიად და ურცხვად არის ჩაბმული „ქართული ოცნება“ სისტემურ კორუფციაში, ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

    ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.   

  • "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში"

    2023 წლის 30 მარტს ქ. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო გერმანული ანალიტიკური ცენტრისა „DGAP“ და ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სტოკჰოლმის ცენტრთან (SCEEUS) პარტნიორობით, გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Russia`s war against Ukraine: Navigating the new reality in the EU Eastern Neigbourhood). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის, აგრეთვე ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით - „ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გადახედვა“ (Rethinking the EU enlargement and Eastern Partnership policy). თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ მნიშვნელობაზე და მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის მიერ განხორციელებული ძალისხმევა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიზნით. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით შეფასდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის.
    სესიაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრაგმატული, საერთო ინტერესის პროექტებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების დაჩქარებას, განსაკუთრებით შავი ზღვის დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.
    თეიმურაზ ჯანჯალიამ სესიის ფარგლებში ისაუბრა ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას მოჰყვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით გართულებულ ვითარებაზე. ამ ფონზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური