ი. დარჩიაშვილმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის კავშირების გააქტიურებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022 17:17

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქ. სტამბოლში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით.
მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთკავშირების  გააქტიურებას. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით, ამ მხრივ საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს საქართველოში.
მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმატია მრავალმხრივი მიმართულებით ურთიერთობების განსამტკიცებლად და იმედი გამოითქვა ახლო მომავალში საბჭოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის სავაჭრო- ეკონომიკურ  კავშირებს და მათი შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს.  აღინიშნა ამ მხრივ უკვე მიღებული წარმატებული შედეგები, მათ შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა.  მინისტრები შეთანხმდნენ უწყებების დონეზე იმუშაონ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გამყარებისთვის. დაიგეგმა საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს მორიგი შეხვედრის ჩატარება.
მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე. ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის ხმამაღალი პოზიციისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მხრივ ხაზი გაესვა თურქეთის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას თავის მხრივ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც პოზიტიურ როლს შეასრულებს კონკრეტულად ამ პროცესსა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. 
საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობებს და განსაკუთრებულად აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი  ფორმატი და მის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც წარმატებით ვითარდება. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს და მინისტრები მიესალმნენ ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას.  კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავი. მინისტრებს საჩუქრად გადაეცათ  თურქეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით,  სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის დამზადებული სამახსოვრო მედალიონი.

წაკითხულია 375 ჯერ

Related items

  • სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა
    2023 წლის 15-16 სექტემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა.
    აღნიშნულ სამიტზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობა.
    თურქეთის ბიზნეს საბჭოს სამიტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი თურქეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური და დიასპორული კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
    აღნიშნულ ღონისძიებას, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დესწრო და მონაწილეობა მიიღო B2B შეხვედრებში. ბატონმა ოსმანმა ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
    თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.
  • ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა!

    ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს. 

    მათი ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების გასამართად საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოსულ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდა.

    ბორელმა, რომელიც ევროკავშირის თბილისის ოფისში მივიდა, განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი პირველად ექნება და ხვალ (დღეს) მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს.

    მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, და რამდენიმე კვირის შემდეგ შესაბამისი შეფასებები გაკეთდება საქართველოსთვის „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე.

    ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და დაამატა: "ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ ამ გზაზე."

    ბორელმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანი კრიტერიუმები, რომლებიც მათ ევროკავშირმა მისცა, რათა საქართველოს მიენიჭოს „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსი და რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

    „მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის (თბილისის) ქუჩებში და ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“. - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

    მან აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას და რომ ქართველ ლიდერებთან შეხვედრებზე ისინი ასევე განიხილავენ რეგიონზე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის უარყოფით გავლენას.

    ბორელი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ჩავა საოკუპაციო ხაზთან.

  • გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმება?

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „მიგვაჩნია, რომ ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გაგრძელდეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა სადაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

    პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „დღის წესრიგში მოტანილი ალტერნატიული წინადადებები ვერ გვთავაზობს მდგრად, უსაფრთხო და მუდმივ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია მხარეებს შორის თანამშრომლობაზე, როგორიცაა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. მიგვაჩნია, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს ხარვეზების აღმოფხვრით. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ გავაგრძელოთ ძალისხმევა ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ჩვენ ადრე ვუმასპინძლოთ მხარეებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ამ მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მარცვლეულის გადაზიდვის საკითხთან დაკავშრებით გაეროსთან ერთად მოვამზადეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პროგრესს. მე მჯერა, რომ შესაძლებელია ამ ახალი პროცესით შედეგის მიღწევა. უკრაინამ, რა თქმა უნდა, უნდა შეარბილოს თავისი მიდგომა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის. ჩვენ, როგორც თურქეთი, ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად მზად ვართ.“

    პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: „მარცვლეულის დერეფნის აღდგენა გვინდა. ამას გავაკეთებთ ერთი პირობით, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ზღვაში ჩავიდეს დაუბრკოლებლად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვატყუეს, დაპირებები რამდენიმე დღეში რომ შესრულდეს, ჩვენ საკუთარ ძალებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მარცვლეულის დერეფანი შევინარჩუნოთ.“

    ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ვალდებულება ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ დოლარი და ევრო.“

    ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა: „გაზპრომმა BOTAŞ-ს წარუდგინა თავისი საგზაო რუკა, შემდეგი არის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა. რუსეთი მუდამ იქნება თურქეთის ყველაზე დიდი და პასუხისმგებელი პარტნიორი ბუნებრივ აირში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივ გაზს მესამე ქვეყნებშიც გავაგზავნით.“  

  • საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
    2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა.
    საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, საქართველოსა და თურქეთის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
    დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
    გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას. თურქეთის მხრიდან განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია აღნიშნულ მონაცემთა გაორმაგება.
  • ქალბატონ კატრინ კოლონას, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფრაგლებში 26-დან 28 აპრილამდე და გამოხატავს მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ.

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი 26-დან 28 აპრილამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრება. ის აღნიშნავს საფრანგეთის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთოშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემით. ის ასევე მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და დაუყოვნებლივ აღდგეს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მიმოსვლა.

    ბაქოში, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგა ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს. ის აგრეთვე პატივს მიაგებს 1990 წლის 20 იანვრის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.

    ერევანში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და თავის კოლეგა ბატონ არარატ მირზოიანთან. იგი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში და ქედს მოიხრის სომეხთა გენოციდის მემორიალთან, რომლის 108 წლისთავსაც საფრანგეთი 24 აპრილს აღნიშნავს.

    თბილისში, მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური