საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიუ-იორკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 აგვისტო 2022 12:11

2022 წლის 1-5 აგვისტოს, ნიუ-იორკში მიმდინარე ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ  ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ასევე, უკრაინის,  რუმინეთის, შვედეთის, ფილიპინების, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან და ჩილეს, ეკვადორის და სენტ-ლუშას მუდმივ წარმომადგენლებთან.
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, მიროსლავ იენჩასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გენერალური მდივნის თანაშემწეს საქართველოში გაეროს სააგენტოების აქტიური მუშაობისა და მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით ჩართულობის გამო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მიკოლა ტოჩიტსკისთან (Mykola Tochytskyi) შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ მტკიცე სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების თემატიკას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მრავალმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, მათ შორის  ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მნიშვნელობას.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იულიან ფოტასთან (Iulian Fota) შეხვედრისას, ლაშა დარსალიამ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერის გამო; აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მაგნუს ნილსონთან (Magnus Nilsson) გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაუსვეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას. ლაშა დარსალიამ შვედ კოლეგას მადლობა გადაუხადა შვედეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერის გამო.
ლაშა დარსალიასა და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კარლოს სორეტას (Carlos Sorreta) შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მზარდ თანამშრომლობაზე. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული მჭიდრო თანამშრობლობა, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერაში გამოიხატება.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დინარა კემელოვასთან  შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხები და თანამშრომლობის ინიციატივები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
გაეროსთან ჩილეს, ეკვადორის და სენტ-ლუშას მუდმივ წარმომადგენლებთან ლაშა დარსალიას შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა ფორმატებში საერთო ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ვიზიტის დასასრულს, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო გაეროსთან უნგრეთის მისიის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციის პრეზიდენტის, გუსტავო ზლაუვინენის პატივსაცემად გამართულ მიღებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

წაკითხულია 215 ჯერ

Related items

  • თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!

    გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას

    თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.

    უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

    უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.

    უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.

    „გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.

    „რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

    "უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.

    უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის  დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.

  • სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მოხდა

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩს, ეიდან ოჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ.

    "ტრტ-ქართულის" ცნობით, შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.

    ბორელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში თავს დაესხნენ მის რეზიდენციაში. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური ობიექტების და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლით დაკისრებულია ვალდებულებაა“.

    ოჰარას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში ფოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

    პერტესმა მიმდინარე კონფლიქტზე თქვა: „ეს არის ძალიან არასტაბილური სიტუაცია, ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ სად გადაიხრება ბალანსი“.

  • "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში"

    2023 წლის 30 მარტს ქ. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო გერმანული ანალიტიკური ცენტრისა „DGAP“ და ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სტოკჰოლმის ცენტრთან (SCEEUS) პარტნიორობით, გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Russia`s war against Ukraine: Navigating the new reality in the EU Eastern Neigbourhood). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის, აგრეთვე ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით - „ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გადახედვა“ (Rethinking the EU enlargement and Eastern Partnership policy). თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ მნიშვნელობაზე და მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის მიერ განხორციელებული ძალისხმევა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიზნით. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით შეფასდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის.
    სესიაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრაგმატული, საერთო ინტერესის პროექტებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების დაჩქარებას, განსაკუთრებით შავი ზღვის დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.
    თეიმურაზ ჯანჯალიამ სესიის ფარგლებში ისაუბრა ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას მოჰყვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით გართულებულ ვითარებაზე. ამ ფონზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

  • ჯეიმს კლევერლის ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა

    16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. 
    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, სტუმარს ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. 

    მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
    ბრიტანელი კოლეგის ვიზიტს, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „Twitter”-ზე გამოეხმაურა. 
    „მიხარია, რომ ვმასპინძლობ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა, და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის. მქონდა შესაძლებლობა კოლეგასთან ერთად განმეხილა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,“ - წერს დარჩიაშვილი. 
    აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ოფიციალური შეხვედრა 17 მარტს გაიმართება.

  • საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

    2023 წლის 15 მარტს ქ. თბილისში გაიმართა რიგით მეათე პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახურ მხარეს  - მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი.

    კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული,  ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსაც. მხარეებმა დეტალურად განიხილს პარტნიორობის განვითარების გზები ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. 

    განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  ურთიერთქმედებაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს გეგმები ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების მომზადების მნიშვნელობას. 

    ამასთან, აქცენტი გაკეთდა საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარებასთან  და საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მინისტრის მოადგილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და შეხედულებები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა  კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. 

    თავის მხრივ, ყაზახეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური